ამიხსენი | რას ნიშნავს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი ახალი პარლამენტისთვის
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ არ სჯერა მისი დამოუკიდებლობის და, შესაბამისად, სასამართლოსგან არც მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას ელის.
„მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ ქვეყანაში არც ერთი სამართლებრივი დავა მაინც არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ ვცადოთ და ბოლომდე არ გამოვცადოთ“, – განაცხადა მან 18 ნოემბერს მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ოფიციალური საბოლოო შედეგები გამოაცხადა და არჩევნებში გამარჯვება ხმების 54%-ით „ქართულ ოცნებას“ მიაკუთვნა.
რას ეხება პრეზიდენტის სარჩელი?
პრეზიდენტი თავის სარჩელში აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპი დაირღვა (საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი):
- ხმის მიცემის ფარულობა – პრეზიდენტი იზიარებს ფართოდ გავრცელებულ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან მელნის გაჟონვამ ცხადყო, რომელ პარტიას მისცა ამომრჩეველმა ხმა;
- ხმის მიცემის საყოველთაობა – პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ხმის მიცემის უფლება სახელმწიფომ უგულებელყო იმით, რომ არ უზრუნველყო მათ მიერ ხმის მიცემის უფლების გამოყენება.
პრეზიდენტი ითხოვს, რომ სასამართლომ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არაკონსტიტუციურად ცნოს. მან საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 19 ნოემბერს შეიტანა. პარალელურად, მოქმედი პარლამენტის 30-მა ოპოზიციონერმა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკე სარჩელით მიმართა და ისინიც შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ.
თუმცა, მცირე იმედი არსებობს იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ნაკლებადაა დამოუკიდებელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლესგან, რომელიმე ამ სარჩელს დააკმაყოფილებს. წარსულში სასამართლომ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, მთავრობის ნებართვის გარეშე ევროპაში განხორციელებული სამუშაო ვიზიტების გამო; სასამართლომ ასევე უარი თქვა უცხოელი აგენტების შესახებ კანონის დროებით შეჩერებაზე.
გულუბრყვილო ნაბიჯი თუ ჭკვიანური სტრატეგია – როგორია თამაშის წესები?
ექსპერტების თქმით, საკონსტიტუციო სარჩელები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების შედეგებს, აჩერებს ახალი პარლამენტის მოწვევისა და ფორმირების პროცესს.
ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) განმარტავს თუ როგორ: პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე იქმნება დროებითი სამანდატო კომისია; მას ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას. დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ დოკუმენტებს და დეპუტატების ერთიან სიას პარლამენტს გადასცემს, რის შემდეგაც პარლამენტი დეპუტატების უფლებამოსილებებს ცნობს.
თუმცა, ამავე წესით, „დოკუმენტში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში“.
პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას მხოლოდ 150 დეპუტატიდან სულ მცირე ორი მესამედის, ანუ 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ შეიძენს. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს, ეჭვქვეშ აყენებს 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერებას.
„დროებითმა სამანდატო კომისიამ არ უნდა შეიყვანოს არც ერთი არჩეული წევრის სახელი და გვარი შესაბამის დადგენილებაში“, წერს საია და დასძენს, რომ „ამ შემთხვევაში პარლამენტი ვერ შეძლებს სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას, რაც გამოიწვევს პარლამენტის პირველი სხდომის შეწყვეტას“.
„ამრიგად, საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში“, – აცხადებს საია.
საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღების ცენტრში
სანამ პრეზიდენტი ზურაბიშვილი არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას დააანონსებდა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პირველი სხდომის თარიღად 25 ნოემბერი დაასახელა.
ამ თარიღამდე ხუთი დღე რჩება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ასეთ მოკლე ვადაში საქმე განიხილოს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ სასამართლოს ჯერ პრეზიდენტის სარჩელის დასაშვებობაზეც კი არ მიუღია გადაწყვეტილება. თუმცა, მისი დამოუკიდებლობის არარსებობის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის სარჩელს დააკმაყოფილებს.
კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება, ეს თითქმის ერთი თვით გააჭიანურებს ახალი პარლამენტის მოწვევის პროცესს. „სანამ საქმე საკონსტიტუციოში იქნება, პარლამენტი ვერ ცნობს საკუთარ უფლებამოსილებას. რეგლამენტის მიხედვით, მას არავითარი დისკრეცია არ აქვს“, – განაცხადა მან.
რას ფიქრობს „ქართული ოცნება“?
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 19 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტს არ გააჩნია სამართლებრივი უფლებამოსილება, შეაჩეროს ეს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრის შეტანით და დასძინა, რომ კანონმდებლობაში ასეთი ნორმა არ არსებობს.
თუმცა, მდინარაძის განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი, ისევე როგორც პარლამენტის წევრთა სულ მცირე ერთი მეხუთედი და სახალხო დამცველი ის სამი სუბიექტია, რომელთაც არჩევნების მარეგულირებელი სტანდარტების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ.
იმავდროულად, 20 ნოემბერს, ცესკო-მ განაცხადა, რომ პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადაცემს, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად. მაგრამ ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელი ასევე სთხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს, შეაჩეროს საარჩევნო კოდექსის ეს მუხლი, რადგან, როგორც სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა, ნაციონალური მოძრაობის წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა, „ყველა მანდატი სადავოა“.
„თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაუყოვნებლივ არ ჩანიშნავს განმწესრიგებელ სხდომას და არ განიხილავს სარჩელებს, ის გავა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მოქმედების ფარგლებიდან“, – განაცხადა კორძაიამ.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/11/2024 – თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა
- 30/10/2024 – საია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)