skip to content
ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ საარჩევნო კომისიის წევრების ასარჩევად ბარიერს ამცირებს

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომლითაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ვაკანტურ თანამდებობებზე პარლამენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების ასარჩევად ხმების სამი მეხუთედის მოთხოვნა უქმდება. კანონი, დამტკიცების შემთხვევაში, გააძლიერებს მმართველი პარტიის პოზიციებს ცესკოში.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით წყვეტს  ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და სხვა. „შესაბამისად, გონივრულია აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი გავრცელდეს ცესკოს წევრის არჩევის წესზეც“, – ნათქვამი განმარტებით ბარათში.

შემოთავაზებული კანონმდებლობა ასევე მოუხსნის არასამთავრობო ორგანიზაციებს საკონსულტაციო პროცესში მონაწილეობის სამართლებრივ ვალდებულებას. ეს ცვლილება შეეხება ისეთ მნიშშვნელოვან გადაწყვეტილებებს, როგორიცაა საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევა, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის კანდიდატების შერჩევა და ცესკოს წევრების დანიშვნა.

ეს ნაბიჯი საარჩევნო კოდექსში 2024 წლის 19 მარტს მიღებულ ცვლილებებს მოჰყვა, როდესაც პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია. განახლებული კანონის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და უპარტიო (პროფესიული) წევრების ასარჩევად კონკურსის გამოცხადების უფლებამოსილება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს და არა პრეზიდენტს.

არსებული სისტემით, ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის ასარჩევად პარლამენტის წევრთა 3/5-ის (90 ხმა) მხარდაჭერაა საჭირო; მაგრამ თუ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის 90 ხმით არჩევას ვერ შეძლებს, შემდეგი კენჭისყრით პარლამენტს მისი არჩევა კვლავ სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) შეეძლება. ამისათვის პარლამენტს ორი ცდის შესაძლებლობა ეძლევა. თუკი პარლამენტი  76 ხმით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, ასეთ შემთხვევაში  ცესკოს თავმჯდომარის/წევრის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილება ქვეყნის პრეზიდენტზე გადადის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button