skip to content
ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

„ქართული ოცნების“ თავდაცვის სამინისტრომ 13 თებერვალს განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 26-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.

შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ გახსნა. მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს სიტყვით აშშ-ის ახალმა თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა მიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება განიხილეს და უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის საჭიროებებზე იმსჯელეს.  

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განიხილა. უმეროვის თქმით, საუბარი შეეხო 2025 წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სტაბილურ და დროულ მიწოდებას, კრიტიკული იარაღის მიწოდების დაჩქარებას, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემები, ავიაცია და საბრძოლო მასალა, ასევე  უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციების გაზრდას ევროპელ პარტნიორებთან ერთობლივი პროექტების მეშვეობით.

შეხვედრაზე ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კიევისთვის ახალი სამხედრო დახმარების გაწევაზე ისაუბრა. ნიდერლანდებმა სამხედრო დახმარების სახით 10 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო. აქედან დაახლოებით 6 მილიარდი ევროა ათვისებული.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი აერთიანებს თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებსა და მაღალჩინოსნებს უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნებიდან, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. ჯგუფი, რომელსაც ასევე “რამშტაინის ფორმატსაც” უწოდებენ, 2022 წლის აპრილში, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით დაარსდა და აერთიანებს 50-ზე მეტ ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button