
საქართველოს ელჩი ბულგარეთში ევროკავშირთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო თანამდებობას ტოვებს
ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს „2028 წლამდე“ აჩერებს.
„ჩემი ხანგრძლივი დიპლომატიური სამსახურის განმავლობაში (ორ ათეულ წელზე მეტი), მე აქტიურად ვიყავი ჩართული ჩემს კოლეგებთან ერთად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წინსვლასა და მყარი და სანდო სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაში ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენს დაუღალავ ძალისხმევას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეექმნას საფრთხე“, – წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.
მან სოლიდარობა გამოუცხადა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს.
ოთარ ბერძენიშვილი ბულგარეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას 2023 წლიდან იკავებდა. მანამდე 2022 წლიდან 2023 წლამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი. 2017 წლიდან 2022 წლამდე ბერძენიშვილი იყო საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეაში. დიპლომატიურ სამსახურში იგი ორი ათწლეულია მსახურობს.
აქციის მონაწილეებს სოლიდარობა ასევე გამოუცხადა საქართველოს ელჩმა კორეის რესპუბლიკაში, თარაშ პაპასკუამ, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: „დღეს, როცა რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას, აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა!!“
რამდენიმე თვის წინ საქართველოს ელჩმა საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილმა თანამდებობა დატოვა „ქართული ოცნების“ მიერ რუსული ტიპის უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების გამო.
საგარეო საქმეთა სამინისტროში უკმაყოფილება ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ გამძაფრდა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის ქუჩებში მომიტინგეები დაარბია, ქართველმა დიპლომატებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ემიჯნებიან მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ. ხელმომწერთა რაოდენობა იზრდება და ამჟამად 113-ს შეადგენს.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/11/2024 – ელჩი ჰერჩინსკი: სრულიად ახალი, „გულსატკენი“ რეალობა
- 29/11/2024 – შსს: 43 მომიტინგე დაკავებულია, 32 პოლიციელი დაშავდა
This post is also available in: English Русский