ახალი ამბები

საზღვრის დაცვის სისტემის რეფორმის შედეგად სასაზღვრო პოლიცია შეიქმნება

დღეს გაიმართა “სასაზღვრო პოლიციის” შესახებ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია, რომლის მიღებითაც საქართველო დააკმაყოფილებს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით სასაზღვრო მიმართულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.


კანონპროექტის პრეზენტაციაზე დასასწრებად თბილისში 6–9 მაისს სპეციალურად ჩამოვიდა გერმანიის სასაზღვრო უწყების დელეგაცია ფედერალური პოლიციის (სასაზღვრო უწყების) უფროსის უდო ბურკჰოლდერის ხელმძღვანელობით.


საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, გერმანელი კოლეგები აქტიურად იყვნენ ჩართული სასაზღვრო უწყების რეფორმირების თაობაზე კანონპროექტის შექმნის პროცესში.


“სასაზღვრო პოლიციის“ შესახებ კანონპროექტის პრეზენტაციას, რომელიც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციად გარდაქმნას ითვალისწინებს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, პარლამენტარები და დიპკორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.


კანონპროექტით, რომელიც უკვე შესულია პარლამენტში განსახილველად, სასაზღვრო უწყება, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს და ამავდროულად შედის საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობაშიც, გამოვა სამხედრო ძალების შემადგენლობიდან და საქართველოს გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში მხოლოდ საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში გადავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button