ახალი ამბები

“ბრითიშ პეტროლიუმმა” გარემოს დაცვის სამინისტროს პასუხი დღეს უნდა წარუდგინოს

(თბილისი, 28 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – თბილისში გრძელდება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმისა” და ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ექსპერტების კონსულტაციები, სადაც ნავთობსადენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ეკოლოგიური სტანდარტების დაზუსთებაზე მუშაობენ. ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი-2” იტყობინება.

გარემოს დაცვის სამინისტრომ ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობაზე ნებართვა 30 ნოემბრამდე უნდა გასცეს. ნავთობსადენის მშენებლობის ორგანიზატორებმა იმ 32 პირობის სრულად დაკმაყოფილება უნდა შეძლონ, რომლებიც ეკოლოგიური უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა. ამ პირობებზე პასუხები კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმმა” გარემოს დაცვის სამინისტროს დღეს უნდა წარუდგინოს.

27 ნოემბერს საქართველოს ნავთობკორპორაციის შენობასთან გარემოს დამცველთა საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილენიც ნავთობსადენის ბორჯომის ხეობაზე გავლასთან დაკავშირებით გამოთქვამდნენ პროტესტს და მოითხოდნენ, რომ 20-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელმაც ბორჯომის ხეობაზე უნდა გაიაროს, ალტერნატიული მარშრუტით შეიცვალოს.

გასულ თვეში ნავთობსადების მშენებლობასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს გარემოს დამცველმა და ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო და ბრიტანულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც თვლიან, რომ ნავთობსადენი რეგიონის ისედაც მყოფე ეკოლოგიას უფრო დააზარალებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button