ახალი ამბები

ვაშაძე: რუსეთმა საქართველოს იზოლაციას ვერ მიაღწია

რუსეთმა, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერ მიაღწია საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას, რასაც აშშ ”არასოდეს არ დაუშვებს” და ამის დადასტურებაა პრეზიდენტ სააკაშვილის მონაწილეობა 12-13 აპრილს, ბირთვული უსაფრთხოების ვაშინგტონის სამიტში, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.

”ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ფაქტში, რომ საქართველო მონაწილეობს ამ კონფერენციაში არის ის, რომ მიუხედავად მრავალი მცდელობისა, საქართველოს იზოლაციას ვერ მიაღწია რუსეთის ფედერაციამ,”- განაცხადა მან.

სამიტს, რომელზეც ვაშაძე თან ახლავს პრეზიდენტ სააკაშვილს, სულ 47 ქვეყნის ლიდერი და მაღალი რანგის წარმომადგენელი, მათ შორის მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი ბარაქ ობამა და მისი რუსი კოლეგა დიმიტრი მედვედევი ესწრებიან.

”ჰო გასაგები არის, რომ ჩვენ არც ბირთვული არსენალები გვაქვს, არც ატომური ენერგეტიკა ისეთი, რომ ამ შეზღუდული რაოდენობის ქვეყნების სიაში მოვხვედრილიყავით,”- აღნიშნა ვაშაძემ, ”მაგრამ მოვხვდით, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური გზავნილი, რომელიც პრეზიდენტმა ობამამ, მათ შორის 6 აპრილს დააფიქსირა პრეზიდენტ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარში”.

”შეერთებული შტატები და ეს ადმინისტრაცია არასოდეს არ დაუშვებს საქართველოს იზოლაციას,”- განაცხადა მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button