ახალი ამბები

შევარდნაძის სიძე წინასწარ პატიმრობაში

სააკაშვილი ბიზნესმენებს ამინისტრიას პირდება








შევარდნაძის ოჯახი ახალ ხელისუფლებას
პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.
22 თებერვალს სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სიძეს გია ჯოხთაბერიძე სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გენპროკურატურა კომპანია „მაგთიკომის“ თანამფლობელს დაახლოებით 700,000 ლარის ოდენობის გადასახადების დაფარვაში ადანაშაულებს.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონის სასამართლოს შენობის წინ დღეს მთელი დღე კომპანია „მაგთიკომის“ თანამშრომლები, ასევე პრეზიდენტ შევარდნაძის ოჯახის წევრები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის შვილები პაატა და მანანა (ჯოხთაბერიძის მეუღლე) საპროტესტო აქციას მართავდენენ და ჯოხთაბერიძის განთავისუფლებას მოითხოვდნენ.

„ეს წმინდა პოლიტიკური დევნაა და მეტი არაფერი“ – განაცხადა პაატა შევარდნაძემ.

„ეს ხომ სასამართლო არ ყოფილა. ყველაფერი წინასწარ იყო ცნობილი. ეს უკანონოა“ – ამბობდა მანანა შევარდნაძე.

გია ჯოხთაბერიძე 20 თებერვალს დილით თბილისის აეროპორტში დააკავეს, როდესაც იგი პარიზში გამგზავრებას აპირებდა.

გია ჯოხთაბერიძემ, ისევე როგორც Metromedia International Group-მა, რომელიც ასევე ფლობს „მაგთიკომის“ აქციების ნაწილს, უარყო ბრალდებები სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე.
 
დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 19 თებერვალს გია ჯოხთაბერიძემ პრესკონფერენცია მოიწვია და პროტესტი გამოხატა „მთავრობის მიერ ბიზნესმენებზე განხორციელებული ზეწოლის“ გამო.

თუმცა, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა ხელისუფლების მიზანია, „გაწმინდოს ბიზნესი კორუმპირებული ბიზნესმენებისგან.“

სააკაშვილი ბიზესმენებს პირობას აძლევს, რომ თუ 1 აპრილამდე ობიექტურად შეავსებენ დეკლარაციას და სრულად დააფიქსირებენ საკუთარ ქონებას, ასევე გადაიხდიან აქამდე დამალულ გადასახადებს, არ აღიძვრება მათზე სისხლისამართლის საქმე და ისინი გათავისუფლებიან პასუხისმგებლობისგან.

“ვინც დეკლარაციას ობიექტურად შეავსებს, ჩემს საპრეზიდენტო სიტყვას ვაძლევ, რომ გათავისუფლებიან ყველა სახის პასუხისმგებლობისგან. მე ამის პირობას ვიძლევი” – განაცხადა 20 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, იგი თავად გაუწევს კონტროლს და იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ რომელიმე ბიზნესმენზე უკანონო სანქციის გაცემა, მკაცრ ზომებს გაატარებს თითოეული სამართალდამცავი ორგანოს მიმართ.

თუმცა ეს პირობა არ შეეხება იმ პირებს, რომელთა წინააღმდეგ პროკურატურა უკვე აწარმოებს საქმეს. მათ შორის არც გიო ჯოხთაბერიძეს.
 
მანანა შევარდნაძემ მეუღლის დაკავების შემდეგ პრესკონფერენცია მოიწვია და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „გარკვეული პოლიტიკური ძალა, ყველამ იცის ვისაც ვგულისხმობ, პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს ჩვენს ოჯახზე“.
 
მან არ გამორიცხა, რომ მისმა ოჯახმა შესაძლოა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს. „ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს“.  
 
მანანამ შევარდნაძემ უარყო, რომ მისი ქმარი გაქცევას აპირებდა. „იგი საქმიანი ვიზიტით მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ. გენერალური პროკურატურისგან არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა იმის თაობაზე, რომ მას ქვეყანა არ დაეტოვებინა. ეს ტყუილია. მას რომ ნდომებოდა გამოძიებისგან თავის დაღწევა, ამის სხვა გზას იპოვიდა“, – დასძინა მან.

„მაგთიკომი“ ქართულ-ამერიკული ერთობლივი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში მუშაობა 1997 წელს დაიწყო. კომპანია დააფუძნა შპს „მაგთიმ“, რომლის მფლობელიც გია ჯოხთაბეიძე იყო, და Telcell Wireless of America, რომლის მფლობელიცაა Metromedia International Group. კომპანიას საქართველოს მასშტაბით 350,000 აბონენტი ჰყავს.
 
მარკ ჰაუფმა, Metromedia International Group-ის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ, იანვრის ბოლოს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „კომპანიას ბიუჯეტის მიმართ დავალიანება არ გააჩნია. კომპანიას ბიუჯეტში 140 მილიონი ლარი აქვს გადახდილი.“ 
 
20 თებერვლის დაპატიმრებით გაგრძელდა გახმაურებულ დაკავებათა სერია, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ კორუფციის ბრძოლის სახელით წამოიწყო. ანტი-კორუფციული პოლიტიკის მსხვერპლნი უკვე გახდნენ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი, ასევე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. 
 
თუმცა, ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, პრეზიდენტ შევარდნაძეს მსგავსი რამ არ ემუქრება.
 
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა პრესისათვის განცხადება გამოაქვეყნა, რომელში უარყოფს იმ ვარაუდებს, თითქოს ახალი ხელისულფება ედუარდ შევარდნაძის დაპატიმრებას გეგმავს.

მთავრობა პარლამენტს სთხოვს  უმოკლეს ვადაში მიიღოს კანონი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს იმუნიტეტით უზრუნველყოფს.

მსგავსი/Related

Back to top button