ახალი ამბები

სააკაშვილი „ვაჰაბიზმის საფრთხის“ გამო შეშფოთებას გამოთქვამს







პანკისში შვიდი მეჩეთია, მათ შორის ყველაზე
დიდი სოფელ დუისშია.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 18 თებერვალს პანკისის ხეობაში ვაჰაბისტების არსებობისა და მათ მიერ „ფუნდამენტალისტური ისლამის გავრცელების“ თაობაზე შეშფოთება გამოთქვა.
 
სააკაშვილის განცხადებას წინ უძღოდა, მისი ვიზიტი მოსკოვში, რომელსაც ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის მეგობრული რიტორიკა ახლდა თან.  
 
პანკისის ხეობა 2000-2002 წლებში ჩეჩენი მებრძოლებისა და უცხოელი დაქირავებული მეომრების თავშესაფრად იქცა. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, 2002-2003 წლებში განხორციელებული ანტი-კრიმინალური ოპერაციის შედეგად ხეობა კრიმინალებისგან და ჩეჩენი მეომრებისგან გაიწმინდა.
 
„საქართველოში ვაჰაბისტული იდეოლოგიის გავრცელება დაუშვებელია და ჩვენ უმკაცრეს ზომებს მივიღებთ მათ წინააღმდეგ. საქართველო სეკულარული ქვეყანაა, ჩვენ არ გვიჩუქნია პანკისი ვაჰაბისტებისთვის“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 18 თებერვალს უშიშროების სამინისტროში ახალი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის წარდგების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
 
პოლიტიკური მიმომხილველები სააკაშვილის განცხადებებს რუსეთთან მიმართებაში საქართველოს შემრიგებლური პოზიციის გაგრძელებად აფასებენ, რომელიც მისი მოსკოვში ვიზიტით დაიწყო.
 
პირველად პანკისში ვაჰაბისტური სკოლების არსებობის შესახებ განცხადება საქართველოს უშიშროების სამინისტრომ შარშან გააკეთა. „პანკისში არიან ბავშვები, რომლებიც არაბულად უკეთესად ლაპარაკობენ, ვიდრე ქართულად“, – განუცხადა უშიშროების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა „სივილ ჯორჯიას“.
 
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობაში ვაჰაბისტური სკოლები გაიხსნა, სადაც ვაჰაბიზმის პროპაგანდას ეწევიან.
 
თუმცა, იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ მისი განცხადებები ვაჰაბიზმის თაობაზე არ უნდა იქნას მიჩნეული, როგორც თავდასხმა რელიგიურ უმცირესობებზე.
 
„ჩვენ მხარს ვუჭერთ რელიგიის თავისუფლებას, მაგრამ ვაჰაბიზმი რელიგია არ არის. ის ძალადობის პროპაგანდაა, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება“ – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პანკისის ხეობაში გაზაფხულის დადგომასთან ერთად  არ გამორიცხა შეიარაღებული დაჯგუფებების გადმოსვლა.
 
„ნებისმიერი შეიარაღებული პირი, რომელიც გადმოკვეთავს საქართველოს საზღვარს, პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს თითოეული ქართველი მოქალაქისთვის“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.
 
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ იმ ლტოლვილებს, რომლებმაც პანკისში იპოვეს თავშესაფარი, ნამდვილად სჭირდებათ დაცვა. ამჟამად პანკისში დაახლოებით 3,700 ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს.
 
მოსკოვში 11-12 თებერვალს გამართული ვიზიტის დროს სააკაშვილი და რუსეთის ხელმძღვანელობა შეთანხმდნენ ერთობლივად დაიცვან რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთი.
 
საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ და მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმერ პრომიჩევმა 11 თებერვალს ხელი მოაწერეს ოქმს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული სიტუაციის თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ.
 
ვალერი ჩხეიძის თქმით, აპრილის თვეში იგეგმება თბილისში ვლადიმერ პრომიჩევის ვიზიტი, რომლის დროსაც გაფორმდება შეთანხმება რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის ერთობლივი პატრულირების შესახებ.
 
ჩხეიძის განცხადებით, ქართველი და რუსი მესაზღვრეები კოორდინირებულად იმუშავებენ საქართველოსა და რუსეთის საზღვრის დასაცავად. მისი თქმით ხელშეკრულების შემდეგ რუსულ და ქართულ მხარეს თანაბარი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ თუ შეიარაღებული ჯგუფები შეძლებენ საზღვრის დარღვევას.
 
პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები შიშობენ, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის არსებულმა შემრიგებლურმა პოზიციამ შესაძლოა მათ უსაფრთხოებაზე იქონიოს ზეგავლენა.
 
პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების ჯგუფმა 18 თებერვალს საპროტესტო აქცია გამართა. ისინი თავიანთი თანამემამულეების – ბეკხან მულკოევისა და ჰუსეინ ალხანოვის გაუჩინარებას აპროტესტებდნენ. 
 
ეს ორი ჩეჩენი, რომელთაც საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ედებოდათ ბრალი, თბილისის სასამართლომ 6 თებერვალს დამნაშავეებად არ ცნო და გაათავისუფლა.
 
მულკოევი და ალხანოვი იმ 13 ჩეჩენს შორის იყვნენ, რომლებიც საქართველოს მესაზღვრეებმა  2002 წლის აგვისტოში დააკავეს. რუსეთის მოთხოვნით მოხდა ხუთი მათგანის მოსკოვში ექსტრადირება.
 
გაუჩინარებული ჩეჩნების ნათესავები შიშობენ, რომ ისინი მოიტაცეს და ჩუმად გადასცეს რუსეთს.

მსგავსი/Related

Back to top button