ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის სამი კანდიდატი შეირჩა

პრეზიდენტმა პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი კანდიდატურა უკვე წარუდგინა დასამტკიცებლად, განუცხადეს Civil.ge-ს პრეზიდენტის პრესსამსახურში.

ეს კანდიდატურები არიან: მამუკა ფაჩუაშვილი, გაზეთ ”24 საათის” დამფუძნებელი რედაქტორი; მიხეილ აიდინოვი, ჟურნალისტთა ასოციაცია ”მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე; და არჩილ ბუბუტეიშვილი, “რადიოქალაქის” ტექნიკური დირექტორი, მუსიკალური რედაქტორი.

სამეურვეო საბჭოში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყოფილ წევრს, მამუკა ფაჩუაშვილს, რომელიც ხელახლაა წარდგენილი ამ თანამდებობის დასაკავებლად, უფლებამოსილების ვადა თებერვალში ამოეწურა. 

15-წევრიან სამეურვეო საბჭოში არსებული ვაკანსიის შესავსები კონკურსი 2 მარტს გამოცხადდა. 

სულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ექვსმა პრეტენდენტმა გამოთქვა, მათ შორის იყო ია მამალაძე, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე, გაზეთ "გურია ნიუსის" გამომცემელი, რომელსაც რამოდენიმე ათეული არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება უჭერდა მხარს.

This post is also available in: English Русский

Back to top button