ახალი ამბები

ნოღაიდელი და ოქრუაშვილი ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციისკენ მოუწოდებენ

ზურაბ ნოღაიდელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა და ირაკლი ოქრუაშვილმა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ოპოზიციური ძალების "კონსოლიდაციისკენ“ და "გაერთიანებისკენ“ მოუწოდეს.

ამის შესახებ საუბარია მათ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 8 ივნისს მათ შორის ევროპაში გამართული შეხვედრის შედეგად გავრცელდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომელსაც "უნდა ჰქონდეს ერთიანი სტრუქტურები“, ქვეყანას და საზოგადოებას  ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა უნდა შესთავაზოს.

“ჩვენი სახელმწიფოს ნგრევის შეჩერება და შენების დაწყება მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა,“– აცხადებენ ნოღაიდელი და ოქრუაშვილი, "მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სააკაშვილის ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის შეცვლა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიღწევა“.

აქვე აღნიშნულია, რომ 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებმა, რომელშიც ნოღაიდელმა ეროვნული საბჭოს ბლოკის ფარგლებში მიიღო მონაწილეობა, "კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი იბრძვიან მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისათვის“ და რომ "დაქსაქსულ ოპოზიციას არ შესწევს უნარი, რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს არსებულ რეჟიმს“.

“დრო კი არ ითმენს,“ – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რადგან "რეჟიმის უგუნური და უკანონო მოქმედების გამო, პარალიზებულია საქართველოს ეკონომიკა, მკვეთრად იმატა უმუშევრობისა და ემიგრაციის დონემ… გარდაუვალია ეკონომიკური კატასტროფა. აფხაზებთან და ოსებთან გაუცხოების ყოველი დღე გვაშორებს სანუკვარ მიზანს – საყოველთაო შერიგებას და საქართველოს გამთლიანებას“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button