ახალი ამბები

ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობამ 3 544 770 შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საბოლოო მონაცემებით, 30 მაისის ადგილობრივი არჩევნებისათვის ერთიანი საარჩევნო სია 3 544 770 ამომრჩეველს მოიცავს, საიდანაც 981 505 ამომრჩეველი თბილისშია რეგისტრირებული.

დედაქალაქის ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობა 13 422-ით ნაკლებია ცესკოს მიერ აპრილში გამოქვეყნებულ სიის წინასწარ მონაცემზე (994 927), თუმცა 34 619-ით მეტია 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე თბილისში არსებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.

საბოლოო მონაცემები სიების მონიტორინგის ფარგლებში ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ იქნა მიღებული.  

ცესკოს ცნობით, ერთიან საარჩევნო სიაში 30 მაისის არჩევნებისას 125 ათას ამომრჩეველს მიეთითება სტატუსი, რომ ”იმყოფება საზღვარგარეთ” და ”იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე”, ”რაც ნიშნავს რომ საქართველოში მცხოვრები ამომრჩევლების ოდენობა 3 420 ათასია”.

ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, სიები უკეთესია, ვიდრე იყო სამი თვის წინ, რადგან მასში ”ბევრი ხარვეზი იქნა გამოსწორებული”.

თავდაპირველად, ერთიანი საარჩევნო სია, თებერვლის მონაცემებით, 3 587 425-ს შეადგენდა, ხოლო აპრილის თვის შუალედური მონაცემებით, 3 580 447 იყო.

2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 372 836 შეადგენდა, აქედან თბილისში რეგისტრირებული იყო 941 400 ამომრჩეველი.

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე კი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 472 876 იყო, საიდანაც თბილისზე 946 886 ამომრჩეველი მოდიოდა.

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ბიულეტენების რაოდენობა, რომლის ბეჭდვაც 23 მაისიდან მიმდინარეობს, ნაკლები იქნება საარჩევნო სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე. ცესკოში განმარტავენ, რომ აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ როგორც წესი, არჩევნებზე ამომრჩეველთა 100%-იანი აქტივობა არ ფიქსირდება.

სულ მთელი ქვეყნის მასშტაბით 8 მლნ-მდე ბიულეტენი იბეჭდება, მათ შორის პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნებისათვის – 3 370 200; მაჟორიტარული წესით  ჩასატარებელი არჩევნებისათვის – 3 332 300;  თბილისის მერის არჩევნებისათვის – 937 000; ხოლო პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის – 167 550.

ამასთან, ეთნიკური უმცირესობებისთვის 200 ათასზე მეტი ორენოვანი ბიულეტენი დაიბეჭდება სომხურ-ქართულ და აზერბაიჯანულ-ქართულ ენებზე, ხოლო უსინათლოთათვის ბრაილის შრიფტით 2 120 ბიულეტენის დაბეჭდვაა დაგეგმილი.

იმავდროულად, ცესკომ დაასრულა დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი. 30 მაისის არჩევნებს 36 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო ორგანიზაცია გაუწევს მონიტორინგს, რომელთა დამკვირვებლების წარდგენის პროცესი, შესაბამისად, 27 და 28 მაისს იწურება.   

This post is also available in: English Русский

Back to top button