ახალი ამბები

ნოღაიდელი: საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი გახდება

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 20 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად თურქეთს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, უშუალოდ არის ჩართული შაჰ–დენიზის გაზის მოწოდების თაობაზე მოლაპარაკებებში.


“ამ დღებში ჩვენ უკვე ვასრულებთ გაზზე მოლაპარაკებებს, რომელშიც ამ ეტაპზე პრეზიდენტიც არის უშუალოდ ჩართული. თურქეთში მოლაპარაკებების დროს ეს მთავარი საკითხია. ზუსტდება ტექნიკური დეტალები და უახლოესი პერიოდის განმავლობაში ჩვენ ამის შესახებ ვაცნობებთ საზოგადოებას“, – განაცხადა ნოღაიდელმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.


მისი თქმით, საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი გახდება.


საქართველო 2007 წლიდან გარდა შაჰ–დენიზის პროექტით გათვალისწინებული 250 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირისა, ასევე ელის, რომ თურქეთის კვოტიდან დამატებით 800 მლნ კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს, რაც მინიმუმამდე დაიყვანს საქართველოს ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე.  

13 დეკემბერს ვაშინგტონში ვიზიტის დროს ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ საქართველო “[რუსული გაზის იმპორტზე] დამოკიდებულებას 20%-მდე, ან შესაძლოა 0%-მდე შეამცირებს, რადგანაც აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები წარმატებულად მიდის”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button