ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას ამარტივებს

დღეიდან რუსეთის საკონსულო საქართველოს მოქალაქეებზე სასწავლო, სამუშაო, სატრანზიტო და ბიზნეს ვიზების გაცემას იწყებს, იტყობინება რუსეთის საელჩო საქართველოში 19 ივლისს.


”ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნაკარნახევია რუსული მხარის სურვილით წინ წაიწიოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სტაბილიზაციისკენ. ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარეც შემხვედრ, კონსტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული კლიმატის გაჯანსაღებისთვის,” – ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.  


რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ჯაშუშების სკანდალის გამო 28 სექტემბრიდან შეჩერდა, 29 მაისიდან ნაწილობრივ განაახლა.


სავიზო სანქციის გარდა, მოსკოვმა თბილისთან გასული წლის ოქტომბრიდან ყველა სახის პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყვიტა და საფოსტო კავშირზეც უარი თქვა. მანამდე კი უკვე დაწესებული იყო ემბარგო საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, ღვინოსა და მინერალურ წყლებზე. ასევე დღემდე დაკეტილია ერთადერთი ლეგალური სასაზღვრო-გამშვები პუნქტი – ზემო ლარსი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button