
ჯო უილსონი ივანიშვილის ოჯახისა და ახლობლების სანქცირებისკენ მოუწოდებს
2024 წლის 30 დეკემბრით დათარიღებული წერილში, რომელიც კონგრესმენმა ჯო უილსონმა სახელმწიფო მდივნის კანდიდატს მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის კანდიდატს მაიკლ უოლტსს გაუგზავნა, იგი მოუწოდებს მათ ბიძინა ივანიშვილზე უკვე დაწესებული სანქციები მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებზეც გაავრცელონ.
ჯო უილსონი მოუწოდებს მათ „პრიორიტეტული ყურადღება დაუთმონ აშშ-ის კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებს, რათა გამოაშკარავონ და გააუქმონ სანქციების თავიდან აცილების ქართული სქემები, თაღლითური ქოლცენტრები და „ქართული ოცნების“ სხვა უკანონო საქმიანობები“. ჯო უილსონი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ოპერაციები ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმს, ხოლო მის კორუმპირებულ კადრებს საშუალებას აძლევს სარგებელი მიიღონ უკრაინაში რუსული აგრესიით.
უილსონი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან „ეს ზომები ურტყამს დე-ფაქტო საქართველოს ხელისუფლების შეცდომაში შემყვან ნარატივს, რომ პროჩინურ, ირანულ და რუსულ ინტერესებთან მისი თანხვედრა მისაღები იქნებოდა პრეზიდენტ ტრამპის ან აშშ-ის ნებისმიერი ადმინისტრაციის პირობებში“.
მისივე თქმით, სანქციების გავრცელება აშშ-ის გადამწყვეტი ქმედება იქნებოდა, რომელიც, მოკავშირეებთან კოორდინაციით განხორციელების შემთხვევაში, პირდაპირ ძირს გამოუთხრიდა საქართველოს რეჟიმის შესაძლებლობას ძალაუფლებაზე მისი არადემოკრატიული კონტროლის შენარჩუნების საქმეში.
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს არის „მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რათა წინ წავწიოთ დემოკრატიის დაცვისკენ მიმართული ჩვენი საერთო მიზნები და დავუპირისპირდეთ მავნე გავლენას მთელ მსოფლიოში“.
ივანიშვილი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 27 დეკემბერს დაასანქცირა „რუსეთის ფედერაციის საკეთილდღეოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის შელახვის გამო“.
ასევე წაიკითხეთ:
- 30/11/2024 – აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს
- 11/07/2024 – აშშ-ის MEGOBARI აქტი კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო
- 05/07/2024 – აშშ-მა საქართველოში სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ „განუსაზღვრელი ვადით“ გადადო
- 06/06/2024 – აშშ-მა ათობით საქართველოს მოქალაქეს სანქციების პირველი ტრანში დაუწესა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)