ახალი ამბები

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ განაცხადების მიღება დაიწყო

„ქართული ოცნების“ მთავრობის აპრილის დადგენილებით დაარსებულმა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ 21 ივლისს გრანტების მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო. სააგენტოს თქმით, კონკურსის „მიზანია სახელმწიფო გრანტის გაცემით საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა“.

„კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია და მოქმედებს საქართველოში და რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განსაზღვრულია სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე სფეროში საქმიანობის განხორციელება“, – განაცხადა სააგენტომ 21 ივლისს.

სააგენტოს განმარტებით, საგრანტო განაცხადი უნდა პასუხობდეს შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს: (1) დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა და ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები; (2) საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრება; (3) ეკონომიკური განვითარება; (4) განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა; (5) სპორტის განვითარება; (6) შრომა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა; (7) თავდაცვა და უსაფრთხოება; (8) რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა; (9) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა; (10) სოფლის მეურნეობა; (11) იურიდიული და პროფესიული განათლება; (12) შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა.

საგრანტო განაცხადით მოთხოვნილი გრანტის მოცულობა თითოეული საგრანტო განაცხადისთვის არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. საგრანტო პროექტის განხორციელების პერიოდი უნდა მოიცავდეს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 3 თვეს.

This post is also available in: English

Back to top button