ახალი ამბები

სააკაშვილი ნატოს სამიტის შედეგებზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში, რომელიც  5 აპრილს გადაიცა, ნატოს ბუქარესტის სამიტის ”ისტორიულ” გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.


წინასწარ ჩაწერილ ინტერვიუში სააკაშვილმა დააკნინა წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მნიშვნელობა, რომლის მინიჭებაც საქართველოსთვის ალიანსმა გადადო. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამის სანაცვლოდ საქართველომ მიიღო მტკიცე გარანტია ნატოსგან, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, რაც, პრეზიდენტის თქმით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ MAP-ის მიღება.


”ბოლო 15 წლის განმავლობაში არც ერთ ქვეყანას არ მიუღია გაწევრიანების გარანტია… რა მოხდა საქართველოს შემთხვევაში? არ იყო დასამალი, რომ რამდენიმე დიდი ევროპული ქვეყანა, ძირითადად გერმანია იყო ამ ეტაპზე სკეპტიკურად განწყობილი. ისინი ამბობდნენ: მოდით არ მივცეთ MAP და სანაცვლოდ მივცეთ ”MAP მინუსი” ან სამოქმედო გეგმა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად; ერთი სიტყვით, მათ აქციეს MAP-ი დიდ პოლიტიკურ ელემენტად,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”ნატოს სამიტმა მოგვცა ნატოს წევრობის პოლიტიკური და სამართლებრივი გარანტია”. 


მან ასევე განაცხადა, რომ ნოემბრის მოვლენებს და 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ უთანხმოებას ”ნულოვანი” ზემოქმედება ჰქონდა ნატოს გადაწყვეტილებაზე გადაედო MAP-ის მინიჭების საკითხი. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი რუსეთის ფაქტორი გახდა.


სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სეპარატისტი ლიდერებისადმი გაგზავნილ წერილზეც გააკეთა კომენტარი, რომელშიც პუტინი მათ მხარდაჭერას აღუთქვამს.  


”ეს იყო გარკვეულწილად, საკმაოდ ემოციური და რაღაც გაგებით, იმპულსური რეაქცია, მაგრამ ჩვენი პასუხი უნდა იყოს ამაზე მშვიდი. რა თქმა უნდა, საქართველო ყველანაირი გართულებისთვის არის მზად…,” – განაცხადა სააკაშვილმა.   


მან ასევე განაცხადა, რომ ნატოს სამიტის დასკვით კომუნიკეში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ გამახვილდა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ითხოვა ეს.


”მინდა გითხრათ, რომ ჩვენი თხოვნით ჩაიწერა კომუნიკეში, რომ ალიანსი ელის ”სამართლიან და თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს”. ეს იყო ჩვენი წინადადება სწორედ იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდეს, რომ არის დემოკრატიული განვითარების გზაზე. კომუმიკეში ეწერა, რომ ნატო მიესალმება საქართველოში უკვე გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”თუ ვინმეს ჰქონდა ილუზიები  – საქართველოს არაკეთილმოსურნეებს – რომ თუნდაც ის შიდა კრიზისი, რომელიც წარმოიქმნდა შარშან ნოემბერში, თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი რაიმე სახით მაინც შეგვაფერხებდა ინტეგრაციის გზაზე, საერთოდ არ შესრულდა”.      


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button