skip to content
ახალი ამბები

კოვალენკო: ახალი ადმინისტრაციული ერთეული კონფრონტაციას გამოიწვევს

საქართველოში რუსეთის ელჩის ვიაჩესლავ კოვალენკოს შეფასებით, სამხრეთ ოსეთში ახალი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივა ”ძალიან მნიშვნელოვანია”, თუმცა არასწორია.


”ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. არა მგონია, რომ ეს სწორი მიმართულებაა. ახალი ადმინისტრაციული სტრუქტურების შექმნის მცდელობა, როგორც მე წარმომიდგენია, არ მიგვიყვანს მშვიდობის დამყარებამდე რეგიონში და მხოლოდ კონფრონტაციის ახალ ტალღას გამოიწვევს,”- განუცხადა კოვალენკომ ჟურნალისტებს.


დღეს იგი საქართველოს პარლამენტში დაესწრო პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრას, სადაც დიპლომატები სამხრეთ ოსეთში ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ კანონპროექტს გაეცნენ.


”მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნების დედაქალაქებში ხელმძღვანელობა სწორად იყოს ინფორმირებული საქართველოს ხელისუფლების გეგმებთან დაკავშირებით…  აბსოლუტური უმრავლესობა, ერთი გამონაკლისის გარდა, თვლის, რომ სწორია საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული გზა,”- განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.


ორი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს პარლამენტი საბოლოოდ 13 აპრილს დაამტკიცებს. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button