skip to content
ახალი ამბები

საქართველოში ევროპის საბჭოს პრესის თავისუფლების მისიის საბოლოო დასკვნა

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 25 ოქტომბერს საქართველოში პრესის თავისუფლების მისიის საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის ეგიდით, სახელწოდებით „პრესის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ, მზარდი პოლარიზაცია და შიშის კლიმატი“. RSF არის პლატფორმისა და „სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაცია, რომელმაც მისიაში მიიღო მონაწილეობა. ანგარიშში წარმოდგენილია დასკვნები საქართველოს მიერ გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების ვალდებულებების შესრულებასთან, მათ შორის, მიმდინარე საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით.

RSF იუწყება, რომ მისიის დროს დამკვირვებლებმა დაადგინეს „პრესის თავისუფლების გაუარესება მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე“. ორგანიზაცია ხაზს უსვამს: „ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ ინსტრუმენტებისა და მექანიზმების ფართო სპექტრი გამოიყენება განსხვავებული ხმების, მათ შორის დამოუკიდებელი ჟურნალისტების დისკრედიტაციისა და ჩასახშობად. ჩვენ გვინდა გამოვუცხადოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ჟურნალისტებს, პრესის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით შეშფოთებულები ვიყავით, მაგრამ  შეძრწუნებული ვართ იმით, რაც აქ მოვისმინეთ“.

ანგარიშში აღწერილია მედიის „უკიდურესი პოლარიზაცია“, „მზარდი რეპრესიული“ კანონმდებლობა და სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, რაც ხელს უშლის ადამიანებს მედიაში მშვიდობიანად მუშაობაში. RSF ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტები ხშირად გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის დისკრედიტაციისთვის, და რომ ეს მტრული გარემო – და დაუსჯელობა, რომლითაც სარგებლობენ ძალადობასა და დაშინებაზე პასუხისმგებელი პირები – სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოქალაქეების უფლებას მიიღონ სანდო ინფორმაცია.

„მუქარა, შევიწროება, შეურაცხყოფა, არასათანადო სასამართლო პროცესი, თვალთვალი… ჩვენ ვხედავთ ჟურნალისტების დაშინების მზარდ შემთხვევებს, როგორც ეს ამ ანგარიშშია აღწერილი. ამ შოკისმომგვრელი მოვლენებისა და პრორუსული დეზინფორმაციული კამპანიების ფონზე, RSF დემოკრატიულ ცვლილებებს ითხოვს. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა – განსაკუთრებით „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ამჟამად ხელისუფლებაშია – უნდა უზრუნველყონ ქვეყნის ვალდებულებების პატივისცემა ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და სანდო ინფორმაციის უფლების შესახებ“, – განაცხადა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟანა კაველიემ.

RSF-ის რეკომენდაციები

ანგარიშის ბოლო ნაწილში ჩამოთვლილია რეკომენდაციები საქართველოში პრესის თავისუფლების გასაუმჯობესებლად, მათ შორის:

  • ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო და თავისუფალი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების გაშუქება დაბრკოლებისა და ჩარევის გარეშე;
  • დასრულდეს ცილისწამებისა და დეზინფორმაციული კამპანიები, ასევე სიტყვიერი თავდასხმები ჟურნალისტებზე, რომლებიც მაღალი დონის პოლიტიკოსებისა და ოფიციალური პირების ხელმძღვანელობით ხორციელდება;
  • გადაიხედოს მედიაზე ზემოქმედების მქონე კანონმდებლობა, რომელიც არ შეესაბამება გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს. გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“;
  • მედიის საკანონმდებლო ბაზის სათანადო განხორციელების უზრუნველყოფა, რა დროსაც ყურადღება უნდა გამახვილდეს ინფორმაციაზე თავისუფალ წვდომაზე;
  • დასრულდეს დაუსჯელობის ციკლი ჟურნალისტებზე თავდასხმის ყველა შემთხვევის საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებით;
  • უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო და ფინანსური დამოუკიდებლობა;
  • ინფორმაციის თავისუფალი ხელმისაწვდომობის შესახებ კანონის განხორციელებასთან დაკავშირებული ორგანოს შესაძლებლობების გაძლიერება და ინფორმაციის თავისუფლების აქტის პარლამენტში წარდგენა;
  • კონკრეტული ქმედებების განხორციელება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად; მედიისა და განსხვავებული ხმების დისკრედიტაციისა და ჩასახშობად სასამართლოების გამოყენების დასრულება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button