skip to content
ახალი ამბები

კობა დავითაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უჩივის საქართველოს ხელისუფლებას.

საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის შემდეგ, ე.წ. ელიავას ბაზრობიდან კობა დავითაშვილის გატაცების და მისი ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს, რომლის გამოძიების შედეგებიც დღემდე უცნობია.

19 თებერვალს გაგზავნილი საჩივარი მოამზადა არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ და მასში ნათქვამია, რომ კობა დავითაშვილის წინააღმდეგ დარღვეულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის რვა მუხლი, მათ შორის სიცოცხლის უფლება; წამება და არაადამიანური მოპყრობა; თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება; გამოხატვის თავისუფლება; შეკრების და გაერთიანების თავისუფლება; ქმედითი სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების უფლება.

ხალხის პარტიის ლიდერი ითხოვს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინოს, რომ მის წინააღმდეგ დარღვეულია ზემოთ ჩამოთვლილი მუხლები, რაც ”შემდგომში საფუძვლად უნდა დაედოს მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმის ხელახალ, სრულ და მიუკერძოებელ გამოძიებას,”- ნათქვამია ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ პრესრელიზში.

მსგავსი/Related

Back to top button