
კობახიძე მიესალმება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უცხოური დაფინანსების შეჩერებას
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიესალმა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ყველა უცხოური დაფინანსება სამი თვით და იმედი გამოთქვა, რომ „ეს დაფინანსება კიდევ დიდი ხნით გაჩერდება“. მან ასევე განაცხადა, რომ ეს ყველაფერი „წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“ და რომ „ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის“.
„ყველაზე საინტერესო მაინც არის აშშ-ის ახალი ხელისუფლების განცხადებები ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ მათი წინამორბედები ამ გრანტებს, უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის შესატანად, რევოლუციის მოსაწყობად, ქვეყნის ასარევად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი“, – განაცხადა კობახიძემ 31 იანვარს ჟურნალისტრებთან საუბრისას.
მან ასევე გაიხსენა პოლიტიკური არეულობა საქართველოში, განსაკუთრებით უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების დროს. 2023 და 2024 წლებში უცხოელი აგენტების კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ „ჩვენ ვითხოვდით გრანტების საჯაროობას და გახსოვთ, რამხელა ამბავი ატეხეს ამის გარშემო, ორი რევოლუციის მცდელობა დაუკავშირეს ერთ მარტივ რამეს, რომ წელიწადში ერთხელ NGO-ებს უნდა გამოექვეყნებინათ ქართველი ხალხისთვის ინფორმაცია მათი დაფინანსების შესახებ. ამას მოჰყვა 2023 წლის გაზაფხულზე რევოლუციის ერთ მცდელობა, 2024 წლის გაზაფხულზე რევოლუციის მეორე მცდელობა“. „არ შეიძლება, გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები“, – დასძინა მან.
კობახიძის თქმით, აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაცია „დაფინანსებას იყენებდა სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის შესატანად, რევოლუციის მოსაწყობად“. ამ კონტექსტში მან USAID და კერძოდ CANVAS-ის 2022 წლის სექტემბრის ტრენინგი ახსენა და განაცხადა, რომ იქ აქტივისტებს ასწავლიდნენ „როგორ უნდა მიეყენებინათ ბულდოზერი სამთავრობო შენობებზე“. მან გაიმეორა ნარატივი საქართველოში 2020-2024 წლებში რევოლუციის ოთხი სავარაუდო მცდელობის შესახებ.
აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის სავარაუდო სიახლოვის საჩვენებლად, კობახიძემ განაცხადა: „რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი-ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება“. მისი თქმით, ეს ასევე ეხება „უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს და ახლა უკვე ახალი ადმინისტრაციის განცხადებებს“.
მან ასევე აღნიშნა: „ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ „დიფ სთეითი“ საბოლოოდ დამარცხდება აშშ-ში და ასეთ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე შეიცვლება მიდგომა საქართველოს მიმართ. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ძალიან გვინდა მჭიდრო თანამშრომლობა ახალ ადმინისტრაციასთან, უფრო მეტიც, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული კონკრეტული შედეგები, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის“.
აშშ-ის გადაწყვეტილებას უცხოური დაფინანსების შეჩერების შესახებ 22 იანვარს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც გამოეხმაურა და ეს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს დაუკავშირა. მან განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების გავლენით, შესაძლოა, „გამჭვირვალობის კანონი“ საერთოდ აღარ იყოს საჭირო. „ეს გადაწყვეტილება იქონიებს შემდეგ გავლენას, რომ შეიძლება, „გამჭვირვალობის კანონი“ საერთოდ აღარ დაგვჭირდეს. ამით ისიც დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ აუცილებელია“, – დასძინა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- 09/01/2025 – “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” კონგრესს წარედგინა
- 04/01/2025 – ჰელსინკის კომისიის ლიდერებმა კონგრესში MEGOBARI-ს კანონი ხელახლა წარადგინეს
- 01/01/2025 – ჯო უილსონი ივანიშვილის ოჯახისა და ახლობლების სანქცირებისკენ მოუწოდებს
- 04/09/2024 – პრემიერ-მინისტრი: „რადიკალური ოპოზიციის“ ლიდერები თავდასხმის რისკის ქვეშ არიან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)