ახალი ამბები

ახალი მინისტრთა კაბინეტი

ახალმა პრემიერმა ხუთწლიანი პროგრამა წარმოადგინა

იხილეთ მინისტრების სია და მათი ბიოგრაფიები

პარლამენტმა 17 თებერვალს რიგგარეშე სხდომაზე 165 ხლით 5 წინააღმდეგ ახალი მთავრობის შემადგენლობა, მათი 2004-2009 წლების განმავლობაში სამოქმედო გეგმა, ხოლო პრემიერ მინისტრად ზურაბ ჟვანია დაამტკიცა.

მთავრობის სტრუქტურიული რეფორმა, სამართალდამცავი და უშიშროების სისტემის რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკური ზრდა, მოქალაქეთა სოციალური კეთილდღეობა, ენერგეტიკული პრობლემების მოგვარება, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია – ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელის გათვალისწინებითაც ახალი მთავრობა მომავალში მუშაობას აპირებს და რომელიც დეტალურად არის გაწერილი ზურაბ ჟვანიას მიერ წარმოდგენილ 24 გვერდიან პროექტში. 

“პროექტი შეიძლება არ არის იდეალური, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი მთავრობის სამოქმედო გეგმა საქართველოში პირველად დაიწერა არა იმისათვის, რომ რაღაც დაწერილიყო, არამედ იმისთვის რომ იყოს რეალური მოქმედებების გეგმა. დღეს დადგა დრო ის მოლოდინები რაც მოსახლეობას აქვს განხორციელდეს რეალურად. ამ მხრივ ახალი თავრობა პასუხისმგებელი იქნება პარლამენტისა და საზოგადეობის წინაშე” – განაცხადა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ზურაბ ჟვანიამ.
 
იგი ახალი სამოქმედო გეგმიდან 6 ძირითად პრიორიტეტს გამოყოფს და აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე მთავარია განხორციელდეს რეფორმები ცალკეულ დარგში.

“დღესდღეობიდ არ არსებობს სფერო, რომელიც არ საჭიროებდეს ძირეულ რეფორმების გატარებას მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებით. პირველ ეტაპზე ახალი მინისტრები, ყველა თავის შესაბამის დარგში, სწორედ ამ მიმართულებით დაიწყებენ მუშაობას” – დასძინა ზურაბ ჟვანიამ. 
 
ზურაბ ჟვანიას აღნიშვნით ძველი ხელისუფლების მსგავსად არ მოხდება კომისიების შექმნა კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ მოხდება კონკრეტული სამოქმედო გეგმის განხორციება და იმ დამნაშავე პირების დაკავება, რომლებიც მხილებული იქნებიან კორუფციაში.
 
უშიშროების, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში ძირეული რეფორმების გატარება, საბჭოთა კავშირის დროინდელი მმართვის სტილის შეცვლა და ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა, ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც ამ უწყებების მინისტრებმა უნდა განახორციელონ.
 
“ჩვენ უნდა ვიცოდეთ საქართველოს შეიარაღებული ძალების რეალური შესაძლებლობები და ასევე ჯარი რეალურ დაფინანსებას უნდა იღებდეს. ჩვენი ამოცანაა შეიარაღებული ძალებისთვის არსებული დაფინანსება, რაც მთლიანი შიდა პროდუქციის 0,69%-ს შეადგენს გაიზრდოს 2%-მდე” – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ და დასძინა, რომ ჯარი უნდა იყოს კომპაქტური, მაგრამ ძლიერი. ამასთამავე სავალდებული იქნება თითოეულ მოქალაქემ გაიაროს სამხედორ მომზადება. ამ მხრივ ასევე ვალდებული და პრეზიდენტის მხრიდან გაფრთხილებული არიან მინისტრებიც, რათა გაიარონ ერთ კვირიანი სამხედრო მომზადება.
 
“ჩვენ მთავარ, უზენაეს ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამაზე მაღალი მიზანი ჩვენს სამოქმედო გეგმაში არ არსებობს. მშვიდობიანი გზით კონფლიქტების მოგვარება ჩვენი პრიორიტეტია, მაგრამ თუ ძლიერი ჯარი არ გვეყოლება, მოლაპარაკებების მაგიდასთანაც ვერ ვიქნებით ძლიერნი” – აღნიშნა ზურაბ ჟვანიამ.
 
მისი მოსაზრებით რაც ქვეყნის სიძლიერეს შეუწყობს ხელს არის ეკონომიკის განვითარება, რაც დასაბამი იქნება ადგილობრივი მრეწველობის და ბიზნესის განვითარების. ზურაბ ჟვანია არ გამორიცხავს სწორი პოლიტიკის განხორციელბის – საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაციისა და რეფორმების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის შემთხვევაში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდას. მან ასევე ხაზი გაუსვა აგრარული სექტორისა და ტურიზმის განვითარებას.
 
პარლამენტის ტრიბუნიდან ზურაბ ჟვანია მოსახლეობას უმოკლეს დროში სოციალური პირობების გაიუმჯობესებას შეჰპირდა. მისი თქმით, აპრილიდან საქართველოს პრეზიდენტის დანაპირები რეალურად განხორციელდება და პენსიები გაიზრდება, ხოლო ივნისიდან უკვე ხელისუფლება მინიმალური ხელფასების საარსებო ზღვართან მიახლოების გეგმას წარმოადგენს.

თუმცა რა მექანიზმებით პრემიერ მინისტრს არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლება არ აპირებს გვერდის ავლას მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხისადმი და მთელს პასუხისმგებოლბას იღებს რათა მოხდეს სოციალური პირობების გაუმჯობესება.
 
“ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი სამედიცინო დახმარება და საერთოდ ძირეული რეფორმები უნდა გატარდეს ჯანდაცვის დარგში” – აღნიშნა ზურაბ ჟვანიამ.

რაც შეეხება ენერგეტიკის დარგს, ჟვანიას განცხადებით პირველ რიგში უნდა აღმოიფხვრას დარგში არსებული ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისი. იგი წელიწადნახევარში ენერგოკრიზისის მოგვარებასაც გეგმავს.
 
პარლამენტის დეპუტატების და საზოგადოების წინაშე გამოსვლა ზურაბ ჟვანიამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით დაასრულა და განაცხადა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპის ოჯახის სრულუფებიანი წევრი. მისი თქმით საქართველოსთვის განსაკუთრებულ პარტნიორად რჩება ამერიკის შეერთებულ შტატები, ხოლო რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტად უნდა იქცეს. 

მინისტრთა კაბინეტში შევლენ პრემიერ-მინისტრი, 15 მინისტრი და ოთხი სახელმწიფო მინისტრი. აქედან ოთხი ქალია. 

მინისტრთა ერთი ნაწილი, რომელიც დროებითი მთავრობის მიერ, ნოემბრის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა, თანამდებობები შეინარჩუნეს. მათ შორის არიან: შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე, ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, ეკონომიკის მინისტრი ირაკლი რეხვიაშვილი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ეთერ ასტემიროვა.
 
იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი გახდა, რომელიც მანამდე „ღია საზოგადოება – საქართველოს ფონდში“ მუშაობდა.
 
ამავე ფონდის ხელმძღვანელი კახა ლომაია კი განათლების მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. „ბატონმა კახა ლომაიამ და სოროსის ფონდმა ბევრი რამ გააკეთეს საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირებისთვის“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
 
პარლამენტის უკვე ყოფილი ვიცე-სპიკერი და „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ჯანდაცვის მინისტრი გახდა.
 
ინფრასტრუქტურის მინისტრად თამარ სულუხია დაინიშნა. ამ უწყებაში ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და ურბანიზაციის სამინისტროები გაერთიანდნენ.

გარემოს დაცვის მინისტრი თამარ ლებანიძე გახდა, ენერგეტიკის მინისტრი – ნიკოლოზ გილაური, სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით შერვაშიძე, რომელსაც აქამდე მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.
 
გელა ბეჟუაშვილი პირველი სამოქალაქო პირი იქნება თავდაცვის მინისტრის პოსტზე. იგი თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა.
 
ზურაბ ადეიშვილი უშიშროების მინისტრი გახდა. „ზურაბ ადეიშვილი სამოქალაქო პირია და მისი დანიშვნა ნიშანი იქნება იმისა, რომ უშიშროების სამინისტროში ფუნდამენტალური რეფორმებს განახორციელდება“, – აღნიშნა ზურაბ ჟვანიამ.
 
მინისტრთა კაბინეტში ოთხი სახელმწიფო მინისტრია: თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე იმუშავებს; გურამ აბსანძე, რომელიც ეროვნული თანხმობის პოლიტიკაზე იქნება პასუხისმგებელი; ჯამბულ ბაკურაძე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხებზე იმუშავებს.
 
მეოთხე სახელმწიფო მინისტრის პოსტზე გოგი ხაინდრავაა წარდგენილი. იგი კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე იმუშავებს. იგი კინორეჟისორია და ნოემბერში შექმნილი დაუმორჩილებლობის კომიტეტის აქტიური წევრი იყო.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალ მთავრობას „ახალგაზრდა, პროფესიონალური და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე პროგრესული“ უწოდა.

მსგავსი/Related

Back to top button