ახალი ამბები

მოლაპარაკებების მეორე დღე: მხარეები კონკრეტულ წინადადებებს განიხილავენ







გოგა ხაინდრავა (მარცხნივ) და ბორის ჩოჩიევი
(შუაში) მოსკოვის მოლაპარაკებებზე.
სააგენტო იტარ–ტასის ფოტო.

15 ივლისს მოსკოვში ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა განახლდება. მოლაპარაკებები, რომელშიც საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის მხარეები იღებენ მონაწილეობას 14 ივლისს გვიან საღამოს მას შემდეგ შეწყდა, რაც მხარეებმა ერთმანეთს კონკრეტული პირობები წაუყენეს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ მოლაპარაკებები შეგვეჩერებინა, რადგან საჭიროა გარკვეული კონსულტაციები გავიაროთ ჩვენ მთავრობებთან“, განუცხადა ჟურნალისტებს შსკ–ში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა 14 ივლისს.

მოლაპარაკებებზე ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელმა თეიმურაზ კუსოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “მოლაპარაკებები კონსტრუქციულად მიმდინარეობს.“

14 ივლისს გამოიკვეთა ის კოკრეტული წინადადებები, რომლის თაობაზე მსჯელობა უკვე დღეს გაგრძელდება.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გოგა ხაინდრავა, რომელიც შსკ–ში ქართულ მხარეს წარმოადგენს, აცხადებდა, რომ თბილისი მოითხოვს კონფლიქტის ზონის “დემილიტარიზაციისა და როკის გვირაბის გაკონტროლებას.“

თბილისის მტკიცებით, როკის გვირაბის გავლით ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან კონტრაბანდული ტვირთი და იარაღი შედის. “როკის გვირაბის გაკონტროლება ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის“, განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ ერთხელ უკვე შესთავაზა რუსეთს როკის გვირაბთან ერთობლივი საკონტროლო გამშვები პუნქტის შექმნა, თუმცა მოსკოვმა ეს შეთავაზება პასუხის გარეშე დატოვა, ცხინვალის არაღიარებული ხელისუფლება კი კატეგორიული უარით შეხვდა.

რაც შეეხება კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას, ქართული მხარე კატეგორიულად მოითხოვს ჯავის რაიონიდან ბოლო დღეების განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან და აფხაზეთიდან შესული შეიარაღებული მოხალისეების გაყვანას.

“ჩვენ ვერ შევეგუებით ამ შეიარაღბული რაზმებისა და ჯავშანტექნიკის ყოფნას კონფლიქტის ზონაში“, აცხადებს გოგა ხაინდრავა.

შეიარაღებასთან დაკავშირებით პრეტენზიები ქართული მხარის მიმართ ცხინვალსაც და მოსკოვსაც გააჩნიათ. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის ზონაში 3,000–მდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული, რაც გაცილებით აღემატება იმ ქვოტას, რომელიც სამშვიდობო ძალების შესახებ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. შეთანხმების თანახმად თითოეულ მხარეს – ოსურს, ქართულსა და რუსულს – კონფლიქტის ზონაში 500 სამშვიდობოზე მეტი არ უნდა ჰყავდეს.

მოსკოვი და ცხინვალი ასევე მოითხოვს თბილისისგან გააუქმოს ის 16 დამატებით ბლოკპოსტი, რომელიც კონფლიქტის ზონაში ივნისში გაიხსნა.

პრეზიდენტი სააკაშვილიმა, რომელიც დიდ ბრიტანეთიდან 14 ივლისს გვიან ღამით დაბრუნდა, ჯერ კიდევ ლონდონში ყოფნისას განაცხადა, რომ მას იმედი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „პრაგმატიზმისა”. თუმცა აქვე, კიდევ ერთხელ დაადანაშაულა “გარკვეული იმპერიალისტური ძალები რუსეთში“ ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირებაში.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ 14 ივლისს განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების “გასაღები მოსკოვის ხელშია”, და აქვე დასძინა, “სწორედ ამიტომ ვართ ახლა ჩვენ მოსკოვში“.


თავად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ უარყოფს, რომ მისთვის “სულ ერთი არ არის საკუთარი მოქალაქეების ბედი, რომლებიც სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ.“

მსგავსი/Related

Back to top button