
გაეროს უმაღლესი კომისარი აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების ინფორმაციით შეშფოთებულია
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა 2 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც შეშფოთება გამოხატა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების დროს სამართალდამცველების მიერ მოქალაქეებისა და მედიის მუშაკების წინააღმდეგ არასაჭირო და არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე და მოუწოდა ხელისუფლებას, რომ გამოიძიოს არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები და უკან გაიწვიოს სადავო კანონპროექტი.
უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ სრულად უნდა სცეს პატივი და დაიცვას საქართველოს მოქალაქეების უფლება გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების მიმართ. „ამ უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ეფუძნებოდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს“, – ხაზს უსვამს უმაღლესი კომისარი და დასძენს, რომ „ძალის გამოყენება საპროტესტო აქციების დროს ყოველთვის უნდა იყოს გამონაკლისი და უკიდურესი ზომა, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს უშუალო საფრთხის პირისპირ“.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „სწრაფი და გამჭვირვალე“ გამოძიება აწარმოოს საპროტესტო აქციების დროს, მის შემდეგ, ან დაკავების დროს არასათანადო მოპყრობის ყველა შემთხვევის თაობაზე. „ყველა, ვინც თვითნებურად დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენების გამო, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, – ხაზს უსვამს ვოლკერ თურქი და დასძენს, რომ მათ ყველა ბრალდება უნდა მოეხსნათ.
გაეროს უმაღლესი კომისარი ასევე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, მშვიდობიანი გზით გამოიყენონ თავიანთი უფლებები და არ მიმართონ ძალადობას.
უმაღლესი კომისარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი და ჩაერთოს დიალოგში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედია საშუალებებთან. „უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ‘უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად’ მოხსენიება სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English Русский