skip to content
ახალი ამბებიინტერვიუ

ინტერვიუ | უზრა ზეია, სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

საქართველოს ურთიერთობები დასავლელ პარტნიორებთან საგრძნობლად გაუარესდა მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა ძალიან სადავო კანონი, რომელიც სავარაუდოდ შეზღუდავს გაერთიანებისა და თავისუფალი პრესის უფლებას. შეერთებული შტატები განგრძობითად აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ პოლიტიკას და აცხადებს, რომ იგი ქვეყანას ევროატლანტიკურ გზას აშორებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ზოგიერთ თანამდებობის პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა და ასევე, იგი აგრძელებს ორმხრივი პროექტების გადახედვას.  ამავდროულად, აშშ-ს კონგრესში განიხილება კანონმდებლობა, რომელიც თბილისთან ურთიერთობების დაღმასვლას გააოფიციალურებს. ეს ყოველივე ხდება ოქტომბრის მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის მზადების ფონზე.

სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ეზრა ზეიას ვიზიტი ამ გადამწყვეტ მომენტს ემთხვევა. სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვდა მთავრობის თანამდებობის პირებსა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს დემოკრატიული მმართველობის, ანტი-კორუფციული ძალისხმევის, მედია თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და მარგინალიზირებული და მოწყვლადი ჯგუფების ინკლუზიის შესახებ სასაუბროდ.

Civil.ge სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზეიას სტუმრობის მიზნებსა და შთაბეჭდილებებზე ესაუბრა.

თქვენი ვიზიტი ხორციელდება საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების უპრეცედენტო გაუარესების ფონზე, რაც წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ. MEGOBARI და ქართველი ხალხის აქტი წინ მიიწევენ, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ორმხრივი ურთიერთობების სრული გადახედვა და ახლახანს განუსაზღვრელი ვადით გადადო სწავლება “ღირსეული პარტნიორი” . რა გზავნილები ჩამოიტანეთ საქართველოში? შეგიძლიათ, გვითხრათ თქვენი ვიზიტის მიზნების შესახებ?

მე აქ ვიმყოფები აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადამწყვეტ მომენტში. კანონპროექტი “MEGOBARI” ნათლად ადასტურებს, რომ ვაშინგტონში საქართველოს ანტიდემოკრატიული ტრაექტორიის გამო ორპარტიული შეშფოთება არსებობს. პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებისას, სამი მთავარი გზავნილი გავაჟღერე:

პირველი, შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული დეზინფორმაციული განცხადებებისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. აღნიშნული საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და აზიანებს ჩვენს პარტნიორობასა და ქართველების უფლებებს. ე.წ. უცხოური გავლენის კანონი ზიანს აყენებს ქართველ ხალხს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასა და ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან ჯანდაცვას, განათლებას, სოფლის მეურნეობასა და სხვა მრავალ სფეროს. შედეგად, ევროკავშირმა გაყინა საქართველოს გაწევრების პროცესი, რომლისთვისაც მანამდე ქართველმა ხალხმა და მთავრობამ ამდენი იშრომა. ამავდროულად, ძალადობის ესკალაცია და სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წევრების დაშინება საგანგაშოა. ამასთან, მმართველი პარტიის ლიდერები ავრცელებენ დეზინფორმაციას ისეთი ერთგული და დიდი ხნის პარტნიორების შესახებ, როგორიცაა შეერთებული შტატები. ეს კი მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგის ინტერესებს ემსახურება.

ჩემი მეორე მთავარი გზავნილი იყო, რომ შეერთებული შტატები არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერი. ქართველებმა ძალიან კარგად იციან, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია და უკვე თითქმის 16 წელია, არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამგვარად, ვიზიტის განმავლობაში, მე გამოვყავი დრო პუტინის აგრესიის შედეგად დევნილ მამაც ქალებთან შესახვედრად და მოვისმინე ისტორიები მათი ტკივილისა და მედეგობის შესახებ. შეერთებული შტატების პოზიცია არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ჩვენ ვაგრძელებთ ასობით ათასი დევნილი ქართველის საჭიროებების, ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილების მხარდაჭერას.

შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს ამა თუ იმ  პოლიტიკურ პარტიას. თუმცა, ჩვენ ველით, რომ ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ რეალურ, კონკურენტულ დემოკრატიულ პროცესს.

ჩემი ვიზიტის მესამე მთავარი გზავნილი არის ის, რომ 32 წელია, შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ეს მოიცავს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლების მხარდაჭერას, ჰქონდეთ თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები, და კანონის უზენაესობა. ნება მომეცით, ვიყო სრულიად მკაფიო. შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს ამა თუ იმ  პოლიტიკურ პარტიას. თუმცა, ჩვენ ველით, რომ ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ რეალურ, კონკურენტულ დემოკრატიულ პროცესს.

გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი იღებს და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, წარმომადგენლები აირჩიონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, ძალადობისა და დაშინების საფრთხის გარეშე. თავისუფალი და სამართლიანი პროცესის უზრუნველსაყოფად თანაბრად მნიშვნელოვანია არჩევნებზე ძლიერი, შეუფერხებელი ადგილობრივი და საერთაშორისო დაკვირვება.

მაიკ კარპენტერმა, ეროვნული უშიშროების საბჭოდან განაცხადა, რომ საქართველოში „ყველა ჩვენი პროგრამა გადახედვის პროცესშია“ ამ ბოლო თვეებში საქართველოს მთავრობის მიერ აღებული სტრატეგიული მიმართულების გამო. როგორ აისახება ეს თქვენს საქმიანობაზე? თქვენი ვიზიტი დაკავშირებულია აღნიშნულ გადახედვასთან?

საქართველოს ანტიდემოკრატიულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული ჩვენი სერიოზული წუხილები არის  მიზეზი, რატომაც მე დღეს თბილისში ვარ და ვმართავ მნიშვნელოვან საუბრებს მთავრობის ლიდერებთან, პარლამენტის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამრიგად, ეს არ არის ჩვეულებრივი მდგომარეობა. სწორედ ამიტომაა, რომ 23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ განაცხადა. ამავდროულად, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვების მიზნობრივი პოლიტიკა მათ წინააღმდეგ, ვინც აქტიურად უთხრის ძირს საქართველოს დემოკრატიას. ამის შემდეგ, ჩვენი სავიზო შეზღუდვები დავუწესეთ ათობით ქართველ თანამდებობის პირს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს, ფიზიკურ პირებს. ასევე, ცოტა უფრო ადრე ამ თვეში, საქართველოს მთავრობის მხრიდან შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მიმართ მიმდინარე მცდარი ბრალდებების გამო, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა განუსაზღვრელი ვადით გადადო მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი.“

…ეს არ არის ჩვეულებრივი მდგომარეობა. […] საქართველოს ანტიდემოკრატიულ ტრაექტორიას აქვს რეალური, ნეგატიური შედეგები, რაც საქართველოს მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებისგან აშორებს.

მაგრამ, აქვე მინდა განვმარტო, რომ პრემიერ მინისტრის ახლახან გაკეთებული კომენტარის საპირისპიროდ, აშშ საქართველოსათვის თავდაცვის დაფინანსება არ შეუჩერებია. რეალურად, ჩვენ გვეამაყება, რომ ამ დრომდე საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სანაპირო დაცვის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ვართ. შესაბამისად, აშშ აგრძელებს ურთიერთობების გადახედვას და ჩვენ გავაგრძელებთ ყველა შესაძლო ინსტრუმენტის განხილვას, რათა ხელი შევუწყოთ ანგარიშვალდებულების საკითხის დაყენებას მათთვის,  ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ჩართულია ადამიანის უფლებათა დარღვევებში ან კორუფციულ ქმედებებში. შეერთებული შტატებიდან მოდის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს ანტიდემოკრატიულ ტრაექტორიას აქვს რეალური, ნეგატიური შედეგები, რაც საქართველოს მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებისგან აშორებს.

თითქმის ერთი წლის წინ, როცა „უცხოური აგენტების კანონი“ პირველად განიხილებოდა, ჩვენ ვესაუბრეთ რიჩარდ იანგს კარნეგის ფონდიდან. მან გვითხრა, რომ როცა მთავრობები იწყებენ „ნეგატიურ ტრანზიციას“ დემოკრატიული სივრცის დასახურად, საერთაშორისო პარტნიორები ცდილობენ სამოქალაქო აქტივისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველების ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მაგრამ ზოგად ტენდენციასთან დაპირისპირება უჭირთ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ არის ერთგვარად საგულისხმო დოკუმენტი ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა სამთავრობო კორუფცია, აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციის ლიდერების უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება. თქვენი აზრით, ახლა ამ დინამიკაში ვიმყოფებით? როგორ ცდილობთ ამ სიტუაციასთან განმკლავებას?

საქართველოს შესახებ ჩვენმა 2023 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიშმა წამოწია სერიოზული და კარგად აღრიცხული წუხილები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა თვითნებური დაკავება, სასამართლო დამოუკიდებლობა, გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვები, ასევე მუქარები ჟურნალისტებისა და მარგინალიზებული ჯგუფების წინააღმდეგ.  აშშ-მ საქართველოს მთავრობას უმაღლეს დონეზე გაუზიარა ეს წუხილები, თუმცა აღნიშნული ნეგატიური ტენდენციები 2024 წელსაც გაგრძელდა. ამიტომაცაა, რომ ჩემი სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მოვუწოდე საქართველოს მთავრობასა და პარლამენტარებს, რომ მოუსმინონ ერთგულ პარტნიორებს, აშშ-სა და ევროკავშირს, გააუქმონ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, დაასრულონ სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის დაშინება და პატივი სცენ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს, და ასევე ჩაატარონ თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველო მყიფე რეგიონში, რუსეთის, უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის სიახლოვეს მდებარეობს…ზოგიერთი პოლიტიკური აქტორი აცხადებს, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დღის წესრიგი, ასევე აშშ-სა და ევროკავშირთან დაახლოება წარმოშობს პოლიტიკურ არასტაბილურობას და აზიანებს ეროვნულ უსაფრთხოებას. თქვენ, როგორც ადამიანი, რომელსაც უმუშავია კონფლიქტებისა და მშვიდობის საკითხებზე და ვისაც ახლა სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პორტფელი აქვს ჩაბარებული, როგორ უპასუხებდით ამ მოსაზრებას?

როგორც მანამდე აღვნიშნე, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო შეხვედრა იმ მამაც ქართველ ქალებთან, რომლებიც რუსეთის აშკარა აგრესიის ფონზე იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები, კარ-მიდამოები, ოჯახები. ქართველებმა ძალიან კარგად იციან პუტინის აგრესიის შედეგები, თუ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის, უკრაინისა და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. რუსეთმა დაამსხვრია მშვიდობა და სტაბილურობა ევროატლანტიკურ სივრცეში და ამავდროულად ძირს უთხრის გლობალურ უსაფრთხოებას. მეორე მხრივ, ჩვენი პრინციპული მიდგომა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართ გვთავაზობს განსხვავებულ გზას, რომელიც აძლიერებს სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მდებარეობს რთულ, და კიდევაც საშიშ სამეზობლოში, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რათა დაჩქარდეს და გაღრმავდეს პარტნიორობები, რომლებიც რუსული თუ სხვა მავნე განზრახვების წინააღმდეგ უსაფრთხოებისა და მედეგობის გაძლიერებას ემსახურება.

აგენტების შესახებ სადავო კანონმდებლობის მიღებისა და ჩვენ შორის გაუარესებული ორმხრივი ურთიერთობების შემდეგ, როგორ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას?

ჩემი ყველა შეხვედრისას მე ხაზი გავუსვი, რომ შეერთებული შტატები ქართველი ხალხის, მათი უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერაში ურყევი იქნება. შესაბამისად, როგორც განვიხილეთ, ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ იმ საფრთხეების გამო, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას, თავისუფალ შეკრებასა და ასოციაციას ემუქრება; ასევე იმ შემაშფოთებელი ტენდენციების გამო, რომლებიც ძირს უთხრის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას – ჩვენ ვიცით, რომ ამ მიზანს ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს. შესაბამისად, ის ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადავდგით და მოსალოდნელი ქმედებები, რომელთაც ახლა განვიხილავთ, პასუხია საქართველოს მთავრობის ანტი-დემოკრატიულ ქმედებებსა და დეზინფორმაციაზე, რომელიც არ ითვალისწინებს ქართველი ხალხის მკაფიო მოთხოვნას ევრო-ატლანტიკური მომავალის შესახებ.

საბოლოოდ, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ეს ქმედებები მიზნად ისახავს, ემსახუროს ქართველი ხალხის თუ ვინმეს პირად ინტერესებს.

საბოლოოდ, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ეს ქმედებები მიზნად ისახავს, ემსახუროს ქართველი ხალხის თუ ვინმეს პირად ინტერესებს. ამ ვიზიტიდან ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ამერიკელებსა და ქართველებს აქვთ განსაკუთრებული მეგობრობა, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარულზე. ამ საერთო მოწოდებამ ნამდვილად ჩაუყარა საფუძველი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ათწლეულების ნაყოფიერ პარტნიორობას.

საქართველოში ბევრი შიშობს, რომ აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ჩახშობის შემთხვევები, რომლებიც უკვე დაწყებულია, არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გააქტიურდება. აღნიშნულს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა “საქართველოს ხელისუფლების შემაშფოთებელი ქცევის მოდელი” უწოდა და ხელისუფლებას მისი შეცვლისაკენ მოუწოდა. ამასობაში, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ საქართველოს გაერთიანებაში გაწევრების პროცესი შეჩერებულია და ქვეყნისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინულია. ქვეყანაში სიტუაციის მეტად გაუარესების შემთხვევაში ევროკავშირის მხრიდან დამატებითი ზომების მიღებაც განიხილება. აშშ-ის მსგავსად, გერმანიამაც განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობებს გადახედავს. რამდენად კოორდინირებულია საქართველოში დემოკრატიის დაცვისთვის აშშ-ის ქმედებები ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებთან?

ამ შემთხვევაში, მე ვიტყოდი, რომ საქართველოს ანტი-დემოკრატიულ ტრაექტორიაზე შეშფოთება გლობალურია, ჩვენ კი მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს ეს შეშფოთება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა ხშირად გამოხატეს ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობასთან საჯარო თუ პირად კომუნიკაციებში. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ამჟამინდელი გზა შეუსაბამოა იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებზეც ევროკავშირი და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დგანან. შესაბამისად, ეს გზა აზიანებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

როგორც დიდი ხნის პარტნიორს, […] გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ გავაჟღეროთ წუხილები…კიდევ ერთხელ, იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობა ამ ნეგატიურ ტრაექტორიას შემოატრიალებს.

კიდევ ერთხელ, იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მთავრობა ამ ნეგატიურ ტრაექტორიას შემოატრიალებს. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და პროგრესის მტკიცე მხარდამჭერი ვართ. და ჩვენ, როგორც დიდი ხნის პარტნიორს, ჩვენი ევროპელი მეგობრების მსგავსად, გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ გავაჟღეროთ წუხილები მაშინ, როცა ვხედავთ, რომ გადადგმული ნაბიჯები საქართველოს აშორებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან, ანუ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიზნისგან.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button