პრეზიდენტმა ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5 მარტს პარლამენტმა მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა. ცვლილებებით იცვლება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და პროფესიული ნიშნით წევრების არჩევის პროცედურა, ასევე უქმდება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლისთვისაა განკუთვნილი.
პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში, პრეზიდენტი პარლამენტს „კომპრომისულ ვერსიას“ სთავაზობს. „იმის გათვალისწინებით, რომ, სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული პარლამენტის მიერ ორმესამედიანი კონსენსუსით ცესკოს თავმჯდომარისა და წევრთა არჩევა, გთავაზობთ, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევისთვის განისაზღვროს სამმეხუთედიანი უმრავლესობა (როგორც ეს განისაზღვრა სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში), ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატმა ვერ მიიღო სამი მეხუთედის უმრავლესობის ხმები, ½-ის უმრავლესობით კანდიდატი არჩეულ იქნება 6 თვის ვადით“, – ნათქვამია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ცესკოს მიმართ ნდობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად“, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნი კოდექსით გათვალისწინებული ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული ცესკოს წევრებიდან არჩეული თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შენარჩუნდეს. რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის არყოფნისას მისი უფლებამოსილების განხორციელებას, პრეზიდენტის თქმით, ეს უფლებამოსილება პარლამენტის მიერ არჩეულმა თავმჯდომარის მოადგილემ უნდა შეასრულოს.
კანონის წინა ვერსიის თანახმად, ასეთ დროს არჩევანი ოპოზიციის მიერ არჩეულ თავმჯდომარის მოადგილეზე კეთდებოდა. ამას მოყვა ბრალდებები მმართველი პარტიის მხრიდან, რომ ოპოზიცია თავმჯდომარის თავიდან მოშორებას გეგმავდა, რათა ცესკოზე არჩევნების წინ კონტროლი დაემყარებინა.
- 26/02/2024 – ცესკოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ ნარატივს იმეორებს და მისი სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო მცდელობაზე საუბრობს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ცესკოს თავმჯდომარის/წევრთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი 2024 წლის 1 მაისამდე გამოცხადდეს.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ რეკომენდაციებთანაა თანხვედრაში.
ახალი კანონით, ცესკოს თავმჯდომარეს და პროფესიული ნიშნით წევრებს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის ასარჩევად პარლამენტის წევრთა 3/5-ის (90 ხმა) მხარდაჭერაა საჭირო; მაგრამ თუ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის 90 ხმით არჩევას ვერ შეძლებს, შემდეგი კენჭისყრით პარლამენტს მისი არჩევა კვლავ სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) შეეძლება. ამისათვის პარლამენტს ორი ცდის შესაძლებლობა ეძლევა. თუკი პარლამენტი 76 ხმით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, ასეთ შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის/წევრის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილება ქვეყნის პრეზიდენტზე გადადის.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/02/2024 – TI საქართველო: საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები წინააღმდეგობაშია ევროკომისიის მოთხოვნებთან
- 19/12/2023 – ვენეციის კომისია შემდგომი საარჩევნო ცვლილებებისა და წინა რეკომენდაციების შესრულების საჭიროებაზე საუბრობს
- 08/05/2023 – „საია“ ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაზე „ოცნების“ ინიციატივას აკრიტიკებს
- 13/06/2023 – პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლითაც ცესკოს ფორმირების წესი იცვლება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)