ახალი ამბები

ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა

ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიამ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის კონცეფციის შემუშავებაში დაეხმარა, მუშაობა უკვე დაასრულა.


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კოტე კემულარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის რეფორმის კონცეფცია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 13 ივლისს წარედგინა დასამტკიცებლად.


“ეს არის სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარებით შექმნილი სისხლის სამართლის სისტემის ქართული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს, პროკურატურის, პოლიციის, სახალხო დამცველის აპარატის, ადვოკატურის სისტემის და იურიდიული განათლების სისტემის რეფორმას“, განაცხადა 14 ივლისს კოტე კემულარიამ.


კონცეფციის მიხედვით სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ქართულ მხარეს ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის 2 ექსპერტი კვლავაც დაეხმარება.


ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის 26 ექსპერტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში 7 თვის განმავლობაში მუშაობდა. მისიის ხელმძღვანელმა სილვი პანცმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ნაცვლად თავდაპირველად გათვალისწინებული 1 წლისა, ექსპერტებმა  სამუშაოს დასრულება 7 თვეში მოახერხეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button