ახალი ამბები

ვაშაძე “ვენაში ჩაბუდებულ კრიმინალებსა და მარგინალური ოპოზიციის კავშირზე” საუბრობს

საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია ევროპაში არსებულ ქართულ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფსა და ქართულ "მარგინალურ ოპოზიციას“ შორის კავშირებზე იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს ინფორმაცია გერმანულ პრესაში გამოქვეყნდებოდა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 24 ივნისს.

გერმანულმა გაზეთმა Frankfurter Rundschau-მ 22 ივნისს გამოაქვეყნა სტატია (ქართული თარგმანი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე), სადაც ავსტრიის კრიმინალური პოლიციის 66–გვერდიან ანგარიშზე დაყრდნობით, ნათქვამია რომ შარშან ქართულ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომელთა ვინაობაც სტატიაში არ არის გამხელილი, კონტაქტი ჰქონდათ ევროპაში არსებულ ქართულ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან. ეს კავშირი, გაზეთის ცნობით, ვენაში არსებული ქართული რესტორნის მფლობელის შუამავლობით ხორციელდებოდა. ამავე ინფორმაციით, ავსტრიის პოლიციამ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მიზანი იყო შარშან გაზაფხულზე და ზაფხულში მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციები საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად გამოეყენებინა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, კრიმინალური ქსელი ცდილობდა ამ მიზნის მიღწევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიც გამოეყენებინა. ანგარიშის თანახმად, ავსტრიაში მცხოვრებ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს ასევე კავშირი ქონდა ვენაში  საქართველოს საელჩოს ან საკონსულოს წარმომადგენლებთან, რომლებისგანაც ისინი ინფორმაციას იღებდნენ.

"ჩვენ [დიპლომატიურ] მისიას [ვენაში] ჰქონდა შეხვედრა [ავსტრიის] შესაბამის სტრუქტურებთან და ავსტრიის მხარემ გამოთქვა დიდი სინანული იმაზე, რომ ეს ინფორმაცია გავიდა დროზე ადრე და სასამართლომდე გაჟონა გერმანულ პრესაში,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ თავის ავსტრიელ კოლეგასთან მიხაელ შპინდელეგერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თბილისში.

”რაც შეეხება ზოგიერთ ვენაში ჩაბუდებულ კრიმინალის კავშირს ე.წ. ოპოზიციასთან, მარგინალურ ოპოზიციასთან – ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვლაპარაკობდით. ასე რომ, ამაში გასაკვირი და საოცარი არაფერია,“ – დასძინა მან.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის ამ ინფორმაციის დეტალები უცნობია, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვენაში დაბრუნებისთანავე გამოითხოვს.

გაზეთი Frankfurter Rundschau ასევე იტყობინებოდა ავსტრიის პოლიციის ანგარიშზე დაყრდნობით, რომ ავსტრიაში მდებარე რესტორნის მფლობელს მუდმივი კონტაქტი ჰქონდა იგორ გიორგაძესთანაც.

2010 წლის მარტის შუა რიცხვებში ევროპაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ კოორდინირებული ოპერაციის შედეგად ათობით პირი დააკავეს. ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და იტალიაში განხორციელებული დაპატიმრებები, Java-ს კოდური სახელით ცნობილი ერთწლიანი გამოძიების კულმინაცია იყო.

ლაშა შუშანაშვილი, რომელიც ევროპაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელად სახელდება და რომელიც ოპერაციის დროს საბერძნეთში იმყოფებოდა, დაპატიმრებას გადაურჩა. ამის მიზეზად ესპანეთის სამართალდამცველებმა ბერძენი კოლეგების მხრიდან თანამშრომლობის ნაკლებობა დაასახელეს. გაზეთი Frankfurter Rundschau იტყობინებოდა ავსტრიის პოლიციის ანგარიშზე დაყრდნობით, რომ შუშანაშვილის ქსელის მცდელობები საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებში ჩარეულიყო Java-ს ოპერაციის ფარგლებში ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლინდა.

გაზეთი Frankfurter Rundschau ასევე წერდა, რომ ავსტრიის პოლიციას კარგად ესმის, რომ ეს პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხია და ჯერ–ჯერობით გაურკვეველია გაეგზავნება თუ არა საქმეში არსებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები სასამართლოს იმ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, რომელიც პოლიციას ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ გააჩნია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button