თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა
თითქმის 24-საათიანი უჩვეულოდ ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ საჩივრები 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმი მიცემის ფარულობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით. სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური, თუმცა სადავო, შედეგები ძალაში დატოვა.
საია ყველა იმ უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვდა, სადაც კენჭისყრა ელექტრონულად ჩატარდა, ვინაიდან აცხადებდა, რომ არჩევნების დროს ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა, რადგან ბიულეტენები იმდენად თხელი იყო, რომ შესაძლებელი იყო ქაღალდის მეორე მხარეს დანახვა, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.
- 30/10/2024 – საია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს
საიას ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ის კვლავ ამტკიცებს, რომ არჩევნების დროს ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა აღმოსავლეთ საქართველოს ყველა საარჩევნო უბნის საჩივრები და საბოლოოდ, საია-ს და „ჩემი ხმის“ მიერ შეტანილი 26 საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ანალოგიურად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ასევე განიხილა დასავლეთ საქართველოს უბნებთან დაკავშირებული საჩივრები, რის შედეგადაც საია-ს სარჩელები არ დააკმაყოფილა.
სასამართლოს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა რომ დაედასტურებინა, ხმების უმრავლესობა გაბათილდებოდა, რაც ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას წარმოშობდა. ამ განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე გააუქმა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას ადრინდელი გადაწყვეტილებაც, რომელიც ერთადერთი მოსამართლე იყო, რომელმაც დაადასტურა, რომ ხმის მიცემის ფარულობა მართლაც დაირღვა. მისი ამ ნაბიჯის გამო, ხუჭუა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მედიის, ანონიმური ვებგვერდებისა და სოციალური მედიის ანგარიშების მხრიდან დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე გახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის უჩვეულო ხანგრძლივობა საია-მაც გააკრიტიკა, რომლის თქმითაც, სასამართლომ დაარღვია სამართლიანი სასამართლოს უფლების ძირითადი კონსტიტუციური პრინციპია, რომ სამართალწარმოება უნდა წარიმართოს გონივრულ ვადებში. მისივე თქმით, გადაწყვეტილებების მიღება არაუგვიანეს გუშინ, ღამის 12:00 საათამდე უნდა მომხდარიყო.
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საია-ს ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ მოსამართლეებს თავიანთ გადაწყვეტილებაზე განმარტება არ გაუკეთებიათ.
სხდომას თავმჯდომარეობდა მოსამართლე დავით ახალბედაშვილი, კოლეგიის წევრები კი მოსამართლეები გოჩა დიდავა და დიმიტრი გვრიტიშვილი იყვნენ. 6 ნოემბერს, სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე, მოსარჩელეებმა შუამდგომლობა შეიტანეს საქართველოს სასამართლო სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოსამართლედ მიჩნეული დიმიტრი გვრიტიშვილის აცილების თაობაზე, როგორც მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ მისი უარყოფითი პოზიციის გამო. თუმცა, კოლეგიამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლის აცილებაზე უარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც განაცხადა, სადაც კოლეგიის ერთ-ერთი წევრი იყო შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის მამა, შოთა სირაძე. მოსამართლის აცილება „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)