ახალი ამბები

„აღორძინება“ 7% ბარიერს მიუახლოვდა







ჭიაბერაშვილის თქმით აჭარის ერთ-ერთ ოლქში
არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ დგება.
ხმების 85% დათვლის შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ასლან აბაშიძის „აღორძინების კავშირი“ 7%-იან ზღვარს მიუახლოვდა და ხმათა 6,96% დააგროვა.

7% ბარიერს კი კვლავაც ორი პარტია ლახავს – „ნაციონალურ მოძრაობა-დემოკრატები“ – 65,96% და „მემარჯვენე ოპოზიციას – მრეწველები-ახლები“ – 7,42%.

აღსანიშნავია, რომ „აღორძინების კავშირმა“ მეშვიდედან მესამე ადგილზე გადმოინაცვლა, მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 მარტს გვიან ღამით აჭარიდან არჩევნების შედეგები მიიღო.  ხოლო 30 მარტს ერთი პერიოდი მეორე ადგილზეც კი იმყოფებოდა.

„დღის პირველ ნახევარში „აღორძინებას“ 8%-ზე მეტი ჰქონდა. ეს აჭარიდან მიღებული ხმების ხარჯზე მოხდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემოვიდა არჩევნების შედეგები სხვა რეგიონებიდანაც, „აღორძინების“ პროცენტული მაჩვენებელი დაეცა,“ განაცხადა 30 მარტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
 
„ჩვენ მოწმენი გავხდით იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ რეგიონს მთლიანად შეცვალოს არჩევნების შედეგები“, – დასძინა ჭიაბერაშვილმა.
 
ლეიბორისტულმა პარტია, რომელიც ცსკ-ის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავს არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მისი მასობრივი გაყალბების გამო, ხმების 5,96% მიიღო; პოლიტიკურმა მოძრაობა „თავისუფლებამ“ – 4,51%; ედპ-ტრადიციონალისტებმა – 2,52%; ერთობამ – 2,27%.
 
„ეს შედეგები შეიცვლება, რადგანაც ხმები ჯერ კიდევ დასათვლელია“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისი თქმით, კომისიაში 1,5 მილიონი ხმიდან 1,280,000-ზე მეტი ხმაა შემოსული.


ამას ემატება ის ფაქტიც, რომ აჭარის ერთ-ერთი საარჩევნო ოლქის შედეგები საკამათოა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხულოს საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებზე ბევრი დარღვევა დაფიქსირდა. „არ გამოვრიცხავ, რომ ამ ოლქის შედეგები გაუქმდეს“, – დასძინა მან.


ამასთან, ხულოს საარჩევნო ოლქის შედეგების გაუქმებამ შესაძლოა „აღორძინების“ მიერ 7% ბარიერის გადალახვის შანსები კიდევ უფრო შეამციროს.


ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტის დამკვირვებლებმა შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენელთა და ჟურნალისტების დაშინებამ და შეურაცხყოფამ აჭარაში გარკვეული ჩრდილი მიაყენა საარჩევნო პროცესს ქვეყნის მასშტაბით.


თუმცა, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 მარტს განაცხადა, „აჭარაში არჩევნების ტოტალური გაყალბება პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვეღარ მოხერხდა“. 
 
“იყო სერიოზული გაყალბებები, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაინც ვერ შეძლო არჩევნების მასიური გაყალბება, რაც მოსახლეობის აქტიურობამ, საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ბათუმში პრემიერ-მინისტრის ყოფნამ განაპირობა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button