სებ-ის მიერ ოქტომბერში რეკორდული რაოდენობის აშშ დოლარის გაყიდვას სავალუტო რეზერვების მკვეთრი შემცირება მოყვა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბერში მან 627 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. საპარლამენტო არჩევნების წინ განხორციელებულ ოთხ სავალუტო ინტერვენციას ქვეყნის სავალუტო რეზერვის მნიშვნელოვანი შემცირება მოყვა, რომელიც 4.71 მილიარდი აშშ დოლარიდან 4.08 მილიარდ აშშ დოლარამდე დაეცა. ეს ერთი თვის მანძილზე დაფიქსირებული ყველაზე დიდი კლებაა ბანკის ისტორიაში.
ამ კლების მთავარი მიზეზი იყო სებ-ის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული ოთხი სავალუტო ინტერვენცია, მათ შორის 213 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვა და, სავარაუდოდ, Bmatch პლატფორმით დამატებითი ინტერვენციების განხორციელება. როგორც Business Media იტყობინება, პირდაპირი სავალუტო ინტრვენციებისა და Bmatch პლატფორმით განხორციელებული გაყიდვების გარდა, რეზერვების კლებაზე სავარაუდოდ გავლენა იქონია სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვამაც, თუმცა აღნიშნული სტატისტიკაც ამჟამად ხელმისაწვდომი არაა. გაყიდული რეზერვების მოცულობის შესახებ დაზუსტებული სტატისტიკა მხოლოდ 25 ნოემბერს გახდება ცნობილი.
„თუ 2023 წლის აგვისტოს თვეში ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვები იყო 5.44 მილიარდი დოლარი, დღეისათვის, როგორც ვნახეთ, არის 4.08 მილიარდი, ანუ ერთ წელიწადზე ოდნავ მეტ პერიოდში იგი 1.36 მილიარდი დოლარით შემცირდა და კრიტიკულ ზღვარს მნიშვნელოვნად ჩამოსცდა. ამ მოცულობის რეზერვები, საგარეო გადახდების მოცულობასთან შედარებით, BB რეიტინგის მქონე არცერთ ქვეყანას არა აქვს. მალე დღის წესრიგში ამ რეიტინგის გადახედვის საკითხიც დადგება“, – წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე „ფეისბუქზე“.
თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელი, არვინდ რამაკრიშნანი სებ-ის გადაწყვეტილებას შეეხო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სექტემბრის ბოლოსთვის რეზერვების დონე მიმდინარე ანგარიშის გადახდების მხოლოდ 2.6 თვეს ფარავს. მისი თქმით, ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რეკომენდებულ მინიმალურ ზღვარზე, სამ თვეზე დაბალია.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)