skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებული ცვლილებები მიიღო

20 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა 81 ხმით მესამე მოსმენით საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლითაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და პროფესიული ნიშნით წევრების არჩევის პროცედურა იცვლება. ცვლილებებით ასევე უქმდება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლისთვისაა განკუთვნილი.

ახალი კანონით, ცესკოს თავმჯდომარეს და პროფესიული ნიშნით წევრებს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის ასარჩევად პარლამენტის წევრთა 3/5-ის (90 ხმა) მხარდაჭერაა საჭირო; მაგრამ თუ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის 90 ხმით არჩევას ვერ შეძლებს, შემდეგი კენჭისყრით პარლამენტს მისი არჩევა კვლავ სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) შეეძლება. ამისათვის პარლამენტს ორი ცდის შესაძლებლობა ეძლევა. თუკი პარლამენტი  76 ხმით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, ასეთ შემთხვევაში  ცესკოს თავმჯდომარის/წევრის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილება ქვეყნის პრეზიდენტზე გადადის.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე/წევრი დაბალი კვორუმით არჩევის შემთხვევაშიც სრული ვადით, 5 წლით, დაინიშნება.

ცესკო-ს შემადგენლობაში 17 წევრია, მათ შორის კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი. 7 წევრს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს და პარლამენტი ნიშნავს, ხოლო 9 წევრი ოპოზიციური პარტიების მიერაა წარდგენილი.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ზრდის პოლიტიკურ ზეწოლას ცესკოზე და ძირს უთხრის ინსტიტუტის ნეიტრალურობას. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილებები არ შეესაბამება ევროკომისიის ცხრა პირობას და რომ მმართველი პარტია უგულებელყოფს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომელიც აშკარად ამ ცვლილებების მიღების წინააღმდეგია.  

იმავდროულად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელსაც ოპოზიცია ირჩევს, იგივე უფლებამოსილება აქვს, რაც ცესკოს სხვა ოპოზიციონერ წევრებს, მხოლოდ ერთი განსახვავებით: მას შეუძლია ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარე ვერ შეძლებს მასზე დაკისრებულ მოვალეობების შესრულებას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „რაღაც მოცემულობა აქვთ მათ [ოპოზიციას] მოფიქრებული თავისთვის, რა მოცემულობაშიც, ალბათ, იციან, რომ თავმჯდომარე აღარ იქნება და მის მოვალეობას შეასრულებს მათი თანაპარტიელი, იმ კაცს შეიძლება რაღაც დამართონ, ვინც არის თავმჯდომარე“. მან იქვე დასძინა, რომ „არ დაუმართიათ, ხალხი არ დაუხოციათ ქუჩაში, თუ ასეთი არ ჩაუდენიათ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button