ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოს “კანონის უზენაესობის” დამკვიდრებაში ეხმარება







ფრანგი მოსამართლე სილვი პანთსი ქართული
სამართლებრივი სისტემის წარმომადგენლებს
12 თვის მანძილზე საკუთარ გამოცდილებას
გაუზიარებს.
ევროკავშირის ინიციატივით საქართველოში “კანონის უზენაესობის” 10 კაციანმა მისიამ დაიწყო მუშაობა. ევროკავშირის ამ უპრეცედენტო მისიის მიზანია დახმარება გაუწიოს საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში რეფორმების გატარებას.  საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც ევროგაერთიანება ამ ტიპის დახმარებას გაუწევს.


ერთწლიანი მუშაობის პერიოდში მისია, რომელსაც ფრანგი მოსამართლე სილვი პანთსი ხელმძღვანელობს, ანგარიშვალდებული იქნება უშუალოდ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჰაიკი ტალვიტიესა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინატორ ხავიერ სოლანას წინაშე, რომლის აქტიური მხარდაჭერითაც მისია საქართველოში გამოიგზავნა. მისიას ასევე კონტროლს გაუწევენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები.


“ჩვენი ჩამოსვლის მიზანია დახმარება გავუწიოთ საქართველოს სამართლებრივ სისტემის დახვეწასა და რეფორმების გატარებაში, რისთვისაც ჩვენ რეკომენდაციებს გავუწევთ ქართველ მოსამართლეებს. ჩვენ ჩამოგვაქვს არა ფული, არამედ უფრო მნიშვნელოვანი – ცოდნა და გამოცდილება”, განაცხადა 22 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე სილვი პანთსმა, რომელსაც სასამართლო სისტემაში მუშაობის 20 წლიანი სტაჟი აქვს.


სილვი პანთსი და ექსპერტები ევროკავშირის 9 ქვეყნიდან იმუშავებენ შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში, უზენაესს სასამართლოში, სახალხო დამცველის ოფისსა და გენერალურ პროკურატურაში. ორი ექსპერტი კი მივლენილი იქნება საოლქო სასამართლოსა და თბილისის პროკურატურაში. მთავარი მაკოორდინირებული ფუნქცია კი იუსტიციის სამინისტროს დაეკისრება. დაგეგმილია ვიზიტები რეგიონებშიც.


ექსპერტების მოვალეობაში შედის დახმარების გაწევა სისხლის სამართლის სფეროში, რეფორმების სტრატეგიის შემუშავებაში და ახალი კანონმდებლობის დაგეგმარებაში. ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისის მართვის ცენტრის ხელმძღვანელის მაიკლ მატისენის თქმით, მთავარი ყურადღება სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე გამახვილდება. 


“ასევე დახმარებას გავუწევთ საქართველოს ხელისუფლებას სასამართლო რეფორმის და ანტიკორუფციული ღონისძიებების კოორდინირებაში“, განაცხადა სილვი პანთსმა.


მისია ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს ადამიანის უფლებების დაცვას.


აღსანიშნავია, რომ მისიის დაწყებამდე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და სადოკუმენტაციო ცენტრმა (HRIDC) 9 ივლისს ევროკავშირის უმაღლესი კომისარის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანას სახელზე ღია წერილი გააგზავნეს.


წერილში შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.


“HRIDC და FIDH შეშფოთებას გამოთქვამს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, ასევე უკანონო დაკავებათა გამო. ასეთი ფაქტები კი ძალიან ბევრია“, ნათქვამია წერილში.


“ჩვენ გავეცნობით, თუ რა ვითარებაა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში. ჩემი მუშაობის დროს მინდა შევეხო ყველა შემთხვევას სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც გავლენას ახდენს ცალკეული ადამიანების უფლებებზე. მოვინახულებთ წინასწარი დაკავების საკნებს და გავიგებთ, თუ რამდენად კანონიერად ამყოფებენ იქ ადამიანებს“, განაცხადა სილვი პანთსმა.


მისიის ხელმძღვანელის თქმით, წლის ბოლოსთვის მათ რეკომენდაციებზე დაყრდნობით ქართველ სპეციალისტებს უკვე მომზადებული უნდა ჰქონდეთ პროექტები, რომელიც საფუძვლად დაედება რეფორმების გატარებას.


“ეს იქნება პროექტები, რომელიც მოიცავს სასამართლო ადმინიტრაციის ჩამოყალიებებას, მოსამართლეთა დისციპლინის წესებს, ომბუდსმენის მუშაობას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონის შემუშავებას და ასევე მოსამართლეთა სახელფასო ანაზღაურებას“, აცხადებს სილვი პანთსი.


აღსანიშნავია, რომ ევროკავშირს  სამართალდამცავ სისტემაში დახმარების თხოვნით თავად საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა. შესაბამის უწყებებთან მისიის წარმატებული თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ შესაბამისი ბრძანებულება  – “მისიისთვის დახმარების გაწევის შესახებ” – გამოსცა.
 
მისიის წარმომადგენლები ერთხმად ადასტურებენ, რომ ამ პროგრამის დაწყება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის  ერთგვარი დადასტურებაა.


“ევროკავშირი მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს რეფორმების გატარებაში და მთავრობის ყოველ ასეთ თხოვნაზე სწრაფი რეაგირება მოახდინოს. ამ მისიის დაწყება მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვისაც“, აცხადებენ თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
 
მისიის ხელმძღვანელი სილვი პანთსი, რომელიც თავს საქართველოსა და ევროკავშირის დამაკავშირებელ “ხიდად” თვლის, 9 ექსპერტთან ერთად მუშაობას უკვე შეუდგა. პირველი ორი თვე მისია საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში არსებული ვითარების გაცნობით დაკავდებიან.  

მსგავსი/Related

Back to top button