ახალი ამბები

კანდიდატს ჰომოფობიური განცხადებების გამო სასამართლოში უჩივლეს

სასამართლომ 25 მაისს არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) სარჩელი ოპოზიციური პარტია თავისუფლების თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის ლადო სადღობელაშვილის 30 მაისის ადგილობრივი არჩევნებიდან მოხსნის თაობაზე.

საქმე ეხება კანდიდატის მიერ Facebook-ის გვერდზე გაკეთებულ ჰომოფობიურ განცხადებებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც არჩევნების მონიტორინგს ახორციელებს, ლადო სადღობელაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ეს უკანასკნელი მთაწმინდის რაიონში იყრის კენჭს. გასულ კვირას მან Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა გზავნილები ”საქართველო სექსუალური უმცირესობების გარეშე” და ”საქართველოში აქტიური ჰომოსექსუალების დღეები დათვლილია”.

საიას განცხადებით, სადღობელაშვილმა საარჩევნო კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტი დაარღვია, რომელშიც ნათქვამია: ”საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული შუღლისა და მტრობის, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მოწოდებას”.

საიას თქმით, კანდიდატის გზავნილები Facebook-ზე ძალადობის და სიძულვილის პროპაგანდას შეიცავდა, რაც კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნით უნდა დასრულებულიყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ საიას არგუმენტები უარყო. 

”მნიშვნელობა არ აქვს როგორი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება,” – განუცხადა 24 წლის ლადო სადღობელაშვილმა ჟურნალისტებს 25 მაისს სასამართლო მოსმენის დაწყებამდე, ”ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მართლმადიდებლური ღირებულებების დაცვა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button