სალომე ზურაბიშვილი: დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
22 ნოემბერს ტელეკომპანია „მთავართან“ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, მის მოგვარებასთან დაკავშირებულ იმედებზე და საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საჭირო შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ინტერვიუს დასაწყისში განაცხადა, რომ ხალხმა იმედი არ უნდა დაკარგოს „მოპარული არჩევნების“ გამო და პირველ რიგში საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. მან აღნიშნა, რომ იგი ემიგრანტების ოჯახიდანაა, რომელსაც, ისევე როგორც სხვა ქართველ ემიგრანტებს, ყოველთვის ჰქონდა დაბრუნების, საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების იმედი. ახლა, როცა ეს დამოუკიდებლობა მიღწეულია, პრეზიდენტის თქმით, „ქართული ოცნება“ მის წართმევას ცდილობს, მაგრამ „ეს არ არის ის მოცემულობა, რომელსაც უნდა შევეგუოთ“.
„არ შევეგუოთ. პირველ რიგში არ უნდა შევეგუოთ ამ მოპარულ არჩევნებს. არჩევნები არ შედგა. ასე რომ ვისტუმრებდეთ, ადვილად, იმ ხელისუფლებებს, რომლებსაც აქვთ ავტორიტარიზმისა და დიქტატურისკენ მიდრეკილება, მსოფლიო იქნებოდა სულ სხვა“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „ადვილად არავის არ ვისტუმრებთ, მაგრამ მოცემულობა არის ასეთი, რომ არჩევნები არ შედგა. ისე მასიურად, ისე სისტემურად გააყალბეს, რომ ეს ყველას დასანახად დევს. ამითი უნდა იცხოვრონ მათ რომ ასე გააყალბეს ეს არჩევნები“.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკვე თვეზე მეტია, რაც „მთელი დემოკრატიული მსოფლიო არ აღიარებს“ ქართული ოცნების გამარჯვებას. მან მაგალითად დასავლელი პარტნიორების რეაგირება მოიყვანა და განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ ქვეყნების უმეტესობას მმართველი პარტიისთვის არჩევნები არ მიულოცია იმას ნიშნავს, რომ ამ ფაქტს არავინ ცნობს, „ამერიკიდან არ არის არანაირი ნიშანი აღიარების, არც ძველი და არც ალბათ ახალი ადმინისტრაციიდან“.
სამომავლო ნაბიჯებზე საუბრისას, პრეზიდენტი ოპოზიციის გეგმებს შეეხო, რომელიც მანდატებზე უარს ამბობს და სიების ჩახსნას გეგმავს. მისი თქმით, ზოგიერთ პარტიას შეიძლება განსხვავებული გეგმები ჰქონდეს იმის შესახებ, თუ როგორ გააკეთოს ეს, თუმცა, ვარაუდი, რომ არსებული ვითარება 2020 წლისას გავს არასწორია.
„ის პარტიები რომ არ შევლენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ არ შევლენ – უაზრო შედარებები 2020-თან, რომელიც სულ სხვა რამ იყო, იქ არ იდგა საკითხი ქვეყნის მომავლის, პირიქით, ევროპელები ამბობდნენ, რომ შედით პარლამენტში და არ იყო განცდა საზოგადოებაში, რომ ქვეყანა მიდის სხვა მიმართულებით; რომ მასიურად გაყალბდა არჩევნები; ის განცდა, რომ მოგვიპარეს არჩევნები… ამიტომ ძალიან განსხვავებული სიტუაციაა დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ “სანამ არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, „ოცნება“ რჩება მარტო. დღეს არიან სულ სხვა მდგომარეობაში: მარტო არიან პარლამენტში, მარტო არიან მთავრობაში – ერთპარტიულია მთავრობა და პარლამენტი და ყველა ინსტიტუტი, რაც ქვეყანაში არსებობს, არის სრულად დამოკიდებული ამ ერთ პარტიაზე და ამ ერთ ადამიანზე”.
- 22/11/2024 – 25 ნოემბერს დაგეგმილ პარლამენტის პირველ სხდომას, სავარაუდოდ, მხოლოდ „ქართული ოცნება“ დაესწრება
ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი პრეზიდენტიც იქნება ამ დაქვემდებარებული ვერტიკალის ნაწილი და გაიხსენა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის კომენტარი, რომ ისეთი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ, რომელიც „იმედებს არ გაგვიცრუებს“. პრეზიდენტმა განაცხადა: „ანუ პრეზიდენტზე მოთხოვნა არის ის, რომ სრულად იყოს დამოკიდებული, როგორც არის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა, სუს-ი, ეროვნული ბანკი, აბსოლუტურად მთელი სახელმწიფო გახდა ერთი პარტია და ერთი პარტია ერთი ვერტიკალის ქვეშ, ამას რა ჰქვია? – რუსეთი“.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მან აღნიშნა, რომ არსად არ წავა, აქ იქნება, ვადის ამოწურვის შემდეგ კი წინააღმდეგობას გააგრძელებს, თუმცა რა ფორმით და რა პოზიციიდან აპირებს ამას, არ დაუკონკრეტებია.
იმ იზოლაციაზე საუბრისას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ელოდება, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამის პირველი ნიშანი ძალიან მალე გამოჩნდება და ეს იქნება ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი. მან აღნიშნა, რომ საქართველოს აღარ აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, გაყიდა თავისი ეროვნული რეზერვების დიდი ნაწილი და არ არის ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, რომელსაც შეუძლია გაუძლოს იზოლაციას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ხელახალი არჩევნებია.
რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას საქართველოსთან დაკავშირებით, მისი თქმით, ქვეყნები, რომლებმაც წარსულში ამდენი ფული და ენერგია დახარჯეს საქართველოს განვითარებაზე, „ყველაფერს ვერ წაიღებს უკან, მაქსიმუმ იქნება ინდიფერენტული და აღარ ჩაერთვება ჩვენ პროცესებში, რაც ნიშნავს, რომ იზოლაცია იქნება სრული. მე მგონი, რომ ეს ჩამოშლის ამ ხელისუფლებას, შიდა და გარე იზოლაცია“.
დასავლეთის სანქციებზე საუბრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ ყოფილა რაიმე კონკრეტული ფინანსური სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მიმდინარე პროცესებზე. „მე ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების. შეიძლება, იყოს შეზღუდვები სხვა ფორმით, შეზღუდვები ყველა იმ დახმარებებზე, რომლებზეც ჩვენი ბიუჯეტი და ჩვენი პროგრამები ძალიან დამოკიდებულია. ეს გააძლიერებს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს, მაგრამ პერსონალური სანქციები ბევრად უფრო რთულია ევროკავშირისთვის, რადგან ის დამოკიდებულია კონსენსუსის წესზე და 27 ქვეყანაზე. ამერიკა ამ ინსტრუმენტს უფრო კარგად მართავს და მე რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს საუბრები და მოლაპარაკებები ამერიკასა და ევროკავშირს შორის იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
- 20/11/2024 – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან მიმართებით შემდგომ „სათანადო ზომებს“ მიიღებს
რაც შეეხება კითხვას, ურჩევნია თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იზოლაცია რუსეთთან დასაახლოებლად, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ მიაჩნია, რომ ეს არის მიზანი და აღნიშნა, რომ ივანიშვილსაც კი ეშინია რუსეთის, რადგან მან კარგად იცის, როგორ იშორებს რუსეთი იმ ადამიანებს, ვინც აღარ სჭირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ არ მიაჩნია, რომ ხალხს, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, რუსეთი უნდა, რადგან „ქართული ოცნების“ კამპანია, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეში, იმ ილუზიის შექმნას ცდილობდა, რომ ისინი ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრენი იყვნენ. პრეზიდენტის თქმით, ის ფაქტი, რომ მოსახლეობის 80%-ს და მათ შვილებს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, ნიშნავს, რომ მათი ნების საწინააღმდეგოდ წასვლა დიდი რისკია „ქართული ოცნებისთვის“.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა, თუ რატომ არაა ამდენი ხალხი, მათ შორის თავადაც, კმაყოფილი ოპოზიციით. მისი თქმით, ოპოზიციის წარუმატებლობა, რომელიც ახლა შეინიშნება, გამოწვეულია იმით, რომ ისინი წინასაარჩევნო პერიოდში არ ემზადებოდნენ ქუჩის აქციების სამართავად, არამედ ემზადებოდნენ „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული რეფორმების განსახორციელებლად.
მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, პრეზიდენტი იმედს არ კარგავს: „ყველაფერი ხდება, ქარტიაც შესრულდება, დარწმუნებული ვარ. ეს არის ჩვენი გზა, კრიზისიდან გამოსვლის გზა… ახალი არჩევნები უთუოდ იქნება. ამ ქვეყნის მომავალი და ბედი თუ არის, რომ იყოს სტაბილური და გაგრძელოს თავისი წინსვლა, რისიც მჯერა, მაშინ იქნება ახალი არჩევნები, იქნება ტექნიკური მთავრობა, იქნება კოალიცია“.
დასასრულს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა: „საკმარისია, რომ იმ სამ მოსამართლეს, რომლებმაც ჩემი იმპიჩმენტის საქმის დროს დადო განსხვავებული მოსაზრება, დაემატოს სამი ადამიანი და ამ ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს გადაარჩენენ. მე მინდა, რომ მივმართო მათ – დაფიქრდით, ერთი თუ ორი წელი დაგრჩათ, ღირს იმისთვის, რომ ისტორიაში შეხვიდეთ, როგორც ამ ქვეყნის მოღალატე თუ ღირს იმისთვის, რომ შეხვიდეთ, როგორც ნამდვილი გმირები? ერთი მოსამართლე ვნახეთ გმირი, არჩევნების დროს და დაიმსახურა მთელი ქვეყნის სიყვარული. არ გინდათ, რომ ქვეყნის სიყვარული დაიმსახუროთ?“, – დასძინა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- 20/11/2024 – ამიხსენი | რას ნიშნავს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი ახალი პარლამენტისთვის
- 18/11/2024 – პრეზიდენტი: „არჩევნები არ შედგა და აუცილებელია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)