skip to content
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში 591 მილიონი აშშ დოლარის სავალუტო რეზერვები გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში 591 მლნ აშშ დოლარის სავალუტო რეზერვები გაყიდა, რაც, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ერთი თვის განმავლობაში რეკორდული ოდენობაა. ამ თანხიდან 213.4 მილიონი აშშ დოლარი სავალუტო აუქციონზე გაიყიდა, ხოლო 377.7 მილიონი აშშ დოლარი Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციის თანხა იყო.

ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური კლიმატის ფონზე ეროვნული ვალუტის დევალვაციის თავიდან აცილების მიზნით, ოქტომბერში ეროვნულ ბანკს ოთხჯერ მოუწია აუქციონზე რეზერვების გამოტანა. სებ-ში აცხადებდნენ, რომ მისი ინტერვენციები მიზნად ისახავდა „არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციას“.

„ორთვიანმა დანაშაულებრივმა საარჩევნო კამპანიამ გაანიავა ქვეყნის სავალუტო რეზერვები“, – დაწერა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ფეისბუქზე. გოცირიძემ ადრეც გამოხატა შეშფოთება სავალუტო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და გააფრთხილა, რომ სავალუტო რეზერვების ხშირი და დიდი ოდენობით გაყიდვები შეიძლება სახიფათოდ მიუახლოვდეს კრიტიკულ დონეს.

მთლიანობაში სებ-მა წლის პირველ ათ თვეში 917 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა და 329 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, ანუ წმინდა გაყიდვებმა 588 მილიონი დოლარი შეადგინა. ქვემოთ მოცემულია 10 თვეში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების დეტალური სტატისტიკა:

  • იანვარი – Bmatch-ზე 8.1 მილიონი აშშ დოლარის შესყიდვა;
  • თებერვალი – Bmatch-ზე 77.5 მილიონი აშშ დოლარის შესყიდვა;
  • მარტი – Bmatch-ზე 127.9 მილიონი აშშ დოლარის შესყიდვა;
  • აპრილი – Bmatch-ზე 73.1 მილიონი აშშ დოლარის შესყიდვა;
  • მაისი – აუქციონზე 108.7 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვა და Bmatch-ზე 9.1 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვა;
  • ივნისი – აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვა და Bmatch-ზე 42 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვა;
  • ივლისი – Bmatch-ზე 1.9 მილიონი აშშ დოლარის შესყიდვა;
  • აგვისტო – Bmatch-ზე 41 მილიონი აშშ დოლარის შესყიდვა;
  • სექტემბერი – Bmatch-ზე 106.5 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვა;
  • ოქტომბერი – აუქციონზე 213.4 მლნ აშშ დოლარის გაყიდვა და Bmatch-ზე 377.7 მლნ აშშ დოლარის გაყიდვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button