ახალი ამბები

სააკაშვილი: დედაქალაქში გიგი უგულავა და ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებენ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ დედაქალაქში გიგი უგულავა და მმართველი პარტია გაიმარჯვებენ, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ”მანძილი ოპოზიციასთან რეალურად უფრო შემცირებული იქნება, ალბათ”. 

”როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ეჭვი არ მეპარება და ვარ დარწმუნებული ნაციონალური მოძრაობის ამ არჩევნებში გამარჯვებაში და ესეც არავის არ უნდა გაუკვირდეს,”- განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საარჩევნო უბნის დატოვებამდე ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც ბიულეტენი ჩაუშვა საარჩევნო ყუთში.

”და საერთო მინდა ვთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს მანამ არჩევნებში, სანამ ეს იქნება ნამდვილი მოძრაობა და არ გადაიზრდება უძრაობაში; სანამ ქვეყანა იქნება მოძრაობის პროცესში უკეთესობისკენ და ეს მოძრაობა არ შენელდება. პირიქით, კი არ შენელდება, არამედ კიდევ უფრო დაჩქარდება ამ არჩევნების შემდეგ. იმიტომ რომ ამ არჩევნებმა უნდა მისცეს ბევრად მეტი რწმენა ბიზნესს, ბევრად მეტი რწმენა უცხოელ ინვესტორებს, რათა ამ რთულ საერთაშორისო ბიზნეს-ვითარებაში, საქართველოში ჩაიდოს მეტი ფული, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები, ჩვენი ქვეყანა გაუმჯობესდეს და უკეთესობისკენ შეიცვალოს გარეგნულადაც და რაც მთავარია, ჩვენი ხალხის ცხოვრებით,”- განაცხადა სააკაშვილმა.

”იგივე დედაქალაქში ძალიან ბევრად შეიცვალა სიტუაცია 2007 წლის ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ, როცა მოხდა სახელმწიფო გადატრიალების ღია მცდელობის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი ზომების მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ ასევე დედაქალაქში გიგი უგულავა და ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში, თუმცა ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ყველა სოფელი და რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპაციის ჩექმის ქვეშ და იქ ხალხს არ აქვს თავის ნების თავისუფალი გამოვლენის არანაირი შანსი,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

როცა მას ოპოზიციის შანსებზე ჰკითხეს, განაცხადა, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ კონკურენტებს არ დაასახელებს და ამით ”რეკლამას” არ გაუწევს რომელიმე ოპონენტს. 

”მე არ ვამბობ, რომ არ აქვს [ოპოზიციას] გამარჯვების შანსი. მე ვამბობ, რომ არ არჩევნებში ჩემი რწმენით გაიმარჯვებს ნაციონალური მოძრაობა. იმიტომ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ აჩვენა, რომ მან შეძლო ერთიანობის პირობებში ეფექტური კურსის შეთავაზება და ერთიანი კურსის დანახვება მთელი ქვეყნისთვის,” – განაცხადა მან და განაგრძო:

”მაგრამ ამავე დროს, მე ვხედავ, რომ მანძილი ოპოზიციასთან, რეალურად უფრო შემცირებული იქნება ალბათ, იმიტომ, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა გამოიჩინა ბევრად მეტი მოწიფულობა”. 

თუმცა მან ასევე განაცხადა: ”გარდა იმ ხალხისა, ვინც ღიად უცხოური ქვეყნის პლატფორმაზე დგას და ამიტომაც ბევრ ვერაფერს ვერ მიიღებენ ამ არჩევნებში, მხოლოდ ძალიან გაბრაზებული და გამწარებული ხალხის ხმა შეიძლება; გარდა იმ ხალხისა, რომელიც ვერასოდეს ვერაფერს ვერ ისწავლის, პოლიტიკური სუბიექტების უმეტესობამ გამოიჩინა ბევრად მეტი მოწიფულობა და მე მათ ყველას ამას ვულოცავ”. 

იგი ასევე მიესალმა პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოებულ წინასაარჩევნო კამპანიების ხასიათს.

”მინდა ვთქვა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ პოლიტიკური პარტიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოიჩინა ბევრად მეტი პოლიტიკური მოწიფულობა, ბევრად მეტი იარეს ხალხში, ბევრად მეტი მოისმინეს პრობლემები და ბევრად მეტი კონკრეტულ საკითხებზე ილაპარაკეს და ზოგადად, არა რაღაც საერთო თემებზე,”- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი ასევე მიესალმა არჩევნების ”ძალიან მშვიდ” ვითარებაში მიმდინარეობას და ცესკო-ს მუშაობას.

”პირველ რიგში მიხარია, რომ ეს საარჩევნო კამპანია და არჩევნების დღე მიდის ძალიან მშვიდად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. რაღაც პატარ-პატარა [დარღვევები] ყველა ქვეყანაშია, მაგრამ ეს არის ჩემი დაკვირვებით, ყველაზე უფრო კარგად ორგანიზებული არჩევნები, რომელიც ჩაგვიტარებია საერთოდ აქამდე,”- განაცხადა მან განცხადების დასაწყისში.

”ძალიან კარგად იმუშავა, როგორც ჩანს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სრული დამოუკიდებლობის პირობებში,”- აღნიშნა სააკაშვილმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button