skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი: „არჩევნები არ შედგა და აუცილებელია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები“

18 ნოემბერს ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „არჩევნები არ შედგა და აუცილებელია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები“. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გარდამავალ პერიოდში 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობა უნდა გაგრძელდეს. მან ასევე გააფრთხილა პოლიტიკური დესტაბილიზაციის შესახებ და განაცხადა, რომ აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრის შეტანას ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევის გამო.

აღნიშნა რა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახლა თავისი, როგორც „ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის, როგორც ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი ინსტიტუტის არჩევნების შეჯამება უნდა წარმოგიდგინოთ: უპირველესად, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპებით და სტანდარტებით  არაერთ კონვენციაში ასახული, გარანტირებული, მთავარი უფლებები – ერთი, ხმის მიცემის ფარულობა და მეორე, ხმის მიცემის საყოველთაობა, რომლითაც ემიგრანტების საარჩევნო უფლებები იქნა უგულებელყოფილი“.

„ყველამ ვიცით და ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ და სისტემური გაყალბების სქემებს, რომლებიც მოიცავდა როგორც წინასაარჩევნო ასევე, არჩევნების დღის პერიოდს. დაირღვა ასევე, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლება – საარჩევნო საჩივრები განხილული ყოფილიყო სამართლიანად და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებს არ აღიარებს პრეზიდენტი, არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და საზოგადოების დიდი ნაწილი და „განაგრძობს თავის სამართლიან პროტესტს და შეუგუებლობას“. „არ აღიარებს ამ არჩევნებს არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ თავს იკავებენ, რომ არჩევნებზე თქვან – ეს არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და თავისუფლად“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, არჩევნებიდან სამი კვირის თავზე, „არცერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს აღიარებული ეს არჩევნები, ხაზს უსვამენ პირიქით, დარღვევებსა და განიხილავენ სხვადასხვა ზეწოლის ზომებს“.

განაჩენი გამოტანილია, განაცხადა მან, „ეს არჩევნები არ შედგა“. პრეზიდენტის თქმით, ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანა „ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში იმყოფება და მეტსაც ვიტყვი, ქვეყანას სერიოზული საფრთხეები ემუქრება. ერთი ასეთი საფრთხეა დესტაბილიზაცია, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას, რასაც როგორც ვხედავთ, ყოველდღიურად ხელს უწყობს უაღრესად აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების ორგანიზებული პროპაგანდა. პოლიტიკურ არასტაბილურობას შესაძლოა, მოჰყვეს ასევე გარე დესტაბილიზაცია გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების მაგივრად, ირჩევს იზოლაციას, რაც ახასიათებს დღევანდელ ხელისუფლებას; ამავე დროს, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც ყველა პარამეტრების მიხედვით კარზე მოგვადგა“.

აღნიშნა, რომ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, იგი ამას არ დაუშვებს, სალომე ზურაბიშვილმა თავისი გეგმა წარმოადგინა, რომელიც გულისხმობს:

  1. ახალი არჩევნების ჩატარებას, რაც შეიძლება მალე. თუმცა ეს, მისი თქმით, რამდენიმე გადამწყვეტ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა საერთაშორისო გამოძიება სისტემური დარღვევების გამოსავლენად, რომლებიც უნდა გამოსწორდეს, „თუ გვინდა, რომ მივიღოთ და (გვინდა ნამდვილად) ახალი, სამართლიანი, თავისუფალი და არა გაყალბებული არჩევნები“.
  2. 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელებას. „ჩვენ ვაგრძელებთ იმ არსებული პარლამენტით, მთავრობით და თუნდაც, პრეზიდენტით, იმისთვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი, ახალ არჩევნებამდე, იყოს მაქსიმალურად სტაბილური“.

მან ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა აუცილებელია და დასძინა, რომ საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს პროტესტი: „თქვენი პროტესტის გარეშე ჩემი ძალისხმევა არაფერი არ იქნება“.

პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, გადახედოს გაცხადებულ მიზანს პარლამენტის მოწვევის შესახებ, რომელსაც არავინ ცნობს.

This post is also available in: English Русский

Back to top button