ახალი ამბები

საქართველო ერაყში ორჯერ მეტ ჯარისკაცს აგზავნის







ქართველი ჯარისკაცები ერაყში გამგზავრების
წინ.
საქართველოს მე-16 სამთო ბატალიონის სამხედროების ერაყში გამგზავრება კოალიციის ჯარებსა და ადგილობრივ მეამბოხეებს შორის დაწყებულ შეტაკებებს დაემთხვა. ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში მომზადებული 159 ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი ერაყში 7 აპრილს გაემგზავრა და იქ ექვსი თვის განმავლობაში დარჩება. 

„ისინი უკვე ჩავიდნენ ბაღდადში, ხოლო შემდეგ ერაყის ორ ქალაქში – ტიკრიტსა და ბაიჯიში განლაგდებიან. თუმცა, მათი ზუსტი განლაგება ერაყში სავარაუდოდ სამშაბათისთვის გახდება ცნობილი,“ – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლმა ირაკლი ჩიქოვანმა 10 აპრილს. მისი თქმით, ქართულ ჯარებს საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობა ჯერ არ მიუღიათ.
 
ქართულ შენაერთს მაისისთვის დაახლოებით 55 სამხედრო, მათ შორის გამნაღველები და ექიმები შეუერთდებიან.
 
ჯარების გაგზავნას არანაირი წინააღმდეგობა არ მოყოლია საქართველოში. ხელისუფლების განცხადებით, საქართველო შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და საკუთარ წვლილს შეიტანს ერაყში წარმოებულ კამპანიაში.
 
„ჩვენ უნდა ვიამაყოთ. ქართველი ჯარისკაცები მაშინ მიემგზავრებიან ერაყში, როცა იქ სიტუაცია საკმაოდ გამწვავდა. მაგრამ, ვიკისრეთ ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბნჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა 7 აპრილს ალექსეევკას სამხედრო აეროპორტში ქართველ სამხედროების გაცილების  ცერემონიაზე.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს რუსულ გაზეთ „ვრემია ნოვოსტეი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ჯარების გაგზავნა აშშ-ის მიმართ სოლიდარობის ნიშნად ხდება. ეს ქვაყანა ჩვენ მაშინ დაგვეხმარა, როცა ძალიან გვიჭირდა. ეს არის, თუ გნებავთ, ქართული ხასიათის გამოხატულება: ამერიკელებს ძალიან უჭირთ ამჟამად ერაყში და ჩვენ მათ გვერდით უნდა ვიყოთ“.
 
მან ასევე დასძინა, რომ „საქართველოს სჭირდება არმია, რომელიც მხოლოდ აღლუმებისთვის არ იქნება კარგად მომზადებული. არმიამ გამოცდილება რთულ სიტუაციებში უნდა მიიღოს“.
 
70 გამნაღველისა და ექიმისგან შემდგარი ქართული შენაერთი ერაყიდან მარტში დაბრუნდა. პირველი ქართული შენაერთი ერაყში ექვსი თვის განმავლობაში ქალაქ ტიკრიტში იმყოფებოდა. შარშან აგვისტოში ოთხი ქართველი სამხედრო დაიჭრა ტიკრიტში განაღმვითი ოპერაციის დროს. ერთ-ერთმა მათგანმა მკურნალობა აშშ-ში გაიარა. 
 
„მისია, რომელიც თქვენ დღეს გაკისრიათ, ადვილი არ არის, მაგრამ თქვენ კარგად ხართ მომზადებული, რათა გაუმკლავდეთ ყველა იმ სირთულეებს რაც წინ გელით. თქვენ საუკეთესოდ მომზადებული და აღჭურვილი სამხედროები ხართ, რომელიც საქართველოს ყოლია დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა ალექსეევკაში.
 
მე-16 სამთო ბატალიონის სამხედროები  აშშ-ს სამხედრო ძალებთან ერთად განახორციელებენ ბაზის ტერიტორიის დაცვას, ბაზის გამშვებ-პუნქტზე მორიგეობას, ბაზის გარეთ არსებული კოალიციური ძალების ობიექტების დაცვას. მოეწყობა ასევე რეიდებს.


„თუმცა, გამორიხცული არ არის, რომ მათი მოვალეობები შესაძლოა შეიცვალოს. ყველაფერი ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი,“ – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა.
 
„ჩვენ კარგად ვართ მომზადებულნი და ყველანაირად მზად ვართ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. ერთადერთი, რაც მაწუხებს, ის არის, რომ მომდევნო ექვსი თვის მანძილზე ჩემს ოჯახს ვეღარ ვნახავ“, – განუცხადა კაპრალმა ზაურ დემეტრაშვილმა „სივილ ჯორჯიას“ გამგზავრებამდე.
 
ბევრი სამხედრო აღიარებს, რომ მაღალი ანაზღაურება აძლევს მათ სტიმულს გაემგზავრნენ საბრძოლო ოპერაციების შუაგულში.
 
„რა თქმა უნდა, ანაზღაურება კარგი სტუმულია. მე 600 დოლარს გადამიხდიან ყოველთვიურად, გარდა იმ ხელფასისა, რასაც „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში ვიღებ [200 აშშ დოლარი]. არა მგონია ერაყში ამ ფულის დახარჯვის შანსი მომეცეს. ასე რომ, კარგი შანსი მაქვს ფულის მოსაგროვებლად“, – განაცხადა კაპრალმა ზაურ დემეტრაშვილმა.
 
ამერიკული მხარე უზრუნველყოფს ტრანსპორტირების, კვებისა და სხვა ტექნიკური საკითხების მოგვარებას, ხოლო ქართული მხარე სამხედროების ხელფასების გაცემაზეა პასუხისმგებელი, რომელიც 600-1,500 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.

მსგავსი/Related

Back to top button