ახალი ამბები

ბაღაფშმა არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა






ბაღაფშს ძალაუფლების ყოფილ მეტოქესთან
გაყოფა მოუწევს. ფოტო: იტარ-ტასი
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა 12 იანვრის არჩევნებში ხმების 91%-ზე მეტი მოიპოვა.
 
სერგეი ბაღაფშის მეტოქემ, აფხაზეთის სახალხო პარტიის ლიდერმა იაკუბ ლაკობამ მხოლოდ 3 400 ხმა მიიღო. აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ 13 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 58%-ს გადააჭარბა; ამგვარად, არჩევნები შედგა.      
 
ცსკ-ს თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო კომისიას არ მიუღია რაიმე  მნიშვნელოვანი საჩივარი, რაც არჩევნების შედეგებზე გავლენას იქონიებს.  
 
თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია გალის რაიონში დაფიქსირებული დარღვევების თაობაზე.
 
რუსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგეი ბაბურინმა, რომელიც აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდა, 12 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გალის რაიონში უამრავი დარღვევა დაფიქსირდა. სერგეი ბაბურინმა, რომელიც გალის რაიონში არჩევნების მსვლელობას ესწრებოდა, დაადასტურა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის სამთავრობო დაცვის შენაერთებმა ალყა შემოარტყეს გალში საარჩევნო უბნებს და ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს. თუმცა, მან აქვე დასძინა, რომ “არსებობს ყველა წინაპირობა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისთვის”.
 
საპრეზიდენტო სავარძლის დაკავების შემდეგ სერგეი ბაღაფშს თავის ყოფილ მეტოქესთან რაულ ხაჯიმბასთან მოუწევს ძალაუფლების გაყოფა. გასული წლის დეკემბერს პრეზიდენტის პოსტზე ერთ დროს მეტოქეები ძალაუფლების გაყოფაზე შეთანხმდნენ და 12 იანვრის არჩევნებში ერთიანი გუნდით წარსდგნენ.
 
შედეგად, რაულ ხაჯიმბა ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს. მას შემდეგ, რაც ბაღაფშმა და ხაჯიმბამ ძალაუფლების გაყოფის თაობაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს.
 
თუმცა, კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედის ძალაში, თუ სერგეი ბაღაფში პრეზიდენტად იქნება არჩეული, რაულ ხაჯიმბა – კი ვიცე-პრეზიდენტად. კანონის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტი თავდაცვის და უშიშროების, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხებს გაუწევს კურირებას.
 
ვიცე-პრეზიდენტი უფლებამოსილია პრეზიდენტს წარუდგინოს კანდიდატები სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე და სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე.
 
ტელეკომპანია “რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში სერგეი ბაღაფშმა უარყო რაიმე სახის განხეთქილება მას და რაულ ხაჯიმბას შორის. თუმცა, აღნიშნა, რომ “ვიცე-პრეზიდენტი არ გააკონტროლებს თავდაცვისა და უშიშროების სტრუქტურებს, ისევე როგორც საგარეო პოლიტიკას. იგი მხოლოდ კურირებას გაუწევს ამ სფეროებს“.   
 
“აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი აკონტროლებს საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკას“, დასძინა სერგეი ბაღაფშმა.
 
მან აღნიშნა, რომ აფხაზეთი კვლავ შეეცდება ახლო ურთიერთობები დაამყაროს რუსეთთან. “ჩვენ ასევე გვექნება თანასწორუფლებიან ურთიერთობები საქართველოსთან“, დასძინა ბაღაფშმა.
 
ამავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 იანვარს საკმაოდ მკაცრი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაგმო რუსეთის აქტიური მონაწილეობა აფხაზეთის არჩევნებში და ეს ფაქტი “საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევად“  შეაფასა.
 
საქართველომ გააპროტესტა საპრეზიდენტო არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით რუსეთის ოფიციალური პირების, მათ შორის პარლამენტის ვიცე-სპიკერის სერგეი ბაბურინის ვიზიტი აფხაზეთში.
 

მსგავსი/Related

Back to top button