ახალი ამბები

ევროკომისიის გენერალური დირექტორი: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი სერიოზულ დაბრკოლებებს შეუქმნის ევროკავშირში ინტეგრაციას

ევროკომისის გენერალურმა დირექტორმა სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანმა 2 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი „მიუღებელია და ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს შექმნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“.

გენერალურმა დირექტორმა კოოპმანმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე გააკეთა კომენტარი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის „ნამდვილად შემაშფოთებელია“. მან დაგმო ძალადობა თბილისის ქუჩებში და განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ხელი შეეშლება საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ „ცხრა ნაბიჯზე პროგრესი ჯერჯერობით მცირეა და ეს არ არის კარგი, თუმცა ჯერ კიდევ არის დრო“. მისი თქმით, სანამ სექტემბერში რეკომენდაციები, ხოლო ოქტომბერში გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება, „ბურთი [საქართველოს] ხელისუფლების მოედანზეა“, რათა იმუშაოს ამ აუცილებელი რეფორმების განხორციელებაზე.

„ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, კომისია აქ იმისთვისაა, რომ კანდიდატ ქვეყნებთან იმუშაოს. მე აღმოვაჩინე გარკვეული ღიაობა ამის გასაგრძელებლად. ვიცი, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირთან დაახლოება და მჯერა, რომ მთავრობასაც უნდა ეს, მე ამასაც ვგრძნობ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ იმედოვნებს, რომ არსებული „ძალიან რთული ვითარება“ მოგვარდება. მან ასევე აღნიშნა, რომ „საბოლოოდ, საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯი წინ“.

კოოპმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის სრულად მიღებამდე დარჩენილი დრო „კანონის შინაარსის განხილვისთვის“ უნდა იქნას გამოყენებული და დასძინა, რომ კანონი არსებული ფორმით „აშკარად მიუღებელია ჩვენთვის, ის არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს“. მისი თქმით, გამჭვირვალობა კარგია. „ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ეს კანონი არ მიიღება არსებული ფორმით და შესაძლოა მისი შემდგომი განვითარება“.

კითხვაზე, რა განსხვავებაა ქართულ კანონპროექტსა და ევროკავშირში შემოთავაზებულ კანონპროექტს შორის, კოოპმანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი „ძალიან განსხვავებული ტიპის კანონია… კანონი არ გულისხმობს საზოგადოებაში კონკრეტული აქტორების იდენტიფიცირებას, მათ მიზანში ამოღებას და, რა თქმა უნდა, უცხოური წყაროების ინტერესების გამტარებლებად არ მოიხსენიებს მათ, როდესაც ისინი დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ. ასე რომ, ის სრულიად განსხვავებულია“.

მიმდინარე საპროტესტო აქციების კომენტირებისას კოოპმანმა ხაზი გაუსვა, რომ „ვფიქრობ, ნათელია, რომ ქუჩაში ამდენი ხალხის დანახვა საზოგადოებაში სტრესის აშკარა ნიშანია. ძალადობა ყოველთვის ცუდი რამ არის, ამიტომ ჩვენ შეშფოთებული ვართ ამით“. ამასთან, მან აღნიშნა, რომ „თბილისში ზოგადად ძალიან დაძაბული კლიმატია, არის ესკალაცია და პოლარიზაცია და მოვუწოდებ ყველას, რომ ტემპერატურას დაუწიონ, ეს ძალიან არაჯანსაღია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button