ახალი ამბები

შსს: „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ 1 მაისს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 63 პირია დაკავებული. მან ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა დაზიანება მიიღო შსს-ს ექვსმა თანამშრომელმა და რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

მშვიდობიანი საპროტესტო აქციები 30 აპრილს, დილის 11 საათზე, პარლამენტის შენობის უკან აქციით განახლდა. დაახლოებით 18:00 საათზე აქცია პარლამენტის წინ დაიწყო, სადაც აქციის მონაწილეებმა სცენა მოაწყვეს. აქციის პარალელურად, პარლამენტის შენობაში სხდომა იმართებოდა.

ბრიფინგზე საუბრისას, დარახველიძემ განაცხადა, რომ „აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ საკუთარი პროტესტი, თუმცა დღის ბოლოს დაახლოებით 21:00 საათზე, მას შემდეგ, რაც პლენარული სხდომა მიუახლოვდა დასასრულს, აქციის მონაწილეებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება, რაც გამოიხატა იმაში, რომ პოლიტიკური ლიდერები და აქციის მონაწილეები განთავსდნენ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე მდებარე შენობის გამოსასვლელებთან“.

მან ასევე აღნიშნა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება. „მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა, რომ არ მოეხდინათ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება და პროტესტის გამოხატვა გაეგრძელებინათ კანონით დადგენილ ფარგლებში, აქციის ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა მითითებებს… შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პოლიციამ უზრუნველყო პარლამენტის შენობის გამოსასვლელის გათავისუფლება და ადგილზე პოლიციის კორდონის განთავსება, რათა პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ“.

დარახველიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მშვიდობიანად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, „აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ თავდასხმებს პოლიციელებზე და ცდილობდნენ კორდონების გარღვევას“. „ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს. ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს“, – განაცხადა დარახველიძემ და დასძინა დაზიანებების გამო 6 პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, სათანადო გაფრთხილების შემდგომ, დაახლოებით, 22:15 საათზე, პოლიციამ თანმიმდევრულად დაიწყო „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება, კერძოდ, ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის“, – განაცხადა დარახველიძემ.

მისი თქმით, სპეციალური საშუალების გამოყენების შემდეგ, ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თუმცა, აქციის მონაწილეთა ქმედებები მალევე გადაიზარდა კვლავ ძალადობაში. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების, ასევე, ადგილზე სპეციალური ხმოვანი საშუალებით აქციის მონაწილეთა გაფრთხილების შემდგომ, დაახლოებით 23:40 საათზე, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვა სპეციალურ საშუალებებთან ერთად გამოიყენეს წყლის ჭავლი“.

დარახველიძემ განაცხადა, რომ „ძალადობრივი ქმედებები“ რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს რუსთაველის გამზირი სხვადასხვა კონსტრუქციების გამოყენებით და დააზიანეს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, პოლიტიკური ლიდერებიც მუდმივად სჩადიოდნენ ძალადობრივ ქმედებებს. „კადრებშიც კარგად ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება“, – განაცხადა დარახველიძემ.

„ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას“.

დარახველიძის თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის პარალელურად, აქციის მონაწილეებმა დაახლოებით 00:30 საათისთვის თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე გადაინაცვლეს და მიუხედავად მათი მცირე რაოდენობისა ხელოვნურად, საგნებისა და ტექნიკისა და სხვადასხვა კონსტრუქციის გამოყენებით რამდენიმე საათით ჩაკეტეს თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, კერძოდ, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა. „აქციის მონაწილეები გამოხატავდნენ აგრესიას ავტომობილების მძღოლების მიმართ, მათ ასევე დააზიანეს კერძო პირების ავტომობილები. რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 04:30 საათიდან საპოლიციო დანაყოფებმა სრულად გაათავისუფლეს რუსთაველის გამზირი და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია“, – აღნიშნა მან.

„კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ დაუშვებელია სამართალდამცველების შეურაცხყოფა, მათზე თავდასხმა და ნებისმიერი სახის ძალადობა, ყველა ასეთ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება. ასევე, დაუშვებელია საავტომობილო გზების პარალიზება. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ საავტომობილო გზებზე განზრახ შექმნან დაბრკოლებები“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button