მედიაომბუდსმენი: არჩევნების დღე ჟურნალისტების მიმართ ძალადობითა და დაშინებით გამოირჩეოდა
საქართველოს პარლამენტის არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით, ნათქვამია მედიაომბუდსმენის შეფასებაში, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხება. „კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების და გავრცელების პროცესი იყო უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი“, – ნათქვამია ამავე შეფასებაში, რომელიც 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
მედიაომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებთან „ქართული ოცნების“ მიერ ძალადობრივი ჯგუფები იყო მობილიზებული. „აგრესია განსაკუთრებით საშიში ხდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლის, კონტროლის, მოსყიდვის ფაქტების დოკუმენტირებისა და დაფიქსირების მცდელობისას“.
უსაფრთხოების მიზნით მედიას შემთხვევის ადგილის დატოვება მოუწია. მედიაომბუდსმენის თქმით, ხშირ შემთხვევაში პოლიცია გამოძახების მიუხედავად ადგილზე არ მიდიოდა, საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები არ რეაგირებდნენ ხელშეშლაზე, რის გამოც „მთელ რიგ უბნებზე მედიისთვის მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა“.
„დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება“, – ნათქვამია შეფასებაში.
მედიაომბუდსმენი მედიის მიმართ ძალადობის თითოეული შემთხვევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ჩაატაროს ყველა მათგანზე სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება. „კენჭისყრის დღეს მედიის წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი დანაშაულის გამოძიება ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც განსაზღვრავს საარჩევნო პროცესების სანდოობას“, – ნათქვამია შეფასებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/10/2024 – საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი მიგნებები და დასკვნები
- 27/10/2024 – NDI-სა და IRI-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასება საქართველოს არჩევნების შესახებ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)