ახალი ამბები

პუტინი მზადაა საქართველოში ’კონსტრუქციულ ძალებს’ ესაუბროს

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა 8 მაისს განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის დიალოგი აწარმოოს საქართველოში არსებულ ”კონსტრუქციულ ძალებთან”.

მან ეს განცხადება მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის მემორიალის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე გააკეთა. ეს მემორიალი ქუთაისში დეკემბერში აფეთქებული მემორიალის ანალოგიური იქნება.

ცერემონიაზე პუტინის გვერდით იდგნენ დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი, ასევე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ბორის გრიზლოვი და მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი.

”საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლები აქ არიან ამ ცერემონაიზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ერთად ვართ, რომ კულტურული, ჰუმანიტარული, სულიერი ურთიერთობები არ შეწყვეტილა,” – განაცხადა პუტინმა.

”მე მჯერა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების ახალი, კარგი გვერდი გადაიშლება. ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ დიალოგი ყველა კონსტრუქციულ ძალასთან საქართველოში, რომლებიც რუსეთთან ნამდვილი პარტნიორობისკენ ისწრაფვიან. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ამ პარტნიორობას,” – განაცხადა მან.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისში მემორიალის აფეთქება ”პოლიტიკური ვანდალიზმი” იყო; ცერემონიაზე მემორიალის აფეთქების ვიდეოჩანაწერიც გაუშვეს.

”მემორიალის აფეთქება ბარბაროსობის ყველაზე საზიზღარი მაგალითი იყო,” – განაცხადა პუტინმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button