skip to content
ახალი ამბები

ევროკომისის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების საკითხებში საქართველოს სტუმრობს

ევროკომისის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი, 1 მაისს საქართველოში ჩამოვიდა, სადაც უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გენერალური დირექტორი კოოპმანი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ვიცე–პრემიერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და პარტნიორებს საინვესტიციო საკითხებში.

შეხვედრა პრეზიდენტთან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურმა დირექტორმა გერტ იან კოოპმანმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვიზიტი საქართველოს ევროინტეგრაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს ხორციელდება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ უდიდესი იმედი და სტიმული მისცა ქართველ ხალხს, რომელიც „დღეს საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს და ამ ურთულესი გამოწვევების დროს მას ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება“. „ნათელია, რუსეთი ყველა ხერხს იყენებს იმისათვის, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლა შეჩერდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები, რომელზეც „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა აირჩიოს საქართველოს ევროპული მომავალი“.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ევროპულ პლატფორმაზე, ერთიან სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც „შეუერთდებიან პოლიტიკური ძალები და არჩევნების შემდეგ განახორციელებენ იმ ინსტიტუციურ რეფორმებს, რაც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების დასაწყებად“.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

ხერტ იან კოოპმანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „უკიდურესად შეშფოთებულია“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-რელიზის თანახმად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება დიდი საფრთხეა საქართველოს ევროინტეგრაციისათვის და უდავოდ შეაფერხებს ამ პროცესს. მისი თქმით, ივნისის თვეში ევროკავშირი გაფართოების ახალ ეტაპზე იმსჯელებს და შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციული გახდეს და არ დააზიანოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი“.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გენერალურ დირექტორს სამეზობლო და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-რელიზის თანახმად, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ პროცესს, წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის მნიშვნელობას და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აღინიშნა, რომ ‘კანონპროექტის ერთადერთი მიზანია გამჭვირვალობა და ის არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთადერთ ვალდებულებას აკისრებს – ყოველწლიურად დაადეკლარირონ მიღებული დაფინანსება“. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით რეფორმები გაგრძელდება. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა ამ პროცესში ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან

2 მაისს ევროკომისიის გენერალური დირექტორი  პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვიულს და პარლამენტის წევრებს შეხვდა. პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე წარმატებული თანამშრომლობისთვის.

პარლამენტის პრეს-რელიზის თანახმად, მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის განხორციელება და შემდგომი თანამშრომლობა ამ კუთხით. მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმებს. „ასევე განვიხილეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევები. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ქვაკუთხედია და მისი აზრი გადამწყვეტია“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button