ახალი ამბები

კოკოითი შსკ-ს თანათავმჯდომარეებს ცხინვალში იწვევს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი  შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეებს 17 სექტემბერს ცხინვალში იწვევს მოლაპარაკებების ირგვლივ შექმნილი სიტუაციის განსახილველად,  იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


15-16 სექტემბერს ცხინვალში შსკ–ს სხდომა ჩაიშალა, რაშიც თბილისმა და ცხინვალმა ერთმანეთი დაადანაშაულეს.


კოკოითის ინიცირებულ შეხვედრას რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეები და ასევე ეუთოს მისიის წარმომადგენლები დათანხმდნენ, თუმცა უარი თქვა ქართულმა მხარემ.


შსკ–ს ქართული მხარის თანათავმჯდომარემ მერაბ ანთაძემ კოკოითის მიწვევაზე აშშ-ში წინასწარ დაგეგმილი ვიზიტის გამო განაცხადა უარი, განუცხადეს “სივილ ჯორჯიას“ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში 16 სექტემბერს.


შსკ–ს რუსული მხარის თანათავმჯდომარე იური პოპოვი მიესალმა კოკოითის ინიციატივას და განაცხადა, რომ “ნებისმიერი დიალოგი გამართლებულია შექმნილ სიტუაციაში და გარდა წარმატებისა, ცუდს არაფერს მოიტანს“, იუწყება  “რია ნოვოსტი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button