ახალი ამბები

სააკაშვილი: აშშ ახალი სამშვიდობო ინიციატივების შემოთავაზებას გეგმავს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 ოქტომბერს “როიტერს“ განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს დეკემბერში ახალი სამშვიდობო ინიციატივებით გამოვიდეს, რათა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში დაეხმაროს.


მისი თქმით, ამ ახალი ინიციატივების წარდგენა მოხდება ეუთოს მინისტრთა საბჭოს ყოველწლიურ სხდომაზე, რომელიც ლიუბლიანაში (სლოვენია) 5-6 დეკემბერს არის დაგეგმილი.


“პირველად პოსტ-საბჭოთა ისტორიაში, აშშ იქნება სამშვიდობო პროცესის მონაწილე, მოლაპარაკებების მონაწილე“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“აშშ-ს როლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, არა იმიტომ, რომ მხოლოდ ამერიკელებს შეუძლიათ მისი მოგვარება … ეს ნიშნავს… ჩვენ გვყავს ვიღაც მაგიდასთან, ვისაც შეუძლია დაარწმუნოს … რუსეთი, რომ სამშვიდობო პროცესი მომგებიანია… ჩვენ ვმუშაობთ ამერიკელებთან ჩვენს სამშვიდობო გეგმაზე და ასევე რუსებთან ვმუშაობთ ჩვენს სამშვიდობო გეგმაზე“, – დასძინა სააკაშვილმა.


“ყველაზე საშიშია რომელიმე ამ სიტუაციის გაყინვა“,- განაცხადა მან, თან იქვე დასძინა, რომ საქართველოში სეპარატიზმთან დაკავშირებით არსებული უკმაყოფილება, რაც ამძაფრებს მოწოდებებს ძალისმიერი ქმედებებისკენ, გაქრება, თუ საერთაშორისო შუამავლები მიაღწევენ პროგრესს მშვიდობის თვალსაზრისით.


ინტერვიუში სააკაშვილმა კონფლიქტების მოგვარების მიზნით ევროკავშირს უფრო აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button