ახალი ამბები

სააკაშვილი არჩევნებით კმაყოფილია

პრეზიდენტი აბაშიძეს კვლავ აფრთხილებს








სააკაშვილი: არჩევნები სამართლიანად ჩატარდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის პარტიამაც 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, განაცხადა, რომ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და თავისუფალი იყო ბოლო ათი წლის განმავლობაში.

მან კიდევ ერთხელ გააფრთხილა აჭარის ლიდერი, რომ თბილისი აღარ შეეგუებოდა ფეოდალების არსებობას რეგიონებში. სააკაშვილის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მისმა პარტიამ „ორჯერ მეტი ხმები მიიღო ავტონომიურ რესპუბლიკაში“, ვიდრე აბაშიძის მხარდამჭერმა „აღორძინების კავშირმა“.

„ეგზით პოლის“ შედეგების თანახმად, „ნაციონალურმა მოძრაობამ – დემოკრატებმა“ ხმების 78,6% მოიპოვეს, ხოლო სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს 7%-იანი ბარიერის გადალახვა პარლამენტში შესასვლელად.

თუ „ეგზით პოლის“ შედეგები სწორი გამოდგა, მმართველი პარტია 235-კაციან პარლამენტში 150 მანდატს მოიპოვებს. 75 ადგილი უკვე ეკუთვნით მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებიც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს აირჩიეს. დარჩენილი 10 ადგილი კი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკუთვნით.

„ეგზით პოლის“ შედეგებით, „მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლებმა“ ხმების დაახლოებით 5% მიიღეს; ლეიბორისტული პარტია – 4,4%; დემოკრატიული აღორძინების კავშირი – 3,7%; თავისუფლება – 3,6%; ბლოკი „პატიაშვილი – ერთობა“ – 1,6%; ბლოკი „ედპ-ტრადიციონალისტები“ – 1,4% და სოციალისტური პარტია – 0,5%.


თუმცა, ამომრჩეველთა 20%-მა უარი უთხრა „ეგზით პოლის“  წარმომადგენლებს დაეფიქსირებინა თუ ვის მისცა ხმა. ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ ოფიციალურ შედეგებს 29 მარტს გამოაქვეყნებს. დამკვირვებელთა თქმით, ოფიციალური შედეგები არაოფიციალურიგან მნიშვნელოვნად განსხვავებული არ იქნება.


არჩევნების დამთავრებისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და სინანული გამოხატა ოპოზიციური პარტიების წარუმატებლობის გამო.


„მაგრამ ეს მთავრობის ბრალი არ არის. პირველად საქართველოში არ დაფიქსირებულა ძალადობის არც ერთი შემთხვევა ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიის დროს. რა თქმა უნდა, აჭარა არ მაქვს მხედველობაში. ეს საქართველოში ყველაზე დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები იყო ბოლო ათი წლის განმავლობაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მან უარყო ვარაუდები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი ეყოლებოდა ოპოზიციის გარეშე. მისი განცხადებით, „საუბარი ერთპარტიული პარლამენტის თაობაზე უსაფუძვლოა“.


„ნუ დაგავიწყდებათ, რომ 75 მაჟორიტარი დეპუტატი უკვე არჩეული გვყავს. ჩემი გამოანგარიშებით 45 მათგანი ოპოზიციური პარტიების ან შევარდნაძის მხარდამჭერი პარტიების წარმომადგენელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


„მეორე მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ მმართველი პარტია თავად წარმოადგენს რამდენიმე პარტიის კოალიციას [სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“, პრემიერ ჟვანიას „დემოკრატები“, „რესპუბლიკური პარტია“ და პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერები]. და იმის მოწმეც გავხდით რამდენჯემე, რომ მათ შორის გარკვეულ შეუთანხმებლობას ჰქონდა ადგილი“, – დასძინა პრეზიდენტმა.


მისი განცხადებით, ხელისუფლება მზად არის ითანამშრომლოს ოპოზიციურ პარტიებთან არჩევნების დროს დარღვევების შემთხვევების გამოვლენის მიზნით. „ჩვენ სასამართლოს მივმართავთ და მოვითხოვთ იმ საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმებას, სადაც არჩევნების გაყალბებას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა პარტიამ არჩევნები აჭარაშიც დიდი უპირატესობით მოიგო.


„ეს პირველად მოხდა, როდესაც ადგილობრივმა მმართველმა პარტიამ [აღორძინების კავშირი] ნაკლები ხმები მიიღო, ვიდრე სხვა პარტიამ“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე მოუწოდა აჭარის ხელისუფლებას განაიარაღოს ადგილობრივი უკანონო სამხედრო დაჯგუფებები და დაემორჩილოს ცენტრალური ხელისუფლების ბრძანებებს.


„მათ ორი ვარიანტი აქვთ – ან თვითონ ჩააბარონ იარაღი, ან მე განვაიარაღებ მათ. მეორე ვარიანტი ძალიან მტკივნეული იქნება მათთვის“, – დასძინა მან.


„ჩვენ არ შევეგუებით ფეოდალურ რეჟიმს საქართველოს რეგიონში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.









აბაშიძე: მე მშვიდობა მივეცი ხმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა 28 მარტს განაცხადა, რომ დაშინების რამოდენიმე ფაქტმა ხელი შეუშალა აჭარაში არჩევნების ჩატარებას, თუმცა პრემიერ მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, რომელიც აჭარაში არჩევნების მსვლელობას აკონტროლებდა, განაცხადა, რომ რეგიონში რაიმე სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა.


ადგილობრივმა დამკვირვებლებმა ასევე გააკეთეს განცხადება აჭარაში და საქართველოს სხვა რეგიონებში გარკვეული დარღვევების თაობაზე. ეუთოსა და ევროპის საბჭოს საერთაშორისო დამკვირვებლები თავიანთ წინასწარ შეფასებას არჩევნების თაობაზე 29 მარტს გამოაქვეყნებენ.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაცხადა არჩევნები ჩატარებულად, რადგანაც 2,2 მილიონი ამომრჩევლიდან 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით 1,5 მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო.   

მსგავსი/Related

Back to top button