skip to content
ახალი ამბები

სიახლეების ბლოგი: წინააღმდეგობა 2025 ნაწილი 2 | რუსთველის გამზირი კვლავ გადაიკეტა

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, გრძელდება საპროტესტო აქციები საქართველოს მასშტაბით. ქვეყანამ გრძელი და რთული ზამთარი გამოიარა, ხოლო რეპრესიები კიდევ უფრო გაძლიერდა. საქართველო თავისი ტრადიციული პარტნიორებისგან იზოლირებულია. ევროკავშირთან, აშშ-სთან და ტრადიციულ პარტნიორებთან ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტოა წარმოდგენული, თუმცა მისი ორი განშტოება – „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტები“ – ცდილობს თავი ოპოზიციად წარმოაჩინოს.  პარლამენტის, მთავრობისა და ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობა სადავოა. „ქართულმა ოცნებამ“ რიგი რეპრესიული კანონები დააინიცირა, რომელთა მიზანიც განსხვავებული აზრის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობაა. სისხლის სამართლის ბრალდებით ციხეში 49 მომიტინგე რჩება. პატიმრობაში რჩება ასევე „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. პოლიციის სასტიკი რეპრესიების მიუხედავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომიტინგეები კვლავ ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და ხელისუფლების რეპრესიების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას.

2024 წელს განვითარებული მოვლენების გასაცნობად, იხილეთ ჩვენი წინა სიახლეების ბლოგი.

პარასკევი, 25 აპრილი

21:20 – რუსთველის გამზირი კვლავ გადაიკეტა

უკვე 149-ე დღეა, რაც რუსთველის გამზირი დემონსტრანტების მიერ გადაიკეტა. მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება: ახალი არჩევნების ჩატარება და უკანონოდ დაპატიმრებული აქციის მონაწილეების გათავისუფლება.

18:30 – ბათუმში მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის აქცია იმართება

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მშობლიურ ქალაქში, ბათუმში მის მიმართ სოლიდარობისა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება.

ფოტოები: მანანა ყველიაშვილი

16:05 – ჟურნალისტი ირინა მაკარიძე 5 000 ლარით დააჯარიმეს

მედია გამოცემა „ქრონიკა+“ -ის ჟურნალისტი ირინა მაკარიძე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ 5 000 ლარით დააჯარიმეს.

12:30 – საია: საპროტესტო აქციის დროს დაკავებულები პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაზე იტყობინებიან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული ათი პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ იტყობინება დაკავების, გადაყვანმისა და დაპატიმრების დროს. საიას ცნობით, აღწერილი ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულებს წარმოადგენს, მათ შორის წამებას, წამების მუქარას და არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. ასეთ ფაქტებზე მიუთითეს: საბა სხვიტარიძემ, რევაზ კიკნაძემ, ნიკოლოზ კაციამ, ანატოლი გიგაურმა, დავით ხომერიკმა, დავით ლომიძემ, თემურ ზასოხაშვილმა,  არჩილ მუსელიანციმ, ანასტასია ზინოვკინამ, მზია ამაღლობელმა.

ხუთშაბათი, 24 აპრილი

22:00 – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პროევროპული საპროტესტო აქციების 148-ე დღეს, აქცია პარლამენტთან იმართება. რუსთაველის გამზირი სატრანსპორტო მოძრაობისთვის კვლავ გადაიკეტა.

17:00 – გიორგი ჩხეიძე 4 000 ლარით დააჯარიმეს

გიორგი ჩხეიძე, რომელიც ორი დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესის დროს დააკავეს, 4 000 ლარით დააჯარიმეს და გაათავისუფლეს.

15:00 – თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 დაკავებული მომიტინგის სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარდგნენ. ასევე დაცვის მხარემ სხდომის გახსნის შუამდგომლობა დააყენა. რაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესს ერთ-ერთი ბრალდებული რევაზ კიკნაძე არ ესწრებოდა. სხდომაზე ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა სხდომებზე რევაზ კიკნაძის დაბრუნების შუამდგომლობა დააყენა, რაც გალუსტაშვილმა დააკმაყოფილა. შემდეგი მოსმენა 1 მაისს ჩაინიშნა.

ოთხშაბათი, 23 აპრილი

21:30 – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პროევროპული საპროტესტო აქციების 147-ე დღეს, აქცია პარლამენტთან იმართება. რუსთაველის გამზირი სატრანსპორტო მოძრაობისთვის კვლავ გადაიკეტა.

21:00 – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება საფრთხეშია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ სეიმის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ძლიერი შეშფოთება გამოხატა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო და განაცხადა: „ჩვენ არ ვადანაშაულებთ ქართულ საზოგადოებას მისი ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამო“. შიკორსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ომის შედეგი უკრაინაში განსაზღვრავს ისეთი ქვეყნების მომავალს, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო და სომხეთი.

17:40 – პოლიტიკოს გიორგი ვაშაძეს 50 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, 50 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა.

15:20 – აქტივისტ ლევან ზაზაძეს 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ზაზაძეს 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ზაზაძე 21 აპრილს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რის შემდეგაც მანდატურებმა აქტივისტების ძალის გამოყენებით გაყვანა დაიწყეს. მოქალაქეების დარბაზიდან გაყვანის დროს, რამდენიმე აქტივისტი მანდატურების ზეწოლის შედეგად, წაიქცა. ამავე დროს, ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა.

14:30 – ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე გზის სავარაუდო გადაკეტვისთვის კვლავ დააჯარიმეს

ჟურნალისტი და დამოუკიდებელი მედიასაშუალების OC Media-ს თანადამფუძნებელი მარიამ ნიკურაძე გზის სავარაუდო გადაკეტვისთვის მეოთხედ დააჯარიმეს. მისი ჯამური ჯარიმა ახლა 20 000 ლარს შეადგენს.

12:00 – მოქალაქეებს პარკირების წესის დარღვევისთვის აჯარიმებენ

რამდენიმე ადამიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ 5 000 ლარით დააჯარიმეს მანქანების არასწორად გაჩერების გამო, რასაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა მოყვა.  თუმცა, ერთი ადამიანი ამბობს, რომ მას მანქანა საერთოდ არ ყავს.

სამშაბათი, 22 აპრილი

21:20 – რუსთაველის გამზირი სატრანსპორტო მოძრაობისთვის გადაიკეტა

პროევროპული და რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების 146-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განაახლეს და პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა გადაკეტეს.

21:15 – პროკურატურამ გიორგი ვაშაძეს ბრალი წარუდგინა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ ოპოზიციური კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ბრალი წარუდგინა. გიორგი ვაშაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

17:00 – საბა სხვიტარიძის საქმის მოსმენა დიდი რაოდენობით პოლიციის მობილიზების ფონზე გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის საბა სხვიტარიძის საქმეზე მოსმენა გაიმართა. ბრალდების მხარის მოწმემ, გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა ჩვენება მისცა საქმეზე მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. სხვიტარიძე 5 დეკემბერს დააკავეს. ედიშერაშვილის გამოჩენას დაძაბულობა მოყვა, სასამართლო დარბაზიდან ისმოდა საპროტესტო შეძახილები და სკანდირება. არეულობის ფონზე გამომძიებელმა შენობა პოლიციის თანხლებით დატოვა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე ერთი პირი, გიორგი ჩხეიძე დააკავეს. დაკავების მიზეზები ჯერ არ სახელდება.

16:00 – სასამართლომ დაკავებული ჟურნალისტის ნიკა კაციას საქმე განიხილა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული აქტივისტის და ჟურნალისტის ნიკა კაციას საქმის მოსმენა გაიმართა. მას ნარკოდანაშაულს ედავებიან. სხდომაზე გამოიკითხა ორი მოწმე, მათ შორის გამომძიებელი ბაქარ ლებანიძე. კაცია ამტკიცებს, რომ ლებანიძე დაკავებისას შეესწრო სამართალდამცველების მხრიდან დამამცირებელ მოპყრობას, თუმცა არ ჩაერია. სასამართლოში ჩვენების მიცემისას ლებანიძემ განაცხადა, რომ არ ახსოვს, რომ ასეთი არასათანადო მოპყრობის მომსწრე ყოფილიყო, თუმცა აღნიშნა, რომ კაციამ ის დაკავებისას „დაწყევლა“.

15:30 – IPI: მზია ამაღლობელის დაკავება „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფალი პრესის დაშლის მცდელობაა

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის დაკავება, რომელიც უკვე 100 დღეა ციხეშია, არის „ქართული ოცნების აშკარა მცდელობა გააჩუმოს კრიტიკული ხმები, დააშინოს დამოუკიდებელი ჟურნალისტები და გაანადგუროს ის, რაც თავისუფალი პრესისგან დარჩა“. IPI კიდევ ერთხელ მოუწოდებ ამაღლობელის გათავისუფლებისკენ და სოლიდარობას უცხადებს დაპატიმრებული ჟურნალისტის ოჯახსა და კოლეგებს.

11:12 – სენატორი შაჰინი მიესალმება გაერთიანებული სამეფოს სანქციებს „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების მიმართ

ამერიკელი სენატორი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი მიესალმა გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს „ქართული ოცნების“ იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოქალაქეების მიმართ „სასტიკ ძალადობასა“ და რეპრესიებზე. მან თავის X-ზე დაწერა: „მივესალმები გაერთიანებულ სამეფოს მიერ სანქციების დაწესებას ქართველი ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც უგულებელყოფენ თავის მოვალეობას დაიცვან ქართველი ხალხის უფლებები“. მისი თქმით, მომიტინგეების მიმართ სასტიკ ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.

ორშაბათი, 21 აპრილი

16:10 – აქცია თავისუფლების მოედანთან გრძელდება, კიდევ ერთი პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირიდან იძულებით გაყვანილმა აქციის მონაწილეებმა, სადაც მოძრაობა აღდგენილია, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი მოქალაქე, ლაშა დგებუაძე დააკავეს.

14:15 – პოლიციამ რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებისგან გაწმინდა, რამდენიმე პირი დააკავა

პოლიციამ დემონსტრანტების ქუჩებიდან იძულებით გაყვანა მას შემდეგ დაიწყო, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი წინასწარ გააფრთხილა. რამდენიმე პირი დაკავებულია. მოძრაობა აღდგენილია, ვითარება კვლავ დაძაბულია.

13:45 – რუსთაველის გამზირზე დღის აქცია იმართება

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შუადღისას შეიკრიბნენ და ქუჩა გადაკეტეს. საპროტესტო აქცია აღდგომის ღამეს ორი მოქალაქის დაკავებამ გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციას აღდგომა მიულოცეს და „ქრისტე აღსდგა“ უთხრეს, ხოლო ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი არ ემორჩილებოდნენ ბრძანებებს.

კვირა, 20 აპრილი

23:00 – რუსთაველის გამზირი სატრანსპორტო მოძრაობისთვის გადაიკეტა, პოლიციამ ორი პირი დააკავა

აღდგომაზე, უწყვეტი საპროტესტო აქციების 144-ე დღეს, თბილისის რუსთაველის გამზირი სატრანსპორტო მოძრაობისთვის კვლავ გადაიკეტა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი პირი, გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე დააკავეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი პოლიციელებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავდნენ და „ქრისტე აღსდგას“ ეუბნებოდნენ, როდესაც ისინი დააკავეს.

შაბათი, 19 აპრილი

23:00 – აქციის მონაწილეები აღდგომის დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე ხვდებიან

აქციის მონაწილეები, მათ შორის სტუდენტები და დაპატიმრებული მომიტინგეების ოჯახები, აღდგომის ღამეს თბილისში რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ და მოძრაობა კიდევ ერთხელ გადაკეტეს. აქციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეები გმირთა მემორიალისკენ გაემართნენ, სადაც ზურაბ ცეცხლაძემ, ახალგაზრდა აქტივისტის ზვიად ცეცხლაძის მამამ, გაიმეორა ფიცი, რომელიც აქციის მონაწილეებმა ზუსტად ერთი წლის წინ დადეს. შემდეგ აქციის მონაწილეები რუსთაველზე დაბრუნდნენ, სადაც ბევრმა ქაშვეთის ეკლესიასთან ღამე გაათენა.

პარასკევი, 18 აპრილი

21:45 – რუსთაველის გამზირი სატრანსპორტო მოძრაობისთვის გადაიკეტა

მომიტინგეებმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განაახლეს, რომელიც უკვე ზედიზედ 142 დღეა გრძელდება. რუსთაველის გამზირი სატრანსპორტო მოძრაობისთვის გადაკეტილია. მოთხოვნები უცვლელი რჩება: საპროტესტო აქციებისა დროს დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება.

21:30 – რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან სააღდგომო შეკრება იგეგმება

რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ, 19 აპრილს, 22:00 საათზე სტუდენტებმა და ახლადშექმნილმა პოლიტიკურმა მოძრაობამ „სართული – ახალი თაობის ძალა“ აქცია დააანონსა. „ისევ ერთად დავანთოთ სანთელი და ერთად შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, – წერენ ორგანიზატორები ფეისბუქზე.

ხუთშაბათი, 17 აპრილი

21:40 – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

ზედიზედ 141-ე დღეს პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეებმა თბილისში, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები იგივე რჩება: ახალი არჩევნების ჩატარება და ყველა უკანონოდ დაკავებული მომიტინგის გათავისუფლება.

17:20 – ნიკა გვარამიას 30 000 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა გვარამიას 30 000 ლარის გირაო შეუფარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო. უცნობია გადაიხდის თუ არა გირაოს გვარამია. მოსმენის შემდეგ მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას თავის პარტიასთან კონსულტაციის გზით მიიღებს.

16:00 – მსახიობები დავით დოიაშვილის გათავისუფლების წინააღმდეგ კულტურის სამინისტროს წინ აქციას მართავენ

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებას მსახიობები კულტურის სამინისტროსთან აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ კულტურის მინისტრთან თინათინ რუხაძესთან შეხვედრას ითხოვენ. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

14:00 – დაკავებული ბიზნესმენი ჩიკვაიძე ამბობს, რომ ივანიშვილმა აქციების ორგანიზებაში აშშ-ის მხილება შემოუთვალა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის ირაკლი პაპუაშვილის საქმის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე იზა კელენჯერიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა დამატებითი მოწმეების გამოძახების თაობაზე. ჩიკვაიძე სხდომაზე ეტლით მიიყვანეს. მან განაცხადა, რომ მას რამდენიმე პირი ესტუმრა, რომლებიც, მათივე თქმით, ფსიქოლოგები იყვნენ. ჩიკვაიძის თქმით, მათი მეშვეობით ბიძინა ივანიშვილმა შემოუთვალა, რომ ემხილებინა აშშ აქციების მოწყობასა და სხვა უკანონო ქმედებებში. იგი სასამართლო დარბაზიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც მოსამართლე კელენჯერიძეს „30 ვერცხლად გაყიდული მკვლელი დედაკაცი“ უწოდა. ჩიკვაიძემ შიმშილობა 10 აპრილს დროებით შეაჩერა, რათა ციხის ხელმძღვანელობას არ გამოეყენებინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დღევანდელ სხდომაზე დასწრების უფლება არ შეეზღუდა.

12:30 – ჟურნალისტი საბა სორდია 2 500 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ონლაინ მედიასაშუალება „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია 2 500 ლარით დააჯარიმა. სორდია პოლიციამ 6 აპრილს დააკავა. მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. „ინდიგოს“ ცნობით, დაკავების შემდეგ პოლიციელებმა სორდიას მიმართ ჰომოფობიური ლექსიკა გამოიყენეს და კამერის დამტვრევით დაემუქრნენ.

11:00 – საპროტესტო აქციები 141 დღეა გრძელდება

რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 141 დღეა გრძელდება. აქციები დაგეგმილია თბილისსა და რამდენიმე სხვა ქალაქში. მოთხოვნები უცვლელი რჩება: ყველა „პოლიტპატიმრის“ გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება.

ოთხშაბათი, 16 აპრილი

21:45 – პროევროპული საპროტესტო აქციები 140 დღეა გრძელდება, მოქალაქეები  პარლამენტთან და ახალ თეატრთან იკრიბებიან

საპროტესტო აქციის მონაწილეები 140-ე დღეს პარლამენტთან შეიკრიბნენ. პარალელურად, დემონსტრანტები ახალ თეატრთან იკრიბებიან მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტროს მისი ხელმძღვანელის დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. დოიაშვილმა და თეატრმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებში.

20:00 – პოლიტიკოს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 20 000 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 20 000 ლარის გირაო შეუფარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო. მოსამართლე ნანა შამათავამ ჯაფარიძეს თანხის გადასახდელად ერთი თვის ვადა მისცა. სხდომაზე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სასამართლო პროცესებსს დაესწრება, მაგრამ გირაოს გადახდას არ აპირებს.

18:50 – აქტივისტი თამარ კურატიშვილი ამბობს, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

სამოქალაქო აქტივისტმა თამარ კურატიშვილმა განაცხადა, რომ მის ანგარიშებს საქართველოს ბანკში ყადაღა დაედო. „წარმოუდგენელია, არ ჩამბარებია არანაირი ჯარიმის ქვითარი“, – წერს იგი ფეისბუქის პოსტში. კურატიშვილი 28 მარტს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. მას ხელში ეკავა ბანერი წარწერით „ანწუხელიძე უკვდავია!“

12:10 – თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ გელა ხასაიას 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს გელა ხასაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სასჯელი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობამ გამოიწვია. ხასაია 31 მარტს პარლამენტის შენობასთან მას შემდეგ დააკავეს, რაც, სავარაუდოდ, უარი თქვა პოლიციის მოთხოვნაზე ზედაპირული შემოწმების შესახებ.

სამშაბათი, 15 აპრილი

16:20 – სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილ დეპუტატს გივი თარგამაძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შამათავამ ყოფილ დეპუტატს გივი თარგამაძეს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, გირაოს გადახდა დააკისრა მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისულიყო. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევაში წაუყენეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან კონკრეტული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. მანამდე, სასამართლომ იმავე დანაშაულისთვის გირაო შეუფარდა პარტია „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

14:15 – თბილისის საქალაქო სასამართლომ თემურ ქათამაძეს საემიგრაციო პატიმრობა ექვს თვემდე გაუხანგრძლივა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მედროშე თემურ ქათამაძეს საემიგრაციო პატიმრობა ექვს თვემდე გაუხანგრძლივა, ამის შესახებ განაცხადა „საიას“ ადვოკატმა ვერიკო ჯგარენაიამ, რომელიც ქათამაძის ინტერესებს იცავს. ქათამაძე, რომელიც თავდაპირველად ადმინისტრაციული ბრალდებით ბათუმში დააკავეს, გათავისუფლებიდან მალევე ხელახლა დააკავეს. ხელისუფლების მტკიცებით, მას საქართველოში ყოფნის სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა.

13:45 – ნიკა გვარამია წულუკიანის კომისიის წინაშე გამოუცხადებლობის გამო სასამართლოში დაიბარეს

ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მას შემდეგ დაიბარეს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ხელისუფლების სავარაუდო დანაშაულების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევაში წაუყენეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან კონკრეტული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. მანამდე, სასამართლომ იმავე დანაშაულისთვის გირაო შეუფარდა პარტია „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

ორშაბათი, 14 აპრილი

18:00 – ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გრძელდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გრძელდება. შემდეგი სასამართლო სხდომა 28 აპრილს ჩაინიშნა. ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

13:30 – თბილისის საქალაქო სასამართლომ მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათე დევიძე, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელებზე თავდასხმა ედება ბრალად, პატიმრობაში დატოვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათე დევიძეს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დევიძე 21 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.

შაბათი, 12 აპრილი

16:00 – აქციის მონაწილეები გიორგი ანწუხელიძის შესახებ წულუკიანის განცხადებას აპროტესტებენ

აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე შეიკრიბნენ ლოზუნგით „ანწუხელიძე უკვდავია“. ისინი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის თეა წულუკიანის ბოლო განცხადებას აპროტესტებენ.

პროტესტი წულუკიანის მიერ 11 აპრილს გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომლის თქმითაც გიორგი ანწუხელიძე – რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს აწამეს და მოკლეს – „უაზროდ გაწირეს“, რაც, როგორც წულიკიანმა აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პიარ კამპანია იყო.

15:30 – თეა კახიანმა და დავით ველიჯანაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის მენეჯერმა თეა კახიანმა და მსახიობმა და ტელეწამყვანმა დავით ველიჯანაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვეს, ამის შესახებ კახიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა. მისი თქმით, მაუწყებლის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა, რომ „არხზე ადგილის პოვნა გაუჭირდეს თავისუფალ და ურყევი ღირებულებების მატარებელ ადამიანს“. მან გუშინ არხიდან გათავისუფლებულ ნინო ზაუტაშვილსა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს „პირველი არხის სახეები, ბრენდის წარმომადგენლები“ უწოდა.

14:00 – თეა წულუკიანი ამბობს, რომ ომის გმირი ანწუხელიძე სააკაშვილის პიარს შეეწირა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ხელისუფლების სავარაუდო დანაშაულების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა 11 აპრილს საზოგადოებრივ მაუწყებელზე განაცხადა, რომ გიორგი ანწუხელიძე, რომელიც 2008 წლის ომში დაიღუპა, „უაზროდ გაწირეს“ მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პიარ კამპანიის გამო. წულუკიანის თქმით, მას აქვს უფლება დასვას კითხვები მის დაღუპვასთან დაკავშირებით. „ყველა ბავშვს სჭირდება მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ იგი სააკაშვილის გულისხმობს.

11:00 – საპროტესტო აქციები 136 დღეა გრძელდება

რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე 136 დღეა გრძელდება. დაგეგმილია მსვლელობები თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. მოთხოვნები უცვლელია: ახალი საპარლამენტო არჩევნები და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება.

პარასკევი, 11 აპრილი

19:15 – ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს

ჟურნალისტები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს. ორივე მათგანს გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა აცნობა. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ჟურნალისტების მზარდი კრიტიკა არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის არარსებობის გამო, განსაკუთრებით 2024 წლის ნოემბრის პროევროპული აქციების შემდეგ. ივანოვ-ჩიქოვანი მანამდე ეთერიდან მოხსნეს მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე საჯაროდ გააკრიტიკა. ორივე ჟურნალისტმა მაუწყებელი მმართველ პარტიასთან კავშირში დაადანაშაულა.

15:30 – „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები პროკურატურაში დაიბარეს

ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა გვარამია პროკურატურამ მას შემდეგ დაიბარა, რაც ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდენ.

13.:30 – წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიორგი ვაშაძის საქმე პროკურატურას გადაეცემა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ოპოზიციური პარტიის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმე პროკურატურას გადაეცემა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევაში წაუყენეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან კონკრეტული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

11:00 – პროევროპული აქციები საქართველოს მასშტაბით უკვე 135 დღეა გრძელდება

საქართველოში საპროტესტო აქციები უკვე 135 დღეა გრძელდება და დემონსტრანტები კვლავ ახალ არჩევნებსა და დაპატიმრებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ. თბილისში საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან 19:00 საათზე გაიმართება, შემდეგ კი აქციის მონაწილეები პარლამენტთან გადაინაცვლებენ. 21:00 საათზე, აკაკისა და ილიას ძეგლთან საჯარო ლექციაა დაგეგმილი. აქციები ასევე დაგეგმილია გორში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ჩხოროწყუში.

ხუთშაბათი, 10 აპრილი

16:30 – დაკავებული ბიზნესმენი ჩიკვაიძე შიმშილობას შვიდი დღით აჩერებს

დაკავებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ მხარდამჭერების, მათ შორის „სინდისის პატიმართა“ დედების მიმართვის შემდეგ შიმშილობას შვიდი დღით აჩერებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ჩიკვაიძე ამბობს, რომ ამ ნაბიჯით „პენიტენციურ დაწესებულებას, რომელიც მოქმედებს პროკურატურასთან ალიანსში, მინდა ხელიდან გამოვაცალო საფუძველი, რომ 17 აპრილისთვის არ ჰქონდეთ რაიმე საბაბი და სასამართლოზე არ დამასწრონ“.  

16:00 – ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი დააჯარიმეს

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გაშუქების გამო დააჯარიმეს. მისი თქმით, ამ დროს გამზირი უკვე გადაკეტილი იყო. მან განაცხადა, რომ გაასაჩივრებს ჯარიმას და მტკიცებულებებს წარადგენს.

ოთხშაბათი, 9 აპრილი

15:30 – ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დებატები საქართველოს შესახებ

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა ძლიერი შეშფოთება გამოხატეს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. დებატების დროს, რასა იუკნევიჩიენემ, ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა საქართველოს საკითხებში, დაგმო 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და მას „გაყალბებული“ უწოდა. მან ასევე დაგმო ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და მიმდინარე ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე. მან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „დაუყოვნებელი და კარგად კოორდინირებული სანქციების“ დაწესებისკენ მოუწოდა და უვიზო რეჟიმის, ასევე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვა მოითხოვა. „ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება“, – ხაზგასმით აღნიშნა მან და დასძინა, რომ ევროკავშირი უნდა „დაეხმაროს ქართველებს დაიცვან თავი რუსული იმპერიისგან“.

გერმანელმა ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნა გაიმეორა და ხაზი გაუსვა მის საფრანგეთის მოქალაქეობას. „თუ მას აქვს გარკვეული აქტივები საფრანგეთში, ასევე შეიძლება გარკვეული ზომების მიღება”, – აღნიშნა გალერმა და პარიზს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის პასუხისმგებლობას, გვერდით დაუდგეს ქართველ ხალხს მის მიმდინარე ბრძოლაში დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის.

დებატების დასასრულს კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ, ჰანა ჯალოულ მურომ განაცხადა, რომ კომიტეტის მიზანია დაასრულოს და კენჭი უყაროს საქართველოს შესახებ მოხსენებას ივნისის დასაწყისში მას შემდეგ, რაც 24 აპრილს ცვლილებების შეტანის ვადა ამოიწურება.  

13:30 – ზუგდიდში პოლიცია აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა

მარიამ სიჭინავა, ოპოზიციური პარტია „დროას“ აქტივისტი, აცხადებს, რომ პოლიციამ ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალთან მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია. სიჭინავას თქმით, აქციის ერთი მონაწილე, სავარაუდოდ, ტვინის შერყევით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამშაბათი, 8 აპრილი

21:30 – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პროევროპული საპროტესტო აქციების 132-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა თბილისში, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. სამი დამოუკიდებელი მსვლელობა – ერთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მეორე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და მესამე მედიის წარმომადგენლების შემადგენლობით თბილისის საკონცერტო დარბაზიდან – პარლამენტთან გაერთიანდა 9 აპრილის ტრაგედიის 35-ე წლისთავის აღსანიშნავად.

21:00 – ბრიტანელი მინისტრი „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიული უკუსვლის გამო აკრიტიკებს

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დოუთიმ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლისთვის გააკრიტიკა, ხოლო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია) დემოკრატიის დამცველის ჯილდოს მიღება მიულოცა. „რამდენიმეთვიანი დემოკრატიული უკუსვლის, თვითნებური დაპატიმრებებისა და მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ არანაირად არ აჩვენა, რომ თავის ევროპულ გზას დაუბრუნდება და საკუთარი ამომრჩევლის დემოკრატიულ სურვილებს დაიცავს“, – განაცხადა დოუთიმ. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „შეცვალოს ეს იზოლაციონისტური ქცევა“ და მადლობა გადაუხადა საიას ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად გაწეული სამუშაოსთვის.

დღეს, 8 აპრილს, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს რვა წევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა საიას დემოკრატიის დამცველის ჯილდო გადასცეს. ჯილდო აღიარებს საიას მნიშვნელოვან ძალისხმევას საქართველოში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის საქმეში, ქვეყნის პოლიტიკურ მიმართულებასთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთების ფონზე.

20:00 – მედიის წარმომადგენლების მსვლელობა

თბილისში მედიის წარმომადგენლების მსვლელობა იმართება. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მოქალაქეები მერიიდან პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც პრესაზე ხელისუფლების ზეწოლას გააპროტესტებენ. აქციის ზოგიერთ მონაწილეს ბანერები უჭირავს ხელში მზია ამაღლობელის გამოსახულებით, რომელიც მედიის ხმების ჩასახშობად რეჟიმის მცდელობის სიმბოლოდ იქცა. აქციის მონაწილეები გმობენ „ქართული ოცნების“ მცდელობებს, ჩაახშოს განსხვავებული აზრი და შელახოს პრესის თავისუფლება.

18:30 – ტვ პირველის ოპერატორს სოციალური მედიის პოსტისთვის ადმინისტრაციული ბრალდება ემუქრება

ტვ პირველის ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს შსს-მ ადმინისტრაციული ბრალი ფეისბუქის პოსტის გამო წაუყენა. ვიდეოში ჩანს, როგორ ამბობს პოლიციის თანამშრომელი, რომ ჯიოშვილმა 6 აპრილს გავრცელებულ ვიდეოში თითქოსდა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავებს და თანდართული წარწერით სამინისტროს მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა.

13:40 – ჟურნალისტი საბა სორდია გაათავისუფლეს

ონლაინ მედიასაშუალება „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია, რომელიც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 6 აპრილს დააკავეს, გაათავისუფლეს. „ინდიგოს“ ცნობით, დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა სორდიას მიმართ ჰომოფობიური ლექსიკა გამოიყენეს და კამერის დამტვრევით დაემუქრნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარემ სორდიასთვის ჯარიმის დაკისრება მოითხოვა. საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე ზვიად ცეკვავა 17 აპრილს გამოაცხადებს.

12:30 – სახალხო დამცველი: სამი დაკავებული მომიტინგე პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ იტყობინება

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 7 აპრილს  თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული  3 პირი მოინახულეს. ორმა მათგანმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა  და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა. სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა და პირობა დადო, რომ სხვა უფლებადარღვევებთან დაკავშირებითაც მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

12:00 – წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძისა და გივი თარგამაძის საქმეები პროკურატურას გადაეცემა

 „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერების, ნიკა გვარამიასა და ზურაბ ჯაფარიძის, ასევე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატის გივი თარგამაძის საქმეები პროკურატურას გადაეცემა.

11:30 – ირაკლი ოქროუაშვილს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“, კერძოდ, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა, რომელიც სხდომას უძღვებოდა, ოქრუაშვილს 30 დღის ვადა მისცა გირაოს გადასახდელად. სასამართლო პროცესის დასრულებამდე მას ქვეყნის დატოვებაც ეკრძალება.

ორშაბათი, 7 აპრილი

23:20 – პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები დააკავა

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, სამი ახალგაზრდა მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციელებმა გადაკეტილი ქუჩის გაწმენდა დაიწყეს. დაკავების დეტალები კვლავ უცნობია. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ჩანს.

21:30 – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პროევროპული საპროტესტო აქციების 131-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა თბილისში, რუსთაველის გამზირი კიდევ ერთხელ გადაკეტეს.

21:00 – ბრიტანელი დეპუტატი მაკკლირი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს

ბრიტანელმა დეპუტატმა ჯეიმს მაკკლირიმ განაცხადა, რომ მან მოუწოდა დიდი ბრიტანეთის მთელ პოლიტიკურ სპექტრს ბიძინა ივანიშვილსა და მის თანამოაზრეებს სანქციები დაუწესონ. Euroscope-თან საუბრისას მაკკლირიმ აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს ოფიციალურ ლონდონზე ზეწოლას ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით, რაც „ძალიან დიდ გავლენას მოახდენს“ ოლიგარქზე, რადგან მისი აქტივების დიდი რაოდენობა მიბმულია ან ლონდონზე, ან ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე.

18:00 – ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. შემდეგი სასამართლო სხდომა 14 აპრილსაა ჩანიშნული. ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით ედება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

14:45 – პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევაში წაუყენა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან კონკრეტული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

14:00 – თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა პირი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული რვა პირი პატიმრობაში დატოვა. საქმეზე არსებითი მოსმენა 23 აპრილს ჩაინიშნა. ბრალდებულებს –  ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს, ვასილ ქაძელაშვილს, გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს სერიოზული ბრალდებები აქვთ წაყენებული. კერძოდ, პირველ სამს ძალადობის ორგანიზებასა და განხორციელებას ედავებიან და მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო დანარჩენებს სავარაუდო მონაწილეობისთვის 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

11:00 – პროევროპული აქციები საქართველოს მასშტაბით უკვე 131 დღეა გრძელდება

საქართველოში საპროტესტო აქციები უკვე 131 დღეა გრძელდება და დემონსტრანტები კვლავ ახალ არჩევნებსა და დაპატიმრებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ. თბილისში, დილის 10 საათზე დემონსტრანტები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან, სადაც რვა სინდისის პატიმრის მოსმენაა დაგეგმილი. მოგვიანებით, 19:00 საათზე ისინი საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლებენ, ხოლო 20:00 საათზე აქცია პარლამენტის მიმდებარედ გაიმართება. 21:00 საათზე, აკაკისა და ილიას ძეგლთან საჯარო ლექციაა დაგეგმილი.

აქციები ასევე დაგეგმილია გორში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ჩხოროწყუში.

კვირა, 6 აპრილი

16:00 – ჟურნალისტი საბა სორდია დააკავეს

პოლიციამ ონლაინ მედიასაშუალება „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, ნათქვამია „ინდიგოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის ფეისბუქ პოსტში.

12:20 – „ძლიერმა საქართველომ“ ხმის მიცემასთან დაკავშირებული სავარაუდო შეზღუდვის გამო ცესკოს წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, ვინაიდან ცესკოს მიერ ახლახანს მიღებული დადგენილება ხელს უშლის დამკვირვებლებს კენჭისყრის პროცესის სრულ მონიტორინგში. კოალიციის წარმომადგენელმა ცესკოს წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ რეზოლუცია უკანონოდ უშლის ხელს დამკვირვებლებს ამომრჩეველთა ვინაობა გადაამოწმონ ან საარჩევნო უბნებზე მყოფი პირების იდენტიფიცირება მოითხოვონ. კოალიციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა თორნიკე ართქმელაძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება დამკვირვებლებს ასევე უკრძალავს ვერიფიკაციის მოწყობილობების შემოწმებას ან ფოტო/ვიდეო გადაღებას. მან დადგენილებას საარჩევნო კოდექსის პირდაპირი დარღვევა უწოდა და განაცხადა, რომ კოალიციას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ის თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივროს.

12:00 – ვატო შაქარაშვილის მონაწილეობით მორიგი ინციდენტი მოხდა

მორიგი ინციდენტი მოხდა ვატო შაქარაშვილის მონაწილეობით, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე აქტივისტ თათია აფრიამაშვილის დაუპირისპირდა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც შაქარაშვილი ტელეკომპანია POSTV-ის გადამღებ ჯგუფთან ერთად რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, თათია აფრიამაშვილმა მას „მონა“ დაუძახა. სიტყვიერი დაპირისპირების დროს შაქარაშვილი მას უთხრა: „გაეთრიე აქედან, თავს ნუ გამატეხინებ“. ინციდენტს წინ უძღოდა კიდევ ერთი თავდასხმა, როდესაც შაქარაშვილი და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა ფიზიკურად გაუსწორდნენ „მთავარი არხის“ ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილს მას შემდეგ, რაც მან შაქარაშვილს მომიტინგეების მხარდამჭერი ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღებაში მის როლზე ჰკითხა. მამნიაშვილი ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული.

შაბათი, 5 აპრილი

21:00 – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პროევროპული აქციების 129-ე დღეს, აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ თბილისში, პარლამენტთან. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

20:00 – მთავარი არხის ჟურნალისტს გიორგი მამნიაშვილს ვატო შაქარაშვილი თავს დაესხა

პოლიტიკური მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი ვატო შაქარაშვილი და კინორეჟისორი და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს გიორგი მამნიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მამნიაშვილის თქმით, შელაპარაკება მას შემდეგ მოხდა, რაც მან შაქარაშვილს „მონა“ უწოდა, ვინაიდან სწორედ შაქარაშვილის ორგანიზაციის 17 მარტის მიმართვის საფუძველზე დაყადაღდა აქციის მონაწილეებისა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების მხარდამჭერი ფონდების საბანკო ანგარიშები.

მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, რომელიც ხშირად ეხმიანება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ნარატივებს, 2024 წლის 10 ივლისს დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი, ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები საქართველოსთვის“ წევრები; ასევე ვატო შაქარიშვილი, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ყოფილი წევრი; ბიძინა გიორგობიანი, საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი; ლევან ნიკოლაიშვილი, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე; პეტრე მამრაძე, ყოფილი დეპუტატი.

11:00 – პროევროპული აქციები საქართველოს მასშტაბით უკვე 129 დღეა გრძელდება

საქართველოში საპროტესტო აქციები უკვე 129 დღეა გრძელდება და დემონსტრანტები კვლავ ახალ არჩევნებსა და დაპატიმრებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ. თბილისში საზოგადოებრივი მაუწყებლის და პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქციები გაიმართება.

აქციები ასევე დაგეგმილია გორში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ჩხოროწყუში.

პარასკევი, 4 აპრილი

21:00 – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა

პროევროპული და რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების 128-ე დღეს, აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირი სატრანსპორტო მოძრაობისთვის გადაკეტილია.

15:40 – პროკურატურამ ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევაში წაუყენა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან კონკრეტული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

11:00 – პროევროპული აქციები საქართველოს მასშტაბით უკვე 128 დღეა გრძელდება

საქართველოში საპროტესტო აქციები უკვე 128 დღეა გრძელდება და დემონსტრანტები კვლავ ახალ არჩევნებსა და დაპატიმრებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ. თბილისში საზოგადოებრივი მაუწყებლის და პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქციები გაიმართება. 21:00 საათისთვის ილიასა და აკაკისს ძეგლთან საჯარო ლექციაა დაგეგმილი.

აქციები ასევე დაგეგმილია გორში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ჩხოროწყუში.

ხუთშაბათი, 3 აპრილი

22:45 – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გმობს რეპრესიულ კანონებს და დემოკრატიისთვის საფრთხედ მიიჩნევს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი რეპრესიული კანონები „კიდევ უფრო ანადგურებს ქვეყნის დემოკრატიას და ზღუდავს ადამიანის უფლებებით სარგებლობას“. მან აღნიშნა, რომ ასეთი კანონმდებლობა „ძირეულად შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან”. სტენერგარდმა ხაზგასმით აღნიშნა შვედეთის მხარდაჭერა ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და „ყველა ქართველის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლების მიმართ“.

21:40 – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა

პროევროპული და რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების 127-ე დღეს, აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირი სატრანსპორტო მოძრაობისთვის გადაკეტილია.

18:30 – გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი გმობს „ქართული ოცნების“ რეპრესიულ კანონებს

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა X-ზე შეშფოთება გამოხატა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული რეპრესიული კანონების გამო და აღნიშნა, რომ ეს კანონები „ზრდის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, თანასწორობის და სამოქალაქო სივრცისთვის არსებულ რისკებს, და ახშობს პოლიტიკურ პლურალიზმს“. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოს მოუწოდებს, დაიცვას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღებული ვალდებულებები.

18:15 – ნორვეგია გმობს საქართველოს რეპრესიულ კანონებს, დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში რეპრესიული კანონების მიღების გამო, მათ შორის “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” (FARA) და ინიციატივების, რომლებმაც შეიძლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვა გამოიწვიოს. „ეს ზღუდავს ქართულ დემოკრატიას გამოხატვის თავისუფლების შელახვით, სამოქალაქო სივრცისა და პოლიტიკური პლურალიზმის განადგურებით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

14:00 – საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე კვლავ ვასილ მაღლაფერიძე გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე ხელახლა აირჩია. ამ თანამდებობაზე ალტერნატიული კანდიდატები არ დასახელებულა. მაუწყებლის ახალ შენობასთან დემონსტრანტები შეიკრიბნენ და გამოფინეს ბანერი  წარწერით „ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

13:45 – ესტონეთი საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს  

ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების საპასუხოდ საქართველოს წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. აღნიშნა რა, რომ ესტონეთმა უკვე დაუწესა ეროვნული სანქციები ისეთ საკვანძო ფიგურებს, როგორებიცაა ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ცაჰკნამ მოუწოდა ევროკავშირს გადახედოს საქართველოს უვიზო რეჟიმის სტატუსს. კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა ეს საკითხი, მან დაადასტურა, რომ პროცესი ევროკავშირის 15 წევრი სახელმწიფოს თანხმობას მოითხოვს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კურსი უნდა შეცვალოს.

11:00 – საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით 127 დღეა გრძელდება

საქართველოში საპროტესტო აქციები უკვე 127 დღეა გრძელდება და დემონსტრანტები კვლავ ახალ არჩევნებსა და დაპატიმრებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ. თბილისში საზოგადოებრივი მაუწყებლის და პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქციები გაიმართება. 20:00 საათისთვის აქციის მონაწილეები უზენაეს სასამართლოსთან გეგმავენ აქციას ლოზუნგით „არა უსამართლობას!“

აქციები ასევე დაგეგმილია გორში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ჩხოროწყუში.

ოთხშაბათი, 2 აპრილი

22:00 – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პროევროპული აქციების 126-ე დღეს, აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ თბილისში პარლამენტთან. რუსთაველის გამზირი საავტომობილო მოძრაობისთვის გადაკეტილია.

21:30 – დაკავებულებთა ოჯახები ახალ წინააღმდეგობის მოძრაობას ქმნიან

პროევროპული აქციების დროს დაკავებულთა მშობლებმა და ახლობლებმა ახალი წინააღმდეგობის მოძრაობის, სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის, შექმნის შესახებ გააკეთეს განცხადება. ისინი 8 აპრილს 9 აპრილის მემორიალთან აპირებენ ღამის გათევას, რათა „პოლიტპატიმრების გათავისუფლება“ და ახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვონ. მათ ასევე მოუწოდეს პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანდნენ სამი ძირითადი მოთხოვნის გარშემო: ახალი არჩევნები, „პოლიტიკური და სინდისის პატიმრების“ გათავისუფლება და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი.

16:20 – სასამართლომ ჯგუფური ძალადობის საქმის 11 ბრალდებულის პროცესი გადადო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 24 აპრილამდე გადადო ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო სხდომა. ბრალდებულები, რომელთა საქმეებიც გაერთიანდა ერთ საქმეში, არიან მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, კომიკოსი ონისე ცხადაძე, ასევე გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი სივაკოვი და ირაკლი კერაშვილი.

15:15 – სტრასბურგის სასამართლომ დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო, ამის შესახებ მისმა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა. „გვექნება მუდმივი კომუნიკაცია ევროპულ სასამართლოსთან“, – წერს მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში. ჭიჭინაძე დეკემბერში დააკავეს და მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

11:00 – საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება

საქართველოში საპროტესტო აქციები უკვე 126 დღეა გრძელდება და დემონსტრანტები კვლავ ახალ არჩევნებსა და დაპატიმრებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციები დედაქალაქსა და რიგ ქალაქებშია დაგეგმილი, მათ შორის გორში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ჩხოროწყუში.  

სამშაბათი, 1 აპრილი

23:50 – ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირი მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო მკაცრი ქმედებებისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა ჯეიმს მაკკლირიმ ძლიერი შეშფოთება გამოხატა საქართველოში მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან ყურადღება გაამახვილა ინფორმაციებზე დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ და განსაკუთრებით დაგმო ელენე ხოშტარიას მიმართ დამამცირებელი მოპყრობა დაკავების დროს. მან გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიმართ უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდა.

21:30 – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

საპროტესტო აქციების 125-ე დღეს, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა ჩვეულებრივზე ადრე გადაიკეტა, მიუხედავად პოლიციის მცდელობისა, ეს არ მომხდარიყო.

17:30 – პუტინის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტები პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული პატიმრობაში დატოვა. წყვილს, რომელიც თბილისის პროევროპულ აქციებში მონაწილეობითა და ანტიპუტინისტური აქტივიზმითაა ცნობილი, ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა) ნაწილით ედება, რაც  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ითვალისწინებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

14:30 – პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევაში წაუყენა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან კონკრეტული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

13:00 – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კლინიკა „ვივამედს“ ალეკო ელისაშვილის სამედიცინო ინფორმაციის გასაჯაროვების გამო აფრთხილებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კლინიკა „ვივამედი“ და მისი გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე 10 იანვარს პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილის სამედიცინო ინფორმაციის ფეისბუქზე გაზიარების გამო სამართალდამრღვევად ცნო.

სამსახურმა დაადგინა, რომ კლინიკამ დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლი, რომელიც კრძალავს „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების“ უკანონო დამუშავებას და იმ პოსტის წაშლა დაავალა, რომელიც ელისაშვილის ჯანმრთელობის დეტალებსადა რენტგენის სურათს შეიცავდა. მაშინ, როცა კანონი 3 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, კლინიკა „ვივამედმა“ მხოლოდ გაფრთხილება მიიღო. ელისაშვილმა გადაწყვეტილების ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა.

12:30 – თემურ ქათამაძემ შიმშილობა განაახლა

დაკავებულმა ქართული წარმომავლობის თურქეთის მოქალაქემ თემურ ქათამაძემ შიმშილობა განაახლა. ქათამაძემ 48-დღიანი შიმშილობა მანამდე 5 მარტს დაასრულა. ერთი დღით ადრე, 4 მარტს იგი სამედიცინო დახმარებისთვის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ წინა შიმშილობის დროს ქათამაძემ 20 კილოგრამზე მეტი დაიკლო. ქათამაძემ საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად, თუმცა წარუმატებლად.

02:00 – თამთა მიქელაძე აქტივისტ ლუკა კინწურაშვილის დაკავებაზე იტყობინება

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ განაცხადა, რომ პოლიციამ აქტივისტი ლუკა კინწურაშვილი დააკავა. მიქელაძის თქმით, კინწურაშვილი პოლიციელებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე გააჩერეს და ტელეფონში „ტელეგრამის“ დათვალიერება მოსთხოვეს და უარის თქმის შემდეგ ტელეფონი წაართვეს, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა. გვიან ღამით დადასტურდა, რომ ის ადმინისტრაციული ბრალდებით დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა. მიქელაძემ განაცხადა, რომ კინწურაშვილი ადრე 2024 წლის ივლისში პოლიციის ძალადობის მსხვერპლი გახდა.

00:15 – ლექტორი გიორგი წოწკოლაური ამბობს, რომ ის პოლიციაში წაიყვანეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს

ლექტორი გიორგი წოწკოლაური, რომელიც ევროკავშირის მხარდამჭერი აქციების ერთ-ერთი მონაწილეა, თბილისის სპორტის სასახლესთან პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ფეისბუქ Live-ის მოკლე ვიდეოში წოწკოლაურმა განაცხადა, რომ პოლიციამ ის და მისი თანმხლები პირი გააჩერა და ახსნა-განმარტების გარეშე განყოფილებაში გადაჰყავდათ. რამდენიმე საათის შემდეგ წოწკოლაურმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაათავისუფლეს და სახლში დაბრუნდა. მან დამატებითი დეტალები არ გაამჟღავნა.

ორშაბათი, 31 მარტი

20:00 – პარალელური აქციების მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პირველი კორპუსიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტთა დიდმა ჯგუფმა დაიწყო. სტუდენტებს ხელში ეკავათ ევროკავშირისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშები, ასევე ეროვნული გმირების, მათ შორის კოტე აფხაზისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ფოტოები. ისინი სკანდირებდნენ: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“. ცალკე მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართება.

18:35 – ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართა. სასამართლომ ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენება მოისმინა. მათ შორის იყვნენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის ბერდია ფერაძე და პოლიციელი თამარ კერესელიძე. შემდეგი სასამართლო სხდომები 7, 14 და 28 აპრილს, ასევე 8 და 16 მაისს არის ჩანიშნული.

პროცესს ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები. ამაღლობელს, რომელიც 12 იანვარს დააკავეს, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

16:30 – გერმანიის ელჩი კიდევ ერთხელ უდასტურებს მხარდაჭერას საქართველოში ადამიანის უფლებებს

გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა, თბილისში, ადამიანის უფლებათა სახლში შეხვედრის შემდეგ სოციალურ მედიაში შეშფოთება გამოხატა დაყადაღებული ანგარიშების, გამოძიებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინების თაობაზე. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდება.

13:00 – საპარლამენტო კომიტეტმა მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების აკრძალვას დაუჭირა მხარი

„ქართული ოცნების“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების მიღება ეკრძალებათ. ამის შემდეგ კანონპროექტზე კენჭისყრა პარლამენტის სხდომაზე გაიმართება. „ქართული ოცნების“ ინიციატივა, რომელსაც კენჭი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ეყრება, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, რომლითაც შეიზღუდება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მაუწყებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია „სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობს და შეუძლია მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა“.

12:10 – „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია დააკავეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია პარლამენტთან მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციელს ზედაპირულ შემოწმებაზე უარი უთხრა. მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უცნობია. ხასაია მანამდე 2024 წლის 4 დეკემბერს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში რეიდის დროს დააკავეს.

შაბათი, 29 მარტი

20:20 – ელენე ხოშტარია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

„დროას“ ლიდერი და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მისი სასამართლოს წინაშე შესაძლო გამოცხადების თაობაზე დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

19:00 – ALDE გმობს ელენე ხოშტარიას დაპატიმრებასა და „საშინელ მოპყრობას“

პარტია ALDE-მ განაცხადა, რომ გმობს ელენე ხოშტარიას დაპატიმრებასა და მის მიმართ „საშინელ მოპყრობას“ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. „ქართული ოცნების რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებულის მიმართ მოპყრობის კიდევ ერთი აღმაშფოთებელი შემთხვევა. ჩვენი წევრები გააგრძელებენ ბრძოლას დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ქართველების გვერდით ვდგვართ!“ ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

18:00 – ელენე ხოშტარია პოლიციის მიერ დამამცირებელი მოპყრობის შესახებ იტყობინება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც პოლიციამ 28 მარტის აქციაზე დააკავა, განაცხადა, რომ მას პოლიციაში დამამცირებლად მოეპყრნენ, ზურგისკენ ხელები ბორკილებით მჭიდროდ შეუკრეს და რამდენიმე ქალმა პოლიციელმა ძალით გააშიშვლა. პოლიციამ ასევე მიაყენა დაზიანებები ყბასა და კბილებში, მისი თქმით, „ეს ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკა არის ადამიანის ღირსების შელახვისა და მათზე ფიზიკური ძალადობის უღირსი რუსული საძაგელი მეთოდი“. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ხოშტარია დააკავეს „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის“.

პარასკევი, 28 მარტი

20:10 – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა

საპროტესტო აქციების 121-ე დღეს აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან შეიკრიბნენ და ჩვეულ დროზე ადრე რუსთაველის გამზირი სატრანსპორტო მოძრაობისთვის გადაკეტეს, მიუხედავად პოლიციის მცელოდებისა, რომ ამაში ხელი შეეშალა მათთვის.

20:05 –კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ელენე ხოშტარია დააკავეს

პოლიციამ პარლამენტთან კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავა.

18:00 – პარლამენტთან ორი მოქალაქე დააკავეს

ორი დემონსტრანტი დააკავეს პარლამენტთან, როდესაც ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის განცხადებებს აპროტესტებდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა ბრალდებები წაუყენეს მათ.

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები საგამოძიებო კომისიის განცხადებებს
აპროტესტებენ. ფოტო: გიორგი მოსიაშვილი
პარლამენტთან აქტივისტი დააკავეს. ფოტო: გიორგი მოსიაშვილი

17:30 – საპროტესტო აქცია პარლამენტთან

აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაკეთებული განცხადებები გაეპროტესტებინათ. აქციის მონაწილეებმა კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანისა და კომისიის სხვა წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკეს. კომისიის დღევანდელ სხდომაზე ქართველ გენერალს მამუკა ყურაშვილს მოუსმინეს, რომელიც აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსად მსახურობდა.

15:00 – დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ყოფილი თავდაცვის მინისტრის (2004-2006) ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყო და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ოქრუაშვილს ჯარიმა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ასევე ჩამოერთმევა თანამდებობის დაკავების  ან საქმიანობის უფლება ვადით  სამ წლამდე.

13:05 – კოალიციაძლიერი საქართველოსწევრები პროკურატურაში დაიბარეს

ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ „ივანიშვილის რუსული რეჟიმი აგრძელებს ბრძოლას მისი მთავარი ოპონენტის წინააღმდეგ“ და აღნიშნა, რომ „ძლიერი საქართველოს“ ორი თანამშრომელი – ოფისმენეჯერი ეკა გიორგობიანი და იურისტი თორნიკე ართქმელაძე პროკურატურაში დაიბარეს. კუპრაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთი არ აპირებს პროკურატურაში მისვლას და მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლეს მისცემენ ჩვენებას.

ხუთშაბათი, 27 მარტი

15:50 – სტრასბურგის სასამართლომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ საჩივარი წარმოებაში მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო ,,უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის განხილვა და საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო, განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. ორგანიზაციის თქმით, კანონი არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლებას (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს (მე-18 მუხლი). საია აცხადებს, რომ როგორც სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაშია მითითებული, სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. „მსგავსი სტატუსი ენიჭება ისეთ საქმეებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება“, – აცხადებს ორგანიზაცია.

14:30 – ანზორ კვარაცხელია პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ანზორ კვარაცხელია პატიმრობაში დატოვა. აქტივისტი 5 დეკემბერს საპროტესტო აქციის დროს დააკავეს პოლიციელისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ბრალდებით. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე, სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტი და დეტექტივი დაიკითხა. ტვ პირველის ცნობით, ანზორ კვარაცხელიას მოსმენას დანიის საელჩოს წარმომადგენელი დაესწრო.

14:10 – მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოძახებას პოლიტიკურ დევნად აფასებს

ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის სასამართლოში 27 მარტს დაიბარეს, რასაც შესაძლოა მისი დაკავება მოყვეს. მან განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო მთლიანად „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაშია, იგი სასამართლოში წარდგება და დასაბუთებულ არგუმენტს წარადგენს. პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ხაზარაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყო და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ხაზარაძეს ჯარიმა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ოთხშაბათი, 26 მარტი

21:30 – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა

საპროტესტო აქციების 119-ე დღეს აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირი სატრანსპორტო მოძრაობისთვის გადაიკეტა.

20:15 – კონგრესმენი ჯო უილსონი: საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გადამწყვეტია რეგიონული სტაბილურობისთვის

ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ ჯო უილსონმა ხაზი გაუსვა „სტაბილური, აყვავებული და დამოუკიდებელი სამხრეთ კავკასიის“ აუცილებლობას რუსეთის, ირანის და ჩინეთის გავლენის გარეშე. X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვილსონმა ხაზი გაუსვა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების დასრულებას და მათ რეგიონული სტაბილურობისკენ მთავარი ნაბიჯები უწოდა.

სამშაბათი, 25 მარტი

21:10 – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა

საპროტესტო აქციების 118-ე დღეს აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირი სატრანსპორტო მოძრაობისთვის გადაიკეტა.

20:35 – სენატორი შაჰინი ქართველ მომიტინგეებს მხარს უჭერს და MEGOBARI აქტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს  

ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ქართველი დემონსტრანტების მიმართ და მოუწოდა პარტნიორებს მხარი დაუჭირონ MEGOBARI აქტს, რომელსაც სენატი 27 მარტს განიხილავს. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში მან ხაზი გაუსვა მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციებს, რომლებიც დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისკენაა მიმართული. „მომიტინგეები აგრძელებენ მშვიდობიან აქციებს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად”, – განაცხადა შაჰინმა. „მე ვდგავარ ქართველი ხალხის გვერდით და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, შემომიერთდნენ MEGOBARI აქტის მხარდაჭერის საქმეში“.

20:30 – 11 მომიტინგე, მათ შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პროევროპული აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული თერთმეტი პირი პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულებს შორის, რომელთა საქმეებიც ერთად განიხილება, არიან მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და კომიკოსი ონისე ცხადაძე, ასევე გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი. შემდეგი სხდომა 2 აპრილს ჩაინიშნა.

16:15- გიორგი ჩიკვაიძე სამედიცინო შემოწმებასა და ციხეში მკურნალობაზე უარს ამბობს, დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს

დაკავებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც 12 მარტიდან შიმშილობს, სამედიცინო შემოწმებასა და მკურნალობაზე „უსაფრთხოების“ მოტივით უარს ამბობს. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას უარი უთხრეს სასამართლო სხდომაზე გადაყვანაზე. ჩიკვაიძემ აშშ-ისა და ბრიტანეთის საელჩოებს მიმართა და ელჩ რობინ დანიგანთან ან მის წარმომადგენელთან შეხვედრა ითხოვა. მისი თქმით, ორივე საელჩოსთვის ცნობილია მისი საქმის დეტალები.

13:00 – გაეროს სპეციალური მომხსენებელი მომიტინგეების მხარდამჭერი ფონდების დაყადაღების გამო შეშფოთებულია

უფლებადამცველების მდგომარეობაზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოლერი სოციალური მედიის პოსტში აქციის მონაწილეთა მხარდამჭერი ფონდების ანგარიშების დაყადაღების შესახებ საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ძალიან შეშფოთებულია“ ამ ნაბიჯის გამო.  მან ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და უფლებადამცველებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმების გამოძიებისკენ მოუწოდა.

12:00 – „ნაციონალური მოძრაობისხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს და ამის მიზეზია ის გარემოება, რომ ხაზარაძე კომისიის დღევანდელ სხდომაზე, სადაც დაბარებული იყო, არ გამოცხადდა. დღევანდელ სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით.

11:30 – პატიმრობის შესახებ სუბარის მუქარის ფონზე, ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ კომისიას აკრიტიკებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ სხდომა ნავთობკომპანია „მაგნატის“ სავარაუდო წართმევის საკითხის განხილვით დაიწყო. კომისია წინა ადმინისტრაციის პირობებში ბიზნესების სავარაუდო წართმევის საკითხს განიხილავს. კომისიის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა თავისი „ნავთობის იმპერია“ კრიმინალური გზით შემქნა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ბიზნესმენები, მათ შორის კოალიციის „ძლიერი საქართველო“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ჩართულობაში დაადანაშაულა. მან გააფრთხილა, რომ ჩვენების მიცემაზე მათ უარს შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოყვეს, მათ შორის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ პარლამენტს „არალეგიტიმური“ უწოდა და განაცხადა, რომ „ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ“.  „ჯერ ბიძინა დაიბარეთ, როგორც მთავარი დამფინანსებელი ნაციონალური მოძრაობის – ადამიანი, რომელიც 7 ნოემბრის მერეც აფინანსებდა რეჟიმს. კარგად გამოკითხეთ, რამდენი მილიონი აქვს ჩადებული ნაცების მხარდაჭერაში. ბიძინას შემდეგ დაიბარეთ ყველა ის “ნაცმოსამართლე” და პროკურორი, რომლებიც მაშინაც და ახლაც ადამიანების უფლებებს უხეშად არღვევდნენ და შემდეგ წარმატებით გადმოაპორტირეთ “ოცნების” რიგებში“, – წერს ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე. მისი თქმით, ხელისუფლება ბოლო 5 წელია მის წინააღმდეგ „ცილისმწამებლურ ტყუილებს“ ავრცელებს. „სტარსბურგის სასამართლომ ჩვენი სარჩელი ჯერ კიდევ შარშან მიიღო წარმოებაში “ოცნების” მხრიდან ცილისწამებაზე.  დაელოდეთ სტრასბურგის განაჩენს!“, – დასძინა მან.

ორშაბათი, 24 მარტი

21:40 – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა

წინააღმდეგობის 117-ე დღეს აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ გაემართნენ. რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია ტრანსპორტისთვის.

21:12 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი ლიეტუვას სტუმრობს, ქვეყანას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბალტიის ქვეყნებში ვიზიტი ლიეტუვით დაიწყო, რომელსაც მან უწოდა „ქვეყანა, რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა საქართველოს ჩვენს ევროპულ გზაზე“. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან მადლიერება გამოუხატა ლიეტუვას მხარდაჭერისთვის „ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში“.

20:55 – აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა დაიწყეს. აქციის მონაწილეები პროევროპული აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

20:00 – მათე დევიძე პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე სასამართლომ პოლიციელი ლევან კოდელაშვილი გამოკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ დევიძემ მას ხელზე ერთხელ დაარტყა ჯოხი, რის შედეგადაც ხელი მსუბუქად გაუწითლდა.  დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით ედება პოლიციელზე თავდასხმისთვის. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

16:40 – თემურ ქათამაძე 2800 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მედროშე თემურ ქათამაძე 2 800 ლარით დააჯარიმა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორ ნინო ნადირაძის, სავარაუდოდ, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. ქათამაძე 48 დღე შიმშილობდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იგი სწორედ ამ კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

16:00 – ჯაფარიძე და ხაზარაძე ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ დაიბარა

ოპოზიციური კოალიციის „ძლიერი საქართველო“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში დაიბარეს.

13:00 – ჭიათურელი მაღაროელები თბილისში აქციას მართავენ, ხელისუფლებას ქმედებისკენ მოუწოდებენ

ჭიათურელი მაღაროელები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან რიგი მოთხოვნებით საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები წარმოების შეწყვეტის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი თავიანთი გადაუდებელი საჭიროებების მოსაგვარებლად, მათ შორის გადაუხდელი ხელფასების გასაცემად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაუყონებლივი ქმედებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, აქციის მონაწილეები ჭიათურის სამთო მრეწველობის ნაციონალიზაციას ითხოვენ, რაც, მათი თქმით, რეგიონის გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

კვირა, 23 მარტი

21:30 – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

საპროტესტო აქციების 116-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება: ახალი არჩევნების ჩატარება და ყველა დაკავებული აქციის მონაწილის გათავისუფლება.

შაბათი, 22 მარტი

20:30 – მსვლელობა და აქცია MEGOBARI აქტის მხარდასაჭერად

საპროტესტო აქციების 115-ე დღეს, აქციის მონაწილეები ქართული და ამერიკული დროშებით ხელში შეიკრიბნენ, რათა MEGOBARI აქტის მხარდასაჭერად პარლამენტისკენ მსვლელობა მოაწყონ. ორპარტიული აქტი, რომლის განხილვაც აშშ-ის სენატში 27 მარტს გაიმართება, ადამიანის უფლებათა დარღვევისა და დემოკრატიის შელახვისთვის „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.    

მსვლელობა MEGOBARI აქტის მხარდასაჭერად. ფოტო: ნინი გაბრიჭიძე/Civil.ge
მსვლელობა MEGOBARI აქტის მხარდასაჭერად. ფოტო: ნინი გაბრიჭიძე/Civil.ge

11:00 – აშშ-ის სენატის განხილვამდე ხუთი დღით ადრე, ქართველები MEGOBARI აქტის მხარდამჭერ აქციას მართავენ

უკვე 115 დღეა საქართველოში პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება ახალი არჩევნების ჩატარებისა და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნით.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ორპარტიული MEGOBARI აქტის განხილვამდე ხუთი დღით ადრე, თბილისში საღამოს 8 საათზე აქტის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებას და პარლამენტისკენ მსვლელობას გეგმავენ.

პარასკევი, 21 მარტი

22:20 – საია: პარლამენტთან სტუდენტების დაკავება „უსაფუძვლოა“  

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ სტუდენტების დაკავება პარლამენტთან „უსაფუძვლოა“ და სტუდენტურ პროტესტთან რეპრესიული და უკანონო ბრძოლის კიდევ ერთ გამოვლინებას წარმოადგენს.

20:00 – პოლიციამ პარლამენტთან სამი პირი დააკავა

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ სამი პირი, მათ შორის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორი სტუდენტი გოგო დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც ერთ-ერთმა მათგანმა სცადა პლასტმასის სკამები მიეტანა სტუდენტებისთვის, რომლებიც მთელი ღამე პარლამენტთან აპროტესტებდნენ.

19:30 – ქუთაისში მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად ჟურნალისტების აქცია გაიმართა

ქართული ჟურნალისტიკის დღეს, ქუთაისში ჟურნალისტები პატიმრობაში მყოფი კოლეგის მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბნენ. „იბრძოლე, სანამ გვიანი არ არის“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიასთან.

19:00 – სალომე ზურაბიშვილი სსო-ების წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს დირექტორს ეკა გიგაურს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ხელმძღვანელს ნინო დოლიძეს, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელს თამთა მიქელაძეს და სხვებს. მხარეების თქმით, მათ მიმდინარე წინააღმდეგობასა და 31 მარტს დაგეგმილ აქციაზე იმსჯელეს.

17:00 – თემურ ქათამაძე ზურაბიშვილს ლტოლვილის სტატუსის მიღებაში დახმარებას სთხოვს  

ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქემ თემურ ქათამაძემ, რომელსაც ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს და ახლა დეპორტაცია ემუქრება, ციხიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა და სთხოვა მას, მიმართოს პრეზიდენტ მაკრონს მისთვის ლტოლვილის სტატუსის ან საფრანგეთის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.

15:00 – სსო-ები გიორგი ოკმელაშვილის საქმეში დარღვევებზე საუბრობენ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებლის გიორგი ოკმელაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მოძრაობა „ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ რამდენიმე დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, „აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე არის მაგალითი იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ჯერ მიიღეს გიორგი ოკმელაშვილის დაკავების გადაწყვეტილება და შემდგომ დაიწყეს მტკიცებულებების შეგროვება მის წინააღმდეგ”. გიორგი ოკმელაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის 15 მაისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის ბრალდებით – 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავა. 2025 წლის 3 თებერვალს, გიორგი ოკმელაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „ეს სისხლის სამართლის საქმე არის სახელმწიფოს მიერ მისი უფლებამოსილების გადაჭარბების კარგი მაგალითი“, – განაცხადა თოლორაიამ.

11:10 – CMIS პროევროპულ აქციებზე მედიის მიმართ რეპრესიების შესახებ იტყობინება

მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა (CMIS) განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმით აღინიშნა 28 ნოემბრის შემდეგ პროევროპული აქციების დროს მედიის უფლებების დარღვევის შემაშფოთებელი ტენდენცია. კვლევითი ცენტრი აცხადებს, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე ან/და აქციებთან დაკავშირებულ შემთხვევებში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 124 ინციდენტი  მოხდა, რა დროსაც ჯამში 147 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი გახდა რეპრესიების სამიზნე. აქედან, 24 რეპორტიორი ერთზე მეტჯერ  დაშავდა და დაუზიანდა ტექნიკა, ან/და დაშავდა ფიზიკურად, დაჯარიმდა ან საქმე აღიძრა მათ წინააღმდეგ. ფინანსური ჯარიმა, 5000 ლარის ოდენობით, სავალი გზის გადაკეტვის საფუძვლით, პოლიციამ 17 ჟურნალისტს გამოუწერა. ცენტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მედიის მუშაობაში ჩარევა, მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და აღჭურვილობის ჩამორთმევა ან დაზიანება, გახდა ტენდენცია. ასევე იყო შემთხვევები, როცა კრიტიკული პოზიციის გამოთქმის გამო ჟურნალისტები შევიწროვდნენ და გაათავისუფლეს“, – ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაციის თქმით, „დაფიქსრიდა კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო ჟურნალისტების შევიწროებისა და სამსახურიდან გაშვების შემთხვევებიც“.

ხუთშაბათი, 20 მარტი

21:05 – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

საპროტესტო აქციების 113-ე დღეს, მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება.

18:30 – თბილისის საბავშვო ბაღებში რეორგანიზაცია იწყება

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თბილისის მერიის იურისდიქციაში შემავალ საბავშვო ბაღებში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო. 20 მარტს საბავშვო ბაღის თანამშრომლებს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობათ. თბილისის მერიის პრესსამსახურიდან რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ არა მარტო საბავშვო ბაღების გაერთიანებაში, არამედ თბილისის მერიის დაქვემდებარებულ ყველა სხვა უწყებაშია გამოცხადებული რეორგანიზაცია.

17:10 – პარლამენტთან სტუდენტები პოლიციის დაუსაბუთებელ ჩხრეკას ეწინააღმდეგებიან

პოლიციამ პარლამენტთან პროტესტის მონაწილე სტუდენტების ზედაპირული გაჩხრეკა სცადა, რასაც ახალგაზრდების წინააღმდეგობა მოჰყვა. სტუდენტები მოითხოვდნენ, რომ ყოველ ჩხრეკას ქალი პატრულ-ინსპექტორიც დასწრებოდა. ერთ-ერთმა სტუდენტმა გოგონამ განაცხადა, რომ პოლიციელები ცდილობდნენ მისი ჩანთის გაჩხრეკას, მაგრამ მან უარი განაცხადა. „გარშემო არანაირი დანაშაული არ მომხდარა, შესაბამისად, საფუძველს ვერ ვხედავ, რომ ჩემი ჩანთა დაათვალიეროთ-მეთქი“, – აღნიშნა მან.

17:00 – გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს

11 მარტს დაკავებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელმაც შიმშილობა დაიწყო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პენიტენციური დაწესებულების კლინიკაშია გადაყვანილი, ამის შესახებ ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორმა ირაკლი პაპიაშვილმა განაცხადა.

15:40 – ბესელია: ჩიკვაიძე სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა მოათავსონ

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც 11 მარტს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს, უკვე მე-9 დღეა შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება,  თუმცა საავადმყოფოში ჯერ არ არის გადაყვანილი. ადვოკატმა ეკა ბესელიამ, რომელმაც ჩიკვაიძე მოინახულა, განაცხადა, რომ ის ახლა ვერ მოძრაობს და ვერ ლაპარაკობს, თუმცა მტკიცედ რჩება თავის პოზიციაზე, რომ შიმშილობა გააგრძელოს. ბესელიას თქმით, ციხის ექიმმა განაცხადა, რომ ჩიკვაიძეს ციხის ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ, თუმცა ბესელიას თქმით, ეს საკმარისი არ იქნება. „რაც ვნახე ვიზუალურად, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული“, – აღნიშნა ბესელიამ.

15:30 – შვედეთის პრემიერმინისტრი ევროკავშირის მხარდაჭერას ადასტურებს და საქართველოს რეფორმებისკენ მოუწოდებს

შვედეთის პრემიერ მინისტრმა ულფ კრისტერსონმა ევროპული საბჭოს განსახილველ თემებს შორის საქართველოს საკითხის არყოფნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არ ნიშნავს ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის მხარდაჭერის ნაკლებობას. მან შეშფოთება გამოხატა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და რეფორმების განხორციელებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

15:00 – ლატვიის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ქართველები დაიცავენ თავიანთ უფლებებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ, ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტის წინ ჟურნალისტენთან საუბრისას, იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი დაიცავს თავის უფლებებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს და დასძინა, რომ „ლატვიას ყოველთვის ესმის, რამდენად რთულია საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლა, რადგან ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს“.

13:45 – თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი სააპელაციო სასამართლოს მიმართავს, პროკურატურას გამოძიების შეწყვეტისა და ანგარიშებზე ყადაღის მოხსნისკენ მოუწოდებს

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა, რომელიც ფინანსურ დახმარებას უწევს იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააჯარიმეს ან დააკავეს, სარჩელი შეიტანა სააპელაციო სასამართლოში ორგანიზაციის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლითაც მისი ანგარიშები დააყადაღეს. ორგანიზაცია გმობს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას „დაუსაბუთებელს და უკანონოს“ უწოდებს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს პროკურატურას „სასწრაფოდ შეწყვიტოს გამოძიება და მოხსნას ყადაღა ორგანიზაციის ანგარიშებიდან, რათა შევძლოთ უფლებადაცვითი საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება“.

13:00 – სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირებს საიას საჩივარი 2024 წლის არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივი დარღვევის შესახებ

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საჩივარი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხება. საია აცხადებს, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი – თავისუფალი არჩევნების უფლება. საჩივარში აღნიშნულია, რომ არჩევნების დროს „საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილი საჩივარი თავისი შინაარსით პრეცედენტულია და სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, კონვენციის ჭრილში შეაფასოს როგორც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა, ისე არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის სისტემის სამართლიანობა.

12:00 – სახალხო დამცველი საჯარო სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლებებს აკრიტიკებს, დისკრიმინაციის საქმეებს შეისწავლის

სახალხო დამცველი საჯარო სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლების საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ დაუშვებელია ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება სამოქალაქო პოზიციის ან აზრის ღიად გამოხატვის გამო. 2024 წლის დეკემბრიდან, სახალხო დამცველის აპარატი შეეხმიანა სამსახურიდან გათავისუფლებულ 41 პირს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქმისწარმოების პროცედურებისა და აპარატისთვის მომართვის თაობაზე. გათავისუფლებულების ნაწილი უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. ხოლო ნაწილმა სახალხო დამცველის აპარატს მიმართა და მოცემული ეტაპისთვის აპარატი შეისწავლის შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაციის 8 საქმეს, რომელიც ჯამში 15 პირს მიემართება, აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი.

ოთხშაბათი, 19 მარტი

21:00 – აქციები გრძელდება, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

უწყვეტი საპროტესტო აქციების 112-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. მოთხოვნები იგივე რჩება: ახალი არჩევნები და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება. პარალელურად, სტუდენტები განათლების სამინისტროსთან ცალკე საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე მყოფ მომიტინგეებს შეუერთდებიან.

15:15 – გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მერვე დღეს გაუარესდა

დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში ბრალდებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც 11 მარტს დააკავეს, უკვე მერვე დღეა შიმშილობს, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახა. მისმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი პაპიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩიკვაიძეს გადაადგილება უჭირს და ამიტომ ადვოკატთან ეტლით გაიყვანეს. პაპიაშვილის თქმით, ჩიკვაიძეს ხუთი დღის წინ ჰქონდა ხანგრძლივი კრუნჩხვა, „რა დროსაც ვარაუდობენ პენიტენციურის ექიმები, რომ ტვინში მოხდა დაზიანება და ამის შემდგომ ვეღარ გადაადგილდება“. მისივე თქმით, პენიტენციური დაწესებულების ექიმებს აქვთ ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა მას ჰქონდეს მენინგიტი ან ენცეფალიტი. პაპიაშვილმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და შესაბამისი მკურნალობისთვის ჩიკვაიძის დაუყონებლივ საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა.

15:10 – სასამართლომ ნიკა კაცია პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნიკა კაცია პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურამ მას ბრალი ნარკოტიკების შენახვაში წაუყენა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაცვის მხარემ მოსამართლეს დაკავების მომენტში მყოფი ტაქსის მძღოლის გამოკითხვაც სთხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. კაცია 7 დეკემბერს პროევროპული საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.

სამშაბათი, 18 მარტი

21:05 – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პროევროპული საპროტესტო აქციების 111-ე დღეს, აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს. პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტები კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებასა და უკანონოდ დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. პარალელურად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან კიდევ ერთი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოგვიანებით აპირებენ პარლამენტისკენ მსვლელობას, რათა იქ მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ.

17:50 – ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელი 2 000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევაში, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, და 2 000 ლარით დააჯარიმა. 11 იანვარს ამაღლობელმა პოსტერი გააკრა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გაფიცვისკენ მოუწოდებდა, რის გამოც იგი ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს.

17:30 – სასამართლომ თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ ბათუმის აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის სარჩელი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ქათამაძემ არაერთხელ მოითხოვა მოქალაქეობის მინიჭება, თუმცა ამაოდ. საიას ინფორმაციით, ქათამაძე ითხოვს ლტოლვილის სტატუსს, რადგან „თურქეთში მის წინაღმდეგ მიღებულია დაკავების ბრძანება და მას აქვს საფუძვლიანი შიში, რომ საქართველოდან გაძევების შემთხვევაში შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი“.

15:40 – ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამაღლობელის საქმის განხილვა გადადო

„ნეტგაზეთი/ბათუმელების“ დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მას შემდეგ გადაიდო, რაც დაცვის მხარემ საქმეზე ახალი მტკიცებულებების წარდგენის შუამდგომლობა დააყენა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ მოსამართლე ნინო სახელაშვილის აცილება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მას სისხლის სამართლის აუცილებელი კვალიფიკაცია არ გააჩნია. ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განაცხადა, რომ სახელაშვილი არ აკმაყოფილებდა სამართლებრივ მოთხოვნებს, რადგან მას არ აქვს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი სამართალში და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალში აქვს ჩაბარებული გამოცდა. 12 იანვარს დაკავებულ ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით ედება პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე. შემდეგი სასამართლო სხდომა 13 მარტს 13:00 საათზეა ჩანიშნული.

14:40 – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კიდევ ერთ მოქალაქე პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 26 წლის მუსიკოსი, დავით ხომერიკი, რომელსაც ბრალად მოლოტოვის კოქტეილის დამზადება ედება,  პატიმრობაში დატოვა. ხომერიკი 2 დეკემბერს დააკავეს.

14:00 – თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში ბრალდებული ექიმი გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა. ახობაძეს, რომელიც 8 დეკემბერს დააკავეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუმცა, მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ნარკოტიკი მას პოლიციამ ჩაუდო, საპროტესტო აქციებში მისი აქტიური მონაწილეობის საპასუხოდ.

13:00 – ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ პოლიციამ შესაძლოა მის სახლში ჩხრეკა ჩაატაროს

ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელიც „ნანუკას ფონდს“ ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ პოლიციამ შესაძლოა მის სახლში ჩხრეკა ჩაატაროს. „კომპიუტერიდან არაფერს ვშლი. ყველა ინფორმაცია დარჩება, რაც დეტალურად აღწერს რა გაუკეთებია ფონდს“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე. „რუსეთის აგენტების შეტანილი განცხადების საფუძველზე ჩემი დევნა ისეთი პატივია, ახლა მარტო იმაზე ვდარდობ, ეგო როგორ დავაწყნარო“.

სამი ფონდი – ნანუკას ფონდი, Prosperity Georgia და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი  – რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დაჯარიმებულ ან სამოქალაქო აქტივიზმის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ ადამიანებს ფინანსურ დახმარებას უწევდა, 17 მარტს დააყადაღეს. პროკურატურის განცხადების თანახმად, ფონდებმა „უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად“ 2  მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.

ორშაბათი, 17 მარტი

21:30 – აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

საპროტესტო აქციების 110-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. ისინი ისევ ახალი არჩევნების ჩატარებასა და ბოლო სამი თვის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. იმავდროულად, კიდევ ერთი აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან იმართება. მოგვიანებით, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან და იქ მყოფ მომიტინგეებს შეუერთდებიან.  

18:05 – თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ალექსანდრე ეშელაშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი დამნაშავედ ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ქეშელაშვილს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევაში ედება, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას ასევე ედებოდა ბრალი 166-ე მუხლის დარღვევაში, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, თუმცა ეს ბრალი მას მოუხსნეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას მედია ომბუდსმენის შეშფოთება მოყვა, რომელმაც განაცხადა: „დღეს მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო აფართოებს ჟურნალისტური საქმიანობისას მედიაზე ზეწოლის რისკებს“.

ქეშელაშვილი 2024 წლის 29 ნოემბერს პარლამენტთან პროევროპული აქციის დროს  პროფესიულ მოვალეობას  ასრულებდა, როდესაც ის სპეცრაზმელებმა დააკავეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

17:00 – ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე 13 მარტს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გზის სავარაუდო გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დააჯარიმეს.

16:43 – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა. წარმოდგენილი ცვლილებებით შეიზღუდება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება, გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის ან მომსახურების განთავსებისა. ცვლილებებით ასევე შეიზღუდება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

16:00 – საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ცვლილებები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებაში არასამთავრობოების მონაწილეობას ზღუდავს

„ქართული ოცნების“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების როლს გადაწყვეტილებების მიღების პროცეში. ცვლილებების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხების განხილვაში, თუმცა საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება.

12:00 – ომარ ოკრიბელაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს

400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო 2024 წლის 14 მაისს დაპატიმრებული ომარ ოკრიბელაშვილი გლდანის ციხიდან რუსთავის ციხეში იძულების წესით გადაიყვანეს.

კვირა, 16 მარტი

21:30 – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა

საპროტესტო აქციების 109-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. ისინი ისევ ახალი არჩევნების ჩატარებასა და ბოლო სამი თვის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

შაბათი, 15 მარტი

22:40 – ჟურნალისტს, სავარაუდოდ, შსს თანამშრომელი თავს დაესხა

გამოცემა „მთის ამბების“ მთავარი რედაქტორი გელა მთივლიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ სოფელ წეროვანთან, გზატკეცილზე მას შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი დაესხა თავს. ინციდენტის ამსახველი კადრები მოგვიანებით ფეისბუქზე გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ შავებში ჩაცმული შეიარაღებული მამაკაცი აგრესიულად იქცევა და მთივლიშვილს აგინებს.

21:30 – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა

საპროტესტო აქციების 108-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. ისინი ისევ ახალი არჩევნების ჩატარებასა და ბოლო სამი თვის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

15:00 – ომარ ოკრიბელაშვილი, სავარაუდოდ, იძულებით გადაჰყავთ რუსთავის ციხეში

400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო 2024 წლის 14 მაისს დაპატიმრებული ომარ ოკრიბელაშვილი, სავარაუდოდ, გლდანიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაჰყავთ, ამის თაობაზე მისმა მამამ და ადვოკატმა განაცხადეს. მამამისმა ასევე განაცხადა, რომ მას ომარმა დაურეკა და შველა სთხოვა: „მამა მიშველეო, გადაყვანა უნდათ ჩემიო. რატომ, რა მიზეზით, არ ვიცი, ყველაფერი ვერ მითხრა“. ოკრიბელაშვილის მამა აცხადებს, რომ გადაყვანის აღსაკვეთად ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად, იგი მაინც გადაჰყავთ. ადვოკატის თქმით, „ჩვენ დაუყოვნებლივ დავუკავშირდით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც და დღეს ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ იძულებას აქვს ადგილი ომარ ოკრიბელაშვილის მიმართ”.

პარასკევი, 14 მარტი

21:30 – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა

საპროტესტო აქციების 107-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. ისინი ისევ ახალი არჩევნების ჩატარებასა და ბოლო სამი თვის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

17:00 – ევროკომისიის პრესსპიკერი ჰიპერი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპულ გზას საფრთხეს უქმნის

ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია ჩაძირული და ქვეყანა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადამიანის უფლებების გაუარესების მოწმე გახდა. მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დღევანდელი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას. ჰიპერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ მზადაა ყურადღებით დააკვირდეს სიტუაციას და ქართველი ხალხის გვერდით დგომას აგრძელებს.                                         

ხუთშაბათი, 13 მარტი

18:00 – სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერების ფონზე, თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი აკადემიურ საბჭოს ტოვებს

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებამ აქციის რამდენიმე მონაწილე სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერების თაობაზე, მის  აკადემიურ საბჭოში უთანხმოება გამოიწვია. პროფესორმა თამარ ცაგარელმა აკადემიური საბჭოდან წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა და უნივერსიტეტის ეთიკის კომისია სტუდენტების „გაწირვისთვის“ გააკრიტიკა.

„ჩემთვის, ძალიან რთულია ვიყო იმ საბჭოს წევრი, რომელშიც, ახალგაზრდების „მოძულე” აკადემიური პერსონალია“, – წერს ცაგარელი ფეისბუქზე. „რაც შეეხება აკადემიურ თანამდებობას, ნამდვილად არ მოგანიჭებთ, ზოგიერთებს, ამის სიამოვნებას, და ვრჩები არა როგორც თქვენი კოლეგა, არამედ, ჩემი სტუდენტების ლექტორი და მეგობარი“.

00:55 – სტუდენტების პროტესტის ფონზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირი ეთერის დათმობაზე დათანხმდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი, მაუწყებლის წარმომადგენლები და სტუდენტები სიტუაციის გამოსასწორებლად შეიკრიბნენ. შეხვედრის შემდეგ მხარეები პარასკევს 22:00 საათზე პირდაპირ ეთერში შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომლის დროსაც შალუტაშვილი და რამდენიმე სტუდენტი განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციებს გააჟღერებენ.

ოთხშაბათი, 12 მარტი

22:30 – თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები საზოგადოებრივ მაუწყებელთან ეთერს ითხოვენ

აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გრძელდება. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები საზოგადოებრივ მაუწყებელს საეთერო დროის გამოყოფას სთხოვენ.

მაუწყებლის ეთერში მიწვეული იყო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი. სტუდენტები აცხადებენ, რომ შალუტაშვილი ტყუილებს ყვება და ეთერში სტუდენტთა წარმომადგენლის მიწვევას ითხოვენ. უნივერსიტეტის შენობაში პროტესტის გამოხატვის გამო, რამდენიმე სტუდენტს კვირის დასაწყისში სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა.

21:45 – აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

საპროტესტო აქციების 105 დღეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე მოძრაობა კვლავ გადაკეტეს. დემონსტრანტები კვლავ ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას.

17:50 – რვა დაკავებული პატიმრობაში რჩება, სასამართლო პროცესი 24 მარტს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული რვა პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქმის არსებითი განხილვა 24 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება. ბრალდებულებს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს, ვასილ ქაძელაშვილს, გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს მძიმე ბრალი აქვთ წაყენებული. პირველ სამს ძალადობის ორგანიზება და წარმართვა ედებათ ბრალად, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანარჩენებს კი ამ ძალადობაში სავარაუდო მონაწილეობისთვის ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სამშაბათი, 11 მარტი

21:20 – რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

საპროტესტო აქციების 104-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება: ახალი არჩევნების ჩატარება და ყველა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლება.

20:30 – საპროტესტო აქცია თსუ-სთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თსუ-ს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ და, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით, ორი ლექტორის  გათავისუფლებას გმობენ. სტუდენტებმა ასევე დააანონსეს საინფორმაციო კამპანიის დაწყება ამ საკითხის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

ორშაბათი, 10 მარტი

22:00 – აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პროევროპული აქციების 103-ე დღეს, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეიკრიბნენ და მოძრაობა გადაკეტეს.

21:45 – გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ორი მომიტინგე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო მარიოტთან, ორი პირი დააკავეს. ინფორმაცია დაკავებების შესახებ თეა გოგრიჭიანმა ფეისბუქის ჯგუფ „დაიტოვეში“ გაავრცელა. დაკავებულთა ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.

21:30 – სოლიდარობის მსვლელობა თეატრალური უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებული  სტუდენტების მიმართ

თბილისში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებული სტუდენტების მხარდასაჭერად სოლიდარობის მსვლელობა იმართება. პროტესტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით გაიმართა. აქციის მონაწილეები ჯერ თეატრალური უნივერსიტეტისკენ გაემართნენ, სადაც რუსთაველის გამზირისკენ წასვლამდე სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს სტუდენტებს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეებიც შეუერთდნენ მსვლელობას.

20:00 – აქციის 11 მონაწილე, მათ შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ 11 პირი, რომლებიც პროევროპული აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში სავარაუდო მონაწილეობის ბრალდებით არიან დაკავებულნი, პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულები, რომელთა საქმეებიც ერთიან წარმოებაშია გაერთიანებული, არიან მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და კომიკოსი ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი.

დღევანდელი სასამართლო პროცესი ნახევრად დახურულ რეჟიმში გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები სხდომის გახსნას ითხოვდნენ. ყველა ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. შემდეგი სასამართლო სხდომა 25 მარტს 11:00 საათზეა ჩანიშნული.

13:00 – თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მინდაძე პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, გიორგი მინდაძე პატიმრობაში დატოვა. მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით ედება, რაც სამართალდამცავზე თავდასხმას გულისხმოვს. პროკურატურა მას 29 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს პოლიციელისთვის პიროტექნიკის სროლაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც პოლიციელმა ფეხის დაზიანება მიიღო.

11:00 – თეატრალური უნივერსიტეტის მომიტინგე სტუდენტებს სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ „უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის დარღვევის“ მოტივით, სტუდენტის სტატუსი შეუჩერა ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტებს.

კვირა, 9 მარტი

20:00 – SJC მოუწოდებს შსს-სა და თეატრალურ უნივერსიტეტს პატივი სცენ სტუდენტების პროტესტის უფლებას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) მოუწოდებს შსს-ს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „არაკონსტიტუციური“ ზომები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების მიმართ, რომლებიც პროტესტის გამო 5 000 ლარით დაჯარიმდნენ. SJC ასევე მოუწოდებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სტუდენტებს მისცეს პროტესტის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, უზრუნველყოს მათი დაცვა უსამართლო დაჯარიმებისგან და წინასწარი წერილობითი თანხმობით დაუშვას პროტესტის გაგრძელება. ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრებისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლებებია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დაექვემდებაროს. „სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია წარმოადგენდეს სტუდენტთა ინტერესების გამტარ რგოლს და მათ დამცველს, იგი ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის სტუდენტებს პროტესტის განხორციელების პროცესში“, – აცხადებს ორგანიზაცია.

15:00 – თეატრალურ უნივერსიტეტში პროტესტის გამო სტუდენტები 5 000 ლარით დააჯარიმეს

პოლიციამ სტუდენტები 5 000 ლარით დააჯარიმა იმის გამო, რომ საპროტესტო აქციას მართავდნენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის შენობაში, სადაც საპროტესტო აქციები თითქმის სამი თვეა გრძელდება. სტუდენტების თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პოლიცია მას შემდეგ გამოიძახა, რაც დასუფთავების სამუშაოების ჩასატარებლად მათ შენობის დატოვება სთხოვა. როდესაც სტუდენტებმა ალტერნატიული ფართი მოითხოვეს, ადმინისტრაციამ მათ პატარა ოთახი შესთავაზა, რაზეც სტუდენტებმა უარი განაცხადეს. პოლიციამ ისინი ცოტა ხნის წინ მიღებული კანონმდებლობით დააჯარიმა, რომელიც კრძალავს საპროტესტო აქციების ჩატარებას დახურულ სივრცეებსა და შენობებში მესაკუთრის თანხმობის გარეშე.

შაბათი, 8 მარტი

21:00 – ქალთა საერთაშორისო დღეს აქცია „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“ გაიმართა

საპროტესტო აქციების 101-ე დღეს, ქალები სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში – შეიკრიბნენ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. დედაქალაქში ისინი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ. მათ ხელში ციხის სიმბოლური საკნები ეკავათ და პატიმართა, მათ შორის დაპატიმრებული ჟურნალისტი ქალის მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. მსვლელობა პერფორმანსით დასრულდა, რა დროსაც აქტივისტებმა საკნები დაწვეს.

16:00 – აქტივისტმა სანდრო ქინქლაძემ „უსაფრთხოების მოტივით“ საქართველო დატოვა

18 წლის აქტივისტმა სანდრო ქინქლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან და მისმა მეუღლემ, ელენე ხუბულავამ „უსაფრთხოების მოტივით“ საქართველო დატოვეს. ქინქლაძის თქმით, მას, მის მეუღლეს და დედას უთვალთვალებდნენ, რამაც განაპირობა მისი წასვლის გადაწყვეტილება. ქინქლაძე აქტიურად მონაწილეობდა პროევროპულ აქციებში. იგი 2024 წლის 8 დეკემბერს დააკავეს და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის თორმეტდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.  

პარასკევი, 7 მარტი

21:00 – აქციის მონაწილეები პროტესტის მე-100 დღის აღსანიშნავად პარლამენტის წინ იკრიბებიან

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციების მე-100 დღის აღსანიშნავად ხალხი იკრიბება. უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ განცხადების საპასუხოდ დაიწყო, და პოლიციის დარბევისა და რეპრესიების მიუხედავად დღესაც გრძელდება. აქციის მონაწილეები ახალ არჩევნებსა და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, 2025 წლის 7 მარტი. ფოტო: ნინი გაბრიჭიძე/Civil.ge

18:00 – თემურ ქათამაძე დაკავების იზოლატორში დააბრუნეს

ბათუმელი „მედროშე“ თემურ ქათამაძე, რომელმაც შიმშილობა 48 დღის შემდეგ შეწყვიტა, დღეს კლინიკა „ვივამედიდან“ მიგრაციის დეპარტამენტის იზოლატორში დააბრუნეს.

ხუთშაბათი, 6 მარტი

21:35 – ბელგია „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიული თავისუფლებების დაცვისკენ მოუწოდებს

ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაიცვას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატია ამ თავისუფლებების გარეშე ვერ აყვავდება. „არ იქნება პრესის თავისუფლება, არ იქნება დემოკრატია”, – ხაზს უსვამს სამინისტრო. განცხადებაში საუბარია მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე და შეშფოთებაა გამოხატული ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გატარების თაობაზე. ბელგიამ განაცხადა, რომ ისინი შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ და საერთაშორისო ვალდებულებებთან.

21:30 – მოსამართლემ აქციის რვა მონაწილე პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა რვა პირი პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულებს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს, ვასილ ქაძელაშვილს, გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილის – ერთად ასამართლებენ, თუმცა დაცვის მხარე აცხადებს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი ერთმანეთს იცნობენ. ყველა მათგანი გასული წლის დეკემბერში პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

21:00 – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. ასობით მომიტინგე პროტესტს იგივე მოთხოვნით აგრძელებს – ახალი არჩევნები და ყველა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლება.

18:35 – დარიუს ვიტკაუსკასმა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს „სიმამაცის სიმბოლო“ უწოდა

ლიეტუვის ელჩი საქართველოში დარიუს ვიტკაუსკასი დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მოსმენას დაესწრო, მოგვიანებით კი ბათუმელები/ნეტგაზეთის ოფისს ესტუმრა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ვიტკაუსკასმა მხარდაჭერა გამოხატა და ამაღლობელს „ყველა უსამართლოდ დაკავებულის სიმამაცისა და თავდადების სიმბოლო“ უწოდა.  

11:30 – „კრაბ კოფისდამფუძნებლებზე თავდასხმისთვის ერთი პირია დაკავებული

შსს-ს ცნობით, „კრაბ კოფის“ დამფუძნებლებზე კრისტი პირველსა და ბარბარე როკიტაზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ორივე ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციების დროს რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს უფასო სასმელებს სთავაზობდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

თავდასხმის შემდეგ ერთ-ერთმა დაზარალებულმა, კრისტი პირველმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას კბილის შიდა მოტეხილობა აქვს და ელენთის დაჟეჟილობა. „ბარბის ცხვირი აქვს მოტეხილი და ოპერაციაზე შეიყვანეს“. „ჩვენ არაფრის გვეშინია, სახლში ვართ უკვე, ველოდებით გამოძიებას, სამწუხაროდ დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, სანამ გამოძიება მიმდინარეობს“, – დაწერა პირველმა კიდევ ერთ პოსტში „ფეისბუქზე“.

ოთხშაბათი, 5 მარტი

23:30 – 11 დაკავებული მომიტინგე, მათ შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პარლამენტთან პროევროპული საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. საქმე, რომელიც ერთიან სამართალწარმოებაში გაერთიანებულია, ეხება მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, კომიკოს ონისე ცხადაძეს და კიდევ ცხრა პირს: გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკს და ირაკლი კერაშვილს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

სხდომაზე დაკავებული რევაზ კიკნაძის ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის აცილება მოითხოვა, ვინაიდან, მისი თქმით, საქმის განხილვის წინა ღამემდე ცნობილი იყო, რომ მოსამართლე ნინო თარაშვილი უნდა ყოფილიყო. მოსამართლე შვანგირაძემ უარი განაცხადა და სხდომა განაგრძო. ავსაჯანიშვილმა ასევე მოითხოვა პროკურორ ვაჟა თოდუას აცილება, რომელიც ესტონეთმა 3 მარტს დაასანქცირა. თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა.

21:55 – რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება, მოძრაობა გადაკეტილია

ზედიზედ 98 დღეა, რუსთაველის გამზირზე ევროკავშირისა და დემოკრატიის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეებმა მოძრაობა კვლავ გადაკეტეს.

15:00 – თბილისის სასამართლოს მოსამართლემ გიგი გიგიაძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ გიგი გიგიაძეს, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი და დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩია და რომელიც 17 დეკემბერს ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს, სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

13:00 – ევროკავშირი ითვალისწინებს ბალტიისპირეთის ქვეყნების მოწოდებას ოფიციალური პირების დასანქცირების თაობაზე

ევროკავშირის პრესსამსახურმა „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, რომ ისინი ითვალისწინებენ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას საქართველოში რეპრესიულ ზომებში აქტიურად ჩართული პირების დასანქცირების თაობაზე. ხაზს უსვამს რა თავის ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა განახორციელოს შემდგომი ზომები, საჭიროების შემთხვევაში სანქციების დაწესების ჩათვლით.

12:05 – თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა

თემურ ქათამაძემ, რომელიც 48 დღის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა, შიმშილობა შეწყვიტა. იგი აპროტესტებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელმაც მას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

12:00 – ანატოლი გიგაური პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ  „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანატოლი გიგაური პატიმრობაში დატოვა. გიგაური 25 ნოემბერს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია და სასჯელის ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

11:50 – თემურ ქათამაძე ჰოსპიტალიზებულია

თემურ ქათამაძე, რომელიც ზედიზედ 49 დღე შიმშილობს, 15 თებერვალს ჩატარებული ბოლო სამედიცინო შემოწმების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, ქათამაძემ უკვე 20 კილო დაიკლო.

სამშაბათი, 4 მარტი

21:30 – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. ასობით მომიტინგე ახალი არჩევნებისა და ყველა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტს აგრძელებს.

16:00 – EaP CSF ქართულ ოცნებას შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ, ევროკავშირს კი საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებისკენ მოუწოდებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF) მმართველმა კომიტეტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც 26 ოქტომბრის „სადავო“ არჩევნების შემდეგ „შეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“ და მკაცრი ჯარიმები დააწესა. ეს ცვლილებები შეეხო ძირითად კანონებს, მათ შორის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს და სისხლის სამართლის კოდექსს, ნათქვამია განცხადებაში.

EaP CSF მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დარბევა, ჩაატაროს ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, გააუქმოს კანონები, რომლებიც „გაუმართლებლად ზღუდავს ქართველი ხალხის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს“, გაათავისუფლოს საპროტესტო აქციების დროს უსამართლოდ დაკავებული პირები და თავისი ქმედებები ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს შეუსაბამოს. ის ასევე მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს დაგმონ „დრაკონული კანონმდებლობა“, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილსა და „საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ფიგურებს“, მხარი დაუჭირონ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, უშუალოდ ჩაერთონ მომიტინგეებთან და გააგრძელონ ზეწოლა „ქართული ოცნების“ პარტიაზე დემოკრატიული პრინციპების დასაცავად.

13:00 – მუსიკოსს და აქტივისტს დავით გაბუნიას ფიზიკურად გაუსწორდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსსა და სამოქალაქო აქტივისტს დავით (ტორნადო) გაბუნიას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხი თავს დაესხა. მოგვიანებით, მესხმა ფეისბუქის პოსტით დაადასტურა თავდასხმა, ხოლო მისმა თანამოაზრემ ბესო დანელიამ დაპირისპირების კადრები ინტერნეტით გაავრცელა.

12:00 – ჰააგაში იუმორისტ მიშა ანდღულაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ჰოლანდიაში, ჰააგაში, რესტორანთან თავს დაესხნენ კომიკოსს და მსახიობს მიშა ანდღულაძეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს დაპირისპირება, როდესაც რამდენიმე პირი, სავარაუდოდ, ქართველი, ფიზიკურად უსწორდება ანდღულაძეს. ანდღულაძე, რომელიც ცნობილია თავისი პროევროპული პოზიციითა და პროევროპული აქციების მიმართ მხარდაჭერით, ჰოლანდიაში „სთენდ-აფ“ შოუში მონაწილეობისთვის იმყოფებოდა.

ორშაბათი, 3 მარტი

22:30 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მზია ამაღლობელი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი „ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ, ხვალ სასამართლოს წინაშე წარდგება“ და განაცხადა, რომ ის დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს. „ქართული ოცნება აგრძელებს ჟურნალისტების, მომიტინგეებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ დაშინების კამპანიას. ჩვენ გვერდში ვუდგავართ თავისუფლების დამცველებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

20:15 – დედების მარში პარლამენტის შენობისკენ

საპროტესტო აქციის 96-ე დღეს, რომელიც საქართველოში დედის დღეს ემთხვევა, აქციის მონაწილეები დედების მარშისთვის იკრიბებიან, რომელიც ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით გაემართება.

13:45 – თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა 47-დღიანი შიმშილობის ფონზე გაუარესდა

დაკავებული თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, რადგან ის უკვე 47 დღეა შიმშილობს სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე. ქათამაძე, რომელსაც თურქეთში დეპორტაცია ემუქრება, 15 თებერვლიდან უარს ამბობს სამედიცინო შემოწმებაზე. ის თავს სუსტად გრძნობს, უჭირს გადაადგილება და 20 კგ-ზე მეტი დაიკლო, განუცხადა ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა მარიამ გაბროშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქათამაძემ თავი კარგად იგრძნოს და შეძლოს დაესწროს მომავალ სასამართლო პროცესს მის ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით და გამოხატოს საკუთარი პოზიცია.

კვირა, 2 მარტი

22:30 – პროტესტის 95-ე დღე

საპროტესტო აქციების 95-ე დღეს აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს.

შაბათი, 1 მარტი

16:00 – ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აკაკი გვიანიძემ თემურ ქათამაძე მოინახულა

ბათუმის საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან „საქართველოსთვის“ აკაკი გვიანიძე შეშფოთებას გამოთქვამს თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომელიც უკვე 45 დღეა შიმშილობს. გვიანიძის თქმით, ქათამაძე შიშობს, რომ უახლოეს დღეებში დამოუკიდებლად სიარულს ვეღარ შეძლებს. „სიტუაციას უფრო ისიც ამძიმებს, რომ სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე მიმდინარეობს საპროტესტო შიმშილობა“, – წერს გვიანიძე სოციალურ ქსელში დაკავების იზოლატორში ქათამაძის მონახულების შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button