ახალი ამბები

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა პუტინს “რუსეთის დღე“ მიულოცეს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისადმი გაგზავნილ წერილში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ხაზი გაუსვა, რომ აფხაზი ხალხი ერთხმად უჭერს მხარს რუსეთთან ახლო ურთიერთობების დამყარებას, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი”.


წერილი რუსეთის დამოუკიდებლობის დღის მისალოცად გაიგზავნა. ამ დღეს, რომელსაც ოფიციალურად “რუსეთის დღე“ ეწოდება, აღინიშნება რუსეთის პარლამენტის 1990 წლის 12 ივნისის დეკლარაცია საბჭოთა კავშირისგან გამოყოფისა და სუვერენიტეტის გამოცხადების თაობაზე.


“ეს [ახლო] ურთიერთობები დიდ რუსეთთან წარმოადგენს ჩვენი რესპუბლიკის [აფხაზეთის] უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების გარანტიას”, ნათქვამია წერილში.


ანალოგიური მისალოცი წერილი სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმაც გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს, რომელშიც კოკოითი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხი, “რომლის დიდ უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეები წარმოადგენენ”, რუსეთს კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარ გარანტად მიიჩნევს, იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button